Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ მარწყვი შავ აგროფიბრზე

ბოლო პერიოდში მულჩირების მასალები მებაღეებს შორის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს შესანიშნავია მეთოდია მოსავლის გასაზრდელად და მცენარეების დასაცავად. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მარწყვი შავ აგროფიბრზე და რა უპირატესობა აქვს ასეთ მიდგომას.

როგორ გავზარდოთ მარწყვი აგროფიბრზე

მულჩირება – მიწის ზედაპირის დაფარვა სპეციალური მასალით, მულჩით. ის ნიადაგს იცავს და მის თვისებას, შესაბამისად, მოსავალს აუმჯობესებს. მარწყვის აგროფიბრზე დარგვას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ასეთი მეთოდით სარეველებს თითქმის სრულად მოიშორებთ. სარეველებისგან კვლების გათავისუფლება არ მოგიწევთ.

მეორეც, აგროფიბრი კარგად სუნთქავს, წყალს თავისუფლად ატარებს და აორთქლებას ხელს არ უშლის. ნიადაგი ყოველთვის დატენიანებულია. ბევრი მებაღე ირწმუნება, რომ მარწყვის აგროფიბრზე დარგვა მოსავლის მომწიფებას აჩქარებს და მის მოკრეფას ამარტივებს.

უფრო მეტიც, შავი აგროფიბრი ნიადაგის გათბობას ხელს უწყობს. ამრიგად, ფესვები უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას იღებს, ხოლო მცენარე აქტიურად ვითარდება და წვნიანი ნაყოფით გვახარებს.

მარწყვის დარგვა აგროფირბზე

1. ნიადაგი მოთოხნეთ და სარეველებისგან გაწმინდეთ.

2. ნიადაგი გაანაყოფიერეთ: 1 კვადრატულ მეტრზე 1 ვედრო ნეშომპალა, 2 ჭიქა ნაცარი და 150 გრ აზოტის სასუქი გამოიყენეთ.

3. განმეორებით მოთოხნეთ და გაასწორეთ.

4. პალოების დახმარებით მომავალი კვლების ზომები მონიშნეთ.

5. აგროფიბრი გაშალეთ და მავთულის კავებით საიმედოდ დაამაგრეთ. თუ აგროფიბრის ზოლები გაქვთ, ისინი 18-20 სმ–თი ერთმანეთს უნდა ფარავდნენ.

6. გაჭიმულ და დამაგრებულ მასალაზე მომავალი ნერგებისთვის ადგილები მონიშნეთ. ოპტიმალური დაშორება რიგებს შორის 45-50 სმ, ნერგებს შორის – დაახლოებით 25-30 სმ.

7. თითოეული ნერგისთვის აგროფიბრი 5×5 ზომაზე ჩაჭერით.

8. შემდეგ ორმოში ცოტა წყალი ჩაასხით და ნიადაგში მის შეწოვას დაელოდეთ.

9. ნერგის ფესვები თიხის ნარევში ამოავლეთ: ასე მცენარე ფესვებს უკეთ გაიდგამს. ნარევი ასე მზადდება: ნახევარ ვედრო თიხას წყალი დაასხით ისე, რომ ოდნავ დაიფაროს, და გააჩერეთ. ცოტა ხანში არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ.

10. ნერგები დარგეთ ისე, რომ ფოთლები თითქმის მიწის ზედაპირის დონეზე იყოს. თუ მიწით დაფარავთ, მცენარე დალპება, თუ უფრო მაღლა დატოვებთ – ზამთარში გაიყინება.

11. ფესვები ორმოებში მოათავსეთ, მშრალი მიწა მოაყარეთ და დატყეპნეთ.

12. დარგვის შემდეგ უხვად მორწყეთ. 2-3 დღეში დილას ან საღამოს გაიმეორეთ, სანამ ნერგები ფესვებს არ გაიდგამს. მომავალში რეკომენდებულია წვეთოვანი მორწყვა 3-4 დღეში ერთხელ. მარწყვს უყვარს, როცა წყალი პირდაპირ ფესვების სისტემას მიეწოდება.

სხვათა შორის, დარგვამდე თითოეული ნერგის შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადებული მცენარე დაზიანებული ფოთლებით სჯობს გადააგდოთ. მხოლოდ ჯანმრთელი და ძლიერი ნერგი დარგეთ, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ.

მარწყვის მოვლა

რაც შეეხება აგროფიბრზე დარგული მარწყვის მოვლას, ის ღია მიწაში დარგული მცენარის მოვლისგან არ განსხვავდება. სეზონზე ორჯერ ქათმის ან მტრედის სკინტლით გამოკვებეთ. პირველად გაზაფხულზე, როცა ვეგეტაციის პერიოდი იწყება, მეორედ – ზაფხულის ბოლოს ან სექტემბერში, მომავალი ნაყოფის ნასკვების ფორმირებისას.

ახლა უკვე იცით, როგორ გაზარდოთ მარწყვი აგროფიბრზე საკუთარ ნაკვეთზე. თუ ამ მეთოდს უკვე იყენებთ, თქვენი გამოცდილება და სასარგებლო რჩევები გაგვიზიარეთ.