Connect with us

საკითხავი

ფერმენტირებული თაფლი: რა გავაკეთოთ, თუ თაფლი ქილიდან გადმოდის და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება

როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ყალბისგან? ყოველჯერზე, როცა თაფლს ყიდულობთ, დიდი შანსია, რომ მოტყუებული დარჩეთ. სუპერმარკეტში თაფლზე გამოყენების ბოლო თარიღს უთითებენ. სწორედ აქ, სიფრთხილე გმართებთ, რადგან ნატურალურ თაფლს გამოყენების ვადა არ აქვს! რა თქმა უნდა, გარკვეული ნიუანსები არსებობს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ განასხვაოთ შინაურული თაფლი ყალბისგან და რა გააკეთოთ, თუ თაფლი დადუღდა.

ნატურალური შინაურული თაფლი

არაკეთილმოსურნე გამყიდველები თაფლში შაქარს ურევენ, რაც მის ხარისხსა და გამოყენების ვადას ამცირებს. იმის გასარკვევად, თუ რომელი თაფლია თქვენს წინაშე, ერთ–ერთი შემდეგი მეთოდი გამოიყენეთ:

  1. ნატურალური თაფლი ხელს არ ეწებება. თაფლის წვეთი ხელისგულზე დაიწვეთეთ და შეიზილეთ. თუ თაფლი კანში შეიწოვა და ხელი არ გაიწება, მაშინ ხარისხიანი პროდუქტია.
  2. 1 ჩ/კ თაფლი ქაღალდის ცენტრში დააწვეთეთ. ქაღალდის კუთხე, სადაც თაფლი წასმული არ გაქვთ, დაწვით. ნატურალური თაფლი, შაქრისგან განსხვავებით, არ იწვის.
  3. ნატურალური თაფლი ყალბისგან შეგიძლიათ სკრეპით განასხვავოთ. ცოტა თაფლი კოვზით ამოიღეთ და სანთებლით დაწვით, შემდეგ თაფლში სკრეპის კუთხე ჩადეთ. შაქარში გაზავებული პროდუქტი ლითონს დაწვავს, ხოლო ნატურალური თაფლი უბრალოდ ჩამოიწვეთება და კვალს არ დატოვებს. თუ თაფლიან კოვზს ცივ წყალში ჩადებთ, თაფლი ჭიქის ძირში დაეცემა და არ დაიშლება.

რა თქმა უნდა, თაფლის გარეგნობას, გემოს და სუნს ყურადღება უნდა მიაქციოთ. თაფლი არ უნდა აქაფდეს და მომჟავო გემო არ ჰქონდეს. დადუღებულ თაფლს ძმრის სუნი აქვს. ხარისხიანი პროდუქტი უწყვეტ ნაკადად მიედინება და არ იშხეფება. გამყიდველს სთხოვეთ, რომ თაფლის ქილას კოვზით დაარტყას, თუ ვერ გაბედავს, ასეთი თაფლი არ იყიდოთ.

რატომ დუღს თაფლი

ზოგჯერ თაფლი დუღს და ამას რამდენიმე მიზეზი იწვევს. ნატურალური პროდუქტის შენარჩუნებაზე ოთახის ტემპერატურა, თაფლის ხარისხი და შენახვის პირობები გავლენას ახდენს. ხარისხიანი თაფლიც შეიძლება დადუღდეს, თუ არასტერილურ ჭურჭელში შეინახავთ. დადუღებული თაფლი, როგორც საფუარის ცომი, ქილიდან შეიძლება გადმოიღვაროს და სახურავი ააფეთქოს.  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მეფუტკრემ იჩქარა და მოუმწიფებელი თაფლი გაყიდა. სხვათა შორის, დადუღებული და კრისტალიზებული თაფლი ერთი და იგივე არაა.

ნებისმიერი ნატურალური თაფლი დროთა განმავლობაში შაქრდება. ეს ხარისხის ნიშანია. კრისტალიზაციის დრო თაფლის სახეობასა და შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცაცხვის თაფლი ნებისმიერ პირობებში თხევადი რჩება. სხვა სახის თაფლი +4 ან +30 გრადუსზე ნელა შაქრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თაფლს კრისტალიზაციისთვის 1–5 თვე დასჭირდება. კრისტალიზაცია თაფლს არ აფუჭებს. თუ თაფლს მჟავე გემო აქვს და ქილიდან გადმოდის, ეს დუღილის ნიშანია.

შეიძლება თუ არა ფერმენტირებული თაფლის გამოყენება

ასეთი თაფლი გაცხელებით შეგიძლიათ გადაარჩინოთ. ფერმენტირებული თაფლი 2 საათის განმავლობაში ორთქლის აბანოზე ადუღეთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ სასარგებლო თვისებებს დაკარგავს, მაგრამ ცომეულში გამოყენებას შეძლებთ. სასურველია, ცომეული ფერმენტირებული თაფლით მომზადებისთანავე მიირთვათ. თუ თაფლის გემო ჩვეულებრივისგან განსხვავდება ან თაფლს მჟავე გემო აქვს, ასეთი პროდუქტი საკვებად არ გამოიყენოთ.

რედაქციის რჩევა

თუ თაფლის გადაგდება გენანებათ, ყოველთვის შეგიძლიათ შინაურულ ნიღბად გამოიყენოთ. თმა თაფლის ნიღბის შემდეგ ისე ბზინავს, როგორც სალონური პროცედურის შემდეგ. თაფლი შეგიძლიათ შესაფუთად გამოიყენოთ ან თაფლის აბაზანა მიიღოთ, ასე კანს დაარბილებთ. სანამ თაფლს სილამაზისთვის გამოიყენებთ, კანზე ტესტი ჩაიტარეთ: თაფლის წვეთი მაჯაზე დაიწვეთეთ და რამდენიმე წუთით მოიცადეთ. თუ სიწითლე ან ქავილი არ გაქვთ, თაფლი შეგიძლიათ გარეგნულად გამოიყენოთ.

Advertisement