Connect with us

ჯანმრთელობა

8 ქალური დაავადება, რომელთა ალბათობა 50 წლის შემდეგ მკვეთრად იზრდება

50 წლის შემდეგ ქალების უმეტესობა მენოპაუზის პერიოდს გადის. ამ დროს ორგანიზმი სერიოზულ დატვირთვას განიცდის და ბევრი სახიფათო დაავადების განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. დღეს გიამბობთ, თუ ამ ასაკში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ამ დაავადებების ალბათობა 50 წლის შემდეგ მატულობს, მაგრამ დროული პროფილაქტიკა რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. მთავარია: სუსტი ადგილების შესახებ იცოდეთ და მათ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ.

ოსტეოპოროზი

მენოპაუზის დადგომიდან ყოველწლიურად ჩვენი ძვლები და სახსრები სულ უფრო მყიფე ხდება. ესტროგენი, ჰორმონი, რომლის დონეც მენოპაუზის დროს მკვეთრად მცირდება, ძვლების სიმკვრივის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მენოპაუზის შემდეგ პირველი 5 წელი ქალები ძვლოვანი მასის 20-30%-ს კარგავენ. გახსოვდეთ გაზრდილი რისკის შესახებ, კალციუმი რეგულარულად მიიღეთ, ძალოვანი ვარჯიშები შეასრულეთ, ალკოჰოლის, ნატრიუმის და ტკბილი სასმელის მიღება შეზღუდეთ, რომლებიც ძვლებიდან კალციუმს „გამოდევნიან“.

ღრძილების დაავადება

ესტროგენის კლების კიდევ ერთი შედეგი – პაროდონტოზი და კბილების დაკარგვა. საქმე იმაშია, რომ კალციუმის გამოდევნა არა მხოლოდ ჩონჩხის ძვლებიდან, არამედ მყარი ყბიდანაც ხდება, რომელშიც კბილების ფესვებია მიმაგრებული. მენოპაუზის შემდეგ ქალებში კბილების დაკარგვის და პაროდონტოზის რისკი არსებითად იზრდება. ამასთან, მენოპაუზის შემდეგ ბევრი ქალი პირის სიმშრალეს, ღრძილების რბილი ქსოვილის ტკივილს და წვას, ასევე გემოს აღქმის ცვლილებას უჩივის. სწორედ ამიტომ, პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და სტომატოლოგს ხშირად ეწვიეთ.

აპნოე

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძილის აპნოეს (მდგომარეობა, როცა ძილის დროს სუნთქვის შეჩერება ხდება და შედეგად სისხლი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს) შემთხვევების 90% ქალებში დიაგნოსტირებული არაა – მიჩვეული ვართ, რომ ეს კაცების დაავადებაა. მენოპაუზის შემდეგ ბევრ ქალს შეიძლება ეს დაავადება აწუხებდეს, უბრალოდ მათში ჩვეული სიმპტომები არ არსებობს, როგორიცაა ხვრინვა ან გაზრდილი ძილიანობა დღის პერიოდში. უძილობა, დილით თავის ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია და გაზრდილი შფოთვა ექიმთან მისვლის მიზეზი უნდა გახდეს.

შაქრიანი დიაბეტი

თქვენ რისკ-ჯგუფში ხართ, თუ მენოპაუზა ადრე (46 წლამდე) ან გვიან (55 წლის შემდეგ) დაგეწყოთ. მაშინაც კი, თუ მენოპაუზა „ნორმალურ“ ასაკში გადაიტანეთ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგან ესტროგენის დეფიციტი ინსულინის მიმართ რეზისტენტობას ზრდის. ასევე რისკს ზრდის მაღალი არტერიული წნევა ორსულობის დროს (პრეეკლამფსია), დიაბეტი ორსულობის დროს (გესტაცოიდური დიაბეტი) ან საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი.

გულის დაავადებები

ესტროგენი, რომელსაც მენოპაუზამდე საკვერცხეები აწარმოებენ, გულის ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს, კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის, ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სისხლძარღვებს აფართოებს, სისხლის ნაკადს ზრდის და არტერიული წნევის მატებას და ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას აფერხებს. გასაოცარი არაა, რომ მენოპაუზის შემდეგ ქალებში გულის დაავადებების რისკი მკვეთრად იზრდება: 46-65 წლის ასაკში ყოველ მერვე ქალს რაიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს, ხოლო 65 წელს ზემოთ ეს წილი ყოველ მეოთხე ქალზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ინფარქტის, გულის შეტევის და ინსულტის ნაადრევი ნიშნების ცოდნა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ძუძუს კიბო

ასაკის მატებასთან ერთად ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი იზრდება: 30 წლის ქალისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში დაავადების რისკი 1:227 შეადგენს, ხოლო 60 წლის ასაკში რისკი უკვე 1:28 – თითქმის 10-ჯერ მეტი! მედიცინას ძუძუს კიბოს განვითარების სრულად გამორიცხვის გამოცდილი მეთოდი არ აქვს, მაგრამ ერთი ფაქტორი არსებობს, რომელიც მასზე გავლენას ახდენს – ჭარბი წონა. მენოპაუზის შემდეგ რაც უფრო ნაკლებს მოიმატებთ, მით უფრო უკეთ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე.

შარდსასქესო სისტემის დაავადებები

ესტროგენის დონის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე მილის კედლების დასუსტება და შარდის შეუკავებლობის განვითარება (შარდის გადინება, როცა იცინით ან აცემინებთ). მენოპაუზის შემდეგ ქალები საშარდე გზებით ინფექციების რეციდივის მიმართ უფრო მიდრეკილნი არიან.

ღვიძლის დაავადებები

მენოპაუზის დროს ღვიძლს მავნე ალკოჰოლის, ინფექციის ან ჭარბი ცხიმის ზემოქმედების შემდეგ აღდგენა უჭირს. სწორედ ამიტომ, 55 წლის შემდეგ რაციონს ყურადღება მიაქციეთ და ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ.