Connect with us

ჯანმრთელობა

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: რა განსხვავებაა ჰიპო– და ჰიპერთირეოზს შორის?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით დაავადებულთა 60%–მა შეიძლება საკუთარი დაავადების შესახებ არც კი იცოდეს. ხშირად სიმპტომები საკმაოდ ბუნდოვანია და შეიძლება ჰგავდეს დაღლილობას, ენერგიის დაბალ დონეს ან უბრალოდ ცუდ განწყობას. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში დაავადების განკურნება ან კომპენსირება შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში, მის შესახებ უნდა იცოდეთ.

დღეს გასწავლით, როგორ განასხვაოთ ფარისებრი ჯირკვლის 2 ყველაზე გავრცელებული დაავადება – ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი.

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი ვლინდება მაშინ, როცა ფარისებრი ჯირკვლები ძალიან ბევრ სპეციფიკურ ჰორმონს აწარმოებენ. დიაგნოზის დასასმელად ყველაზე საიმედო მეთოდია სისხლის ანალიზის ჩაბარება და ექოსკოპია. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული სიმპტომები და ნიშნები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • სიცხის ან სიცივის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა
  • წონის უკონტროლო კლება
  • გაზრდილი შფოთვა ან ნერვიულობა
  • გახშირებული გულისცემა
  • დაძინების პრობლემები, ხშირი გაღვიძება
  • გაღიზიანება, განწყობის ცვლილებები
  • ხელის კანკალი
  • ნაწლავების უფრო აქტიური მუშაობა

ჰიპოთირეოზი

ამ დაავადებას შეიძლება ჰიპერთირეოზის  ერთგვარი სარკე ვუწოდოთ: ფარისებრი ჯირკვლების მუშაობა ნელდება, სისხლში ნაკლები ჰორმონი ხვდება და ორგანიზმში ბევრი სისტემის მოქმედება ნაკლებად აქტიური ხდება. აი, ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოთირეოზით დაავადების დროს:

  • წონის მოულოდნელი მატება ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე
  • უფრო ნელი პულსი
  • კანის სიმშრალე
  • ყაბზობა
  • სიცივის აუტანლობა
  • გაზრდილი დაღლილობა
  • სახის შეშუპება
  • ოფლიანობის შემცირება
  • დეპრესია

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპო– ან ჰიპერთირეოზი?

იმის მიუხედავად, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ მიდრეკილება უფრო გენეტიკურია (თუ თქვენს რომელიმე ოჯახის წევრს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ), ზოგიერთი ფაქტორი ამ დაავადებების განვითარების ალბათობას ზრდის.

ჰიპოთირეოზის და ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება ქალებში, რომლებსაც ორსულობის დროს 1–ლი ტიპის დიაბეტი ან ავთვისებიანი ანემია განუვითარდათ. არახელსაყრელი გარემო და გადატანილი ინფექციური დაავადებები ფარისებრი ჯირკვლების დაუცველობას ზრდიან. გარდა ამისა, ექიმები იოდის შემცველი პროდუქტებით გატაცებას არ გირჩევენ: ამ მინერალის გადაჭარბებამ შეიძლება ჰიპერთირეოზის განვითარება გამოიწვიოს.