Connect with us

კულინარია

წვნიანი კატლეტები ნებისმიერი ხორცით: ფარშთან მუშაობის ხრიკები

უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ერთ დასკვნამდე მივედი: ყველაზე გემრიელი კატლეტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როცა ფარში სწორად მომზადებულია. ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მაგრამ მე უფრო სწრაფი ვარიანტი მომწონს.

მომცრო ნაჯახით (დიდი დანით) ხორცის დაქუცმაცებას დიდი დრო სჭირდება. დროის მიხედვით მეორე ადგილზეა ხორცსაკეპ მანქანაში ხორცის ხელით გატარება. ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ვარიანტი – ფარშის მომზადება ელექტრო ხორცსაკეპ მანქანაში. ის ავტომატურ რეჟიმზე მუშაობს და ხორცის გადასამუშავებლად სახელურის მუდმივად ტრიალი არ სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ სწორი ფარში

ელექტრო ხორცსაკეპ მანქანას ზედაპირზე დამაგრება არ სჭირდება და მარტივი გამოსაყენებელია. პირადად, მე, წვენის გასაწურად და შინაურული ლაფშის მოსამზადებლად ვიყენებ. მის გარეშე კატლეტის გაკეთება ვერ წარმომიდგენია! ფარში მისთვის (და არა მხოლოდ) იდეალური რომ გამოვიდეს, ყოველთვის გახსოვდეთ 5 მთავარი წესი!

ხორცსაკეპის არჩევა

საჭრელი თავის არჩევის მიხედვით ფარში შეიძლება გამოვიდეს მსხვილი, საშუალო და წვრილი. თითოეული მათგანი სხვადასხვა კულინარიული მიზნისთვის გამოგადგებათ.

  • პირველი – კატლეტის, ტოლმის, ლაზანიას და სხვა კერძებისთვის, სადაც დიდი ხორცის ნაჭრების არსებობა გონივრულია.
  • მეორე – პელმენისა და ვარენიკისთვის.
  • მესამე – ღვეზელისა და ხინკლისთვის, ასევე ტერინისა და ფრიკადელისთვის.

მე ავირჩიე ხორცსაკეპი მანქანა, რომელსაც რამდენიმე თავი მოყვება. ასე შემიძლია სახლის პირობებში სამივე ტიპის ფარში მოვამზადო. წვრილი ფარშის თავი იდეალურია თევზის კატლეტისთვის – მასში ერთი ძვალიც არ ხვდება.

შესაფერისი ხორცი

ყველაზე გემრიელი კომბინირებული ფარშია, ანუ ორი სახეობის ხორცისგან მომზადებული. ჩვეულებრივ, კლასიკურ ვარიანტს ვირჩევ – საქონლის ხორცი ღორის ხორცთან ერთად. ცხიმიან ნაწილებს ვირჩევ, რადგან მჭლე ხორციდან მშრალი კატლეტი გამოდის.

ძროხის ხორცს ღორის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ქათმის ფილე ან ახალი ცხვრის ხორცი. ფრინველის ხორცის მოყვარულებს შეუძლიათ ინდაურის და ქათმის ხორცის ნარევი გამოიყენონ. თუ რაღაც ორიგინალური გსურთ, ბატის და იხვის ხორცების ნარევი სცადეთ.

დამატებითი ინგრედიენტები

ფარშს კვერცხს და უმ კარტოფილს პრინციპულად არ ვუმატებ. მათ გარეშეც გემრიელი გამოდის. აი, რძეში ჩალბობილი თეთრი პურის რბილობი ზედმეტი არაა. ის ფარშს სინაზეს მატებს და გემოს აბალანსებს. ზოგჯერ პურის ნაცვლად საფანელს ვიყენებ.

თუ ფარში ზედმეტად სქელია, ცოტა რძით ან ნაღებით (ნაკლებად ცხიმიანი) გააზავეთ. ცოტა ხახვი დაუმატეთ – 1–2 ხახვი 1 კგ ფარშზე. არომატისთვის რამდენიმე კბილი ნიორი აუცილებლად დაუმატეთ! თუ კატლეტში ხახვი–ნივრის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ხართ, მხოლოდ მარილით და სანელებლებით შემოიფარგლეთ.

ჟანგბადით გამდიდრება

გემრიელი ფარში ჰაეროვანი ფარშია. ამის მიღწევას „დანაყვით“ შეძლებთ.

  1. ამისთვის დიდი საჭრელი დაფა მოამზადეთ. თუ არ გაქვთ, მაგიდაზე საკვები პარკი გადააფარეთ.
  2. სამუშაო ზედაპირს მცენარეული ზეთი წაუსვით.
  3. ფარში ერთ გუნდად შეაგროვეთ.
  4. 20-25 სმ სიმაღლეზე ასწიეთ და მთელი ძალით ქვემოთ სწრაფად დაუშვით. უბრალოდ დადება საკმარისი არაა.
  5. 10-15-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ ფარში დაამრგვალეთ და კატლეტები გააკეთეთ.

ფარშის „დაყენება“

ეცადეთ, ფარში მომზადებისთანავე არ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, თუ ლოდინის დრო არ გაქვთ, კატლეტები ან ჩებურეკები შეგიძლიათ დაუყონებლივ მოამზადოთ. როცა არ გეჩქარებათ, ფარში მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ. ასე „მომწიფდება“ და უფრო გაჯერებული გახდება, რადგან დამატებითი ინგრედიენტებით კარგად გაიჟღინთება.

ამ მარტივი წესების დახმარებით ფარშს ისე მოამზადებთ, როგორც საუკეთესო რესტორნებში!