Connect with us

საკითხავი

როდის უნდა შეწყვიტოთ ზრდასრული შვილის ფინანსურად დახმარება

სამი შვილის დედა ვარ. მათ შორის მხოლოდ ერთწლიანი სხვაობაა. ორი ვაჟი და ქალიშვილი მყავს. უკვე ზრდასრულები არიან და მოუთმენლად ველი შვილიშვილებს, თუმცა მესმის, რომ ჯერ ოჯახები უნდა შექმნან. ახლა მოდაშია სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრება და ახალგაზრდა ოჯახის ქორწინება წლები იწელება.

ახალი ოჯახის დაბადება

ადრე ვფიქრობდი, რომ მთავარია შვილების ფეხზე დაყენება, რომ დამოუკიდებლები გახდნენ, და მაშინ მოდუნებას შევძლებდი. მაგრამ ასე არაა. ახლა არანაკლებ ვნერვიულობ. რატომ სულ მე და მე? ვინაიდან ცოლად გავყევი ინფანტილურ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია, შვილებზე არაფერს ვამბობ.

ყველაფერს თავიდან მოგიყვებით. ჩემი უფროსი ვაჟი ოჯახურ ცხოვრებას სკეპტიკურად უყურებს და ჯერჯერობით ცოლის მოყვანას არ აპირებს. უმცროსი ქალიშვილი ბიჭებს არჩევდა, მათ თავბრუს ახვევდა, მაგრამ ამას გონივრულად და შეგნებულად აკეთებდა. ახლა მეორე ნახევარი იპოვა და უკვე ორი წელია სამოქალაქო ქორწინებაშია. მხოლოდ ხელმოწერა დარჩათ. ჩემი ქალიშვილი არ მედარდება, მშვიდად ვარ.

აი, ჩემი შუათანა ვაჟი ჭაღარებს მმატებს. ჯერ კიდევ სწავლის დროს გოგოსთან ერთად ცხოვრება დაიწყო. „დედა, დავქორწინდები!“ – მითხრა ერთხელ. ოღონდ „მთელი ცხოვრების სიყვარულმა“ კუდი დაატრიალა, ჩემს შვილს (და მე) ფული გამოგვართვა და სხვა იპოვა.

ეს მეც შემეხო, რადგან ერთად საცხოვრებლად ბინა იქირავეს და ფული მუდმივად არ ყოფნიდათ. „დედა, ბინის ქირა უნდა გადავიხადო, ფული არ მაქვს!“ – რეკავდა შვილი ყოველთვე. როცა ვკითხე, რატომ არ იხდიან ბინის ფულს ერთად, პასუხად მივიღე, რომ ქეთის ფული არ აქვს, რადგან დედისთვის საჩუქარს აგროვებდა. მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი, რომ სწავლა არ მიეტოვებინა.

როცა ქეთი ჩემს დიტოს დაშორდა, მტკიცედ გადავწყვიტე: ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება. შვილმა ჩემი მკაცრი ხელმძღვანელობით სწავლა დაასრულა, დიპლომი აიღო და როგორც ვფიქრობდი, გამოცდილება დააგროვა. მაგრამ არა! როგორც ჩანს, სულელები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, ხოლო ჭკვიანები – თავისაზე და ისიც მხოლოდ მესამედ.

შვილთან ურთიერთობა

მალე ჰორიზონტზე ლია გამოჩნდა. „დედა, ის ისეთი კარგია. დედა, საუკეთესოა!“ – ამტკიცებდა ჩემი ვაჟი. ერთი შეხედვით, ჭკვიანი და გონიერი გოგოს შთაბეჭდილებას ქმნიდა. თავიდან მიხაროდა კიდეც. ისინი სხვა ქალაქში გადავიდნენ, ბინა იქირავეს, რომ ერთად ეცხოვრათ. და ისევ ძველი ამბავი: ფული არაფერზე ყოფნით.

იმ დროს ჩემს შვილს სოლიდური ხელფასი ჰქონდა. ზოგიერთი წყვილი შვილებით ამ თანხით მთელი თვე ცხოვრობს. მათ ორს არ ყოფნით. ლიას შეეძლო 6 თვე ან 1 წელი არსად ემუშავა, ხან სამსახურის პოვნა უჭირდა, ხან ჯანრთელობა მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, ხან თანამშრომლები არ აწყობდა. ასე უკვე 5 წელია ცხოვრობენ.

მთელი ეს 5 წელი ვაჟს ფულს პერიოდულად ვუგზავნი. ბევრს არა, მაგრამ ვაძლევ! თავად მესმის, რომ დროა ჭკუა ვასწავლო, მაგრამ მხოლოდ მესმის: „დედა, პურის ფულიც არ მაქვს!“ მაშინვე გული საგულედან მივარდება. ის ხომ ჩემი ღვიძლი შვილია!

ვცდილობდი, მისთვის თვალები ამეხილებინა და ამეხსნა, რომ არაჯანსაღი სიტუაცია იქმნებოდა, რომ არანორმალურია ბიუჯეტის ასე გადანაწილება (ან გაფლანგვა?), რომ უცნობია სად „ქრება“ ფული, რადგან ამჟამინდელი ფასების მატების მიუხედავად მცირე დანაზოგი მაინც უნდა ჰქონდეთ. „ვიცი, რომ ლია არასდროს მოგწონდა“ – პასუხად მხოლოდ ამას ვიღებ. ჩემი შვილი არ მისმენს. არ ვიცი, რა გავაკეთო.

გუშინ დამირეკა და წუწუნებს: ძველი სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, ახალი ვაკანსია ჯერ ვერ იპოვა, არ იცის, რაზე იცხოვროს და ა.შ. ამჟამად მისი შეყვარებული (თუ ცოლი) მუშაობს და ხელფასს იღებს, მაგრამ დიტოს ფული „ჩვენი“ ფულია, ხოლო ლიას ფული „მისი“ ფული და მას მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავს. როგორ მოგწონთ?

ვიცი, რომ ისევ ცოტა ფულს მთხოვს. ახლა მტკიცედ გადავწყვიტე: მორჩა, კმარა! დაე, საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს. ან ლიამ ფინანსურად მხარი დაუჭიროს ან თავად გააცნობიეროს ყველაფერი. არ ვიცი, როგორ გავუძლო და არ გავტეხო სიტყვა.

ცხოვრებისეული სიბრძნე

ტყუილად არ ამბობენ, რომ კარგს ადამიანი სწრაფად ეჩვევა. ოღონდ ფინანსურ საკითხებში მნიშვნელოვანია, რომ არავინ მანიპულირებდეს, იქნება ეს მეგობარი თუ ახლო ნათესავი. როგორც ჩანს, ამ ქალმა ამოცანას თავი ვერ გაართვა, მაგრამ სურს ყველაფერი გამოასწოროს და შვილს ასწავლოს, როგორ იცხოვროს.

Advertisement