Connect with us

თავის მოვლა

საშინაო ბალზამი მშრალი კანისთვის: ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი დაგეხმარებათ

სილამაზის ინდუსტრია მუდმივად პროგრესირებს, ყველგან ვაწყდებით ახალ-ახალ საშუალებებს სახისა და სხეულის კანის მოვლისათვის. მათი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია წელიწადის ცივ ან ცხელ დროს, როცა ჩვენი კანი ყველაზე მეტად ზიანდება.
დღეს ჩვენ მოვამზადეთ ბალზამის რეცეპტი მშრალი კანისთვის – იგი მარტივად ჩაანაცვლებს აფთიაქის კრემებს და იქცევა უნივერსალურ საშუალებად აბსოლუტურად მთელი სხეულის კანის მოვლისთვის. დროულად მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შეუდექით მზადებას.

კანის სიმშრალის მიზეზები

თითქმის ყველა ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი პრობლემა – სხეულის კანის სიმშრალე. არსებობს რამდენიმე გავრცელებული მიზეზი მისი გაჩენისა:

1. იყენებთ შხაპ-გელებს ან საპნებს, რომელთა შემადგენლობაშიც ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები შედის. ისინი აქტიურად ანადგურებს კანის დამცავ ფენას და იწვევს მის გამოშრობას.

2. კრემი, რომელსაც კანზე ისვამთ, არასაკმარისად ცხიმიანია, ამიტომ ვერ ინარჩუნებს ტენს მის ქვეშ.

3. ცივი ამინდები, როცა ძლიერი ყინვების ან ზედმეტად მშრალი ჰაერის დროს კანი ტენს კარგავს და იქერცლება.

4. გამომშრალი ჰაერი იმ ოთახში, რომელშიც დროის დიდ ნაწილს ატარებთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გამათბობლების სეზონზე, როცა ბინასა და ოფისში ტემპერატურა ძალიან მაღალია.

5. არასწორად შერჩეული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებებიც იწვევს კანის გამოშრობას.

როგორ გავთავისუფლდეთ კანის სიმშრალისგან

საბედნიეროდ, თუ მშრალი კანის პრობლემამ თქვენამდეც მოაღწია, მისი მარტივად გადაწყვეტა შეგიძლიათ. ამისთვის საკმარისია:

1. არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით კანის მოვლის საშუალებები. იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი და მიმართეთ ტრადიციულ პროცედურებს: გაწმენდა, ტონუსში მოყვანა და დატენიანება.

2. შეარჩიეთ კრემი მხოლოდ მშრალი კანისთვის. ის ჩვეულებრივზე უფრო ცხიმიანი და დელიკატურია.

3. შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი – ეს დაგეხმარებათ ბინაში ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში.

4. გამოიყენეთ დამცავი კრემები ქუჩაში გასვლამდე. ხელის კანს ხელთათმანებით დაიცავთ, ხოლო სახე კოსმეტიკური საშუალებებით უნდა “დაფაროთ”.

ამ მარტივი წესების დაცვაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მშრალი კანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ხოლო ამ პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და დაჩქარებისთვის გთავაზობთ ბალზამის მომზადებას მშრალი კანისთვის, საშინაო პირობებში.

მშრალი კანის ბალზამის რეცეპტი

ამ ბალზამის გამოყენება მთელ სხეულზე შეგიძლიათ. მას ანტიბაქტერიული, სოკოსსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ამიტომ, თამამად წაისვით ღრმა ჭრილობებსა და ნაკაწრებზე.

ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  • 200 მლ ქოქოსის ზეთი(ცივი დაწურვის)
  • 200 მლ ზეითუნის ზეთი
  • 4 ს.კ. ფუტკრის ცვილი
  • 1 ჩ.კ. Е ვიტამინი
  • 10 წვეთი ლავანდას ეთერზეთი
  • 8 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 6 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ზეთი Е ვიტამინის შემცველობით

ზეითუნისა და ქოქოსის ზეთები შეურიეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა ორთქლის აბაზანაზე. სანამ ბალზამის ბაზისი მზადდება, აიღეთ 4 150მლ-იანი შუშის ქილები – მათში ბალზამი უნდა მოათავსოთ. თითოეულ ჭურჭელში მოათავსეთ თანაბარი რაოდენობის ეთერზეთები, შემდეგ დაასხით ქოქოსისა და ზეითუნის მასა, არ გაავსოთ პირთამდე. გააგრილეთ ბალზამი სრულ შესქელებამდე და დაახურეთ თავსახური. ეს საშუალება 1 წლამდე ინახება.

კანის დატენიანების გარდა, ბალზამი ეფექტურია მწერის ნაკბენისა და ტუჩების დახეთქვის დროსაც. ასევე, ეს საშუალება შეგიძლიათ შეაზილოთ ბავშვსაც პამპერსის მიერ გაღიზიანებულ ადგილებში.

ბალზამის გამოყენება შეგიძლიათ არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრსაც, ცხოველების ჩათვლით – ნებისმიერი ჭრილობა და ნაკაწრი კატაზე ან ძაღლზე ამ ბალზამით შეგიძლიათ დაამუშავოთ.