Connect with us

ჯანმრთელობა

რა დაემართება ორგანიზმს, თუ ნიორს ყოველდღე მიირთმევთ

ნიორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და სუპერ პროდუქტად ითვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნივრის ბოროტად მიღება შეიძლება. მას უკუჩვენებებიც აქვს. ზუსტად ისე, როგორც მედიკამენტს. Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, ვისთვის შეიძლება ნივრის ჭამა, ვისთვის არა, ვინ უნდა მიირთვას სიფრთხილით და რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე მიირთმევთ (იმ პირობით, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ).

რატომ არის ნიორი სასარგებლო

დავიწყოთ ამით. რატომ უნდა ავიტანოთ არც თუ ისე არისტოკრატიული სუნი და სიმწარე? რატომ არის ნიორი სასარგებლო?

როცა რომელიმე პროდუქტს „ბუნების საწყობს“ უწოდებენ, ნიორს შეადარეთ. მასში თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი შედის: ბეტა კაროტინი, C, E, K, B1, B2, B4, B5, B6, B9, ნიკოტინის მჟავა და ნიაცინი.

ასევე მინერალები: კალიუმი, ქლორი, კალციუმი, ფოსფორი, სილიციუმი, გოგირდი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ალუმინი, თუთია, ბორი, ქრომი, ვანადიუმი, ფთორი, რკინა, სელენი, იოდი, რუბიდიუმი, კობალტი, ნიკელი, ლითიუმი, მოლიბდენი, სპილენძი, მანგანუმი. მთლიანობაში, ნიორში ორგანიზმისთვის აუცილებელი დაახლოებით 400 უცვლელი მიკროელემენტი, ორგანული მჟავა და ვიტამინია „ჩატუმბული“.

რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე მიირთმევთ

ყოველდღე ნივრის ზომიერად მირთმევას ტყუილად არ გვირჩევენ. მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან ცნობილია. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ნიორს პაციენტებს უნიშნავდა.

იმუნიტეტს აძლიერებს

ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ საბავშვო ბაღში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს ნივრის ფირფიტებს წყალში ტოვებდნენ. დამტკიცებულია: ნიორი იმუნურ სისტემას აძლიერებს. მასში შედის ალიცინი – ელემენტი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია.

ალიცინი ნივრის დაჭრისას ან დაჭყლეტისას სწრაფად თავისუფლდება, მაგრამ გაცხელებისას იშლება, ამიტომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია ნივრის ჭამა, რომელიც თერმულად დამუშავებული არაა.

ნერვებს აძლიერებს

ეს ჩვენს დროში ძლიერი ჯანმრთელობის ერთ–ერთი მთავარი პირობაა. ხომ გახსოვთ, რომ „ყველა დაავადება ნერვებიდანაა“? B6 ვიტამინის შემცველობით ნიორი, რომელიც ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია, დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

ნიორი გახდომაში დაგეხმარებათ

ყველაფერი, რაც წვავს თქვენს პირს, როცა უმ ნიორს ღეჭავთ, მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი ელემენტებისგან შედგება. შესაბამისად, ცხიმს წვავს.

ბოსტნეული კანქვეშა ცხიმს შლის და წვავს, ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას სტიმულირებს. ბონუსად, ნივრის შარდმდენი ეფექტი ზედმეტი სითხის სწრაფად გამოდევნას ხელს უწყობს.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს

ნიორი ძალიან ცხარე ბოსტნეულია, მაგრამ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. თუ ყოველდღე მიირთმევთ, ორგანიზმი კუჭის წვენს აქტიურად გამოყოფს, ნაწლავების მიკროფლორა დარეგულირდება. გარდა ამისა, ნიორი მადას აუმჯობესებს.

ტოქსინებს გამოდევნის

ესეც ნივრის დამტკიცებული თვისებაა. ბოსტნეული ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და წიდებს, კანცეროგენებს და ტოქსინებს გამოდევნის.

„მავნე“ ქოლესტერინი მცირდება

ადამიანები, რომლებიც ნიორს რეგულარულად მიირთმევენ, სისხლში „მავნე“ ქოლესტერინი უმცირდებათ, ბუნებრივია, ეს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ზოგიერთი მონაცემით, რაციონში ნივრის დამატებიდან უკვე 3 თვის შემდეგ სისხლში „მავნე“ ქოლესტერინის რაოდენობა 10-12%–ით მცირდება.

ართრიტის პროფილაქტიკას ხელს უწყობს

ნიორში შემავალი ელემენტები ორგანიზმში მარილის დაგროვებას ანელებს, სახსრებს და ხრტილებს ანთებისგან იცავს. სწორედ ამიტომ, თუ სახსრების პრობლემები გაწუხებთ, რაციონში ნიორი ჩართეთ.

რამდენი ნიორი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიორი სასარგებლოა, მაგრამ მისი ბოროტად მიღება არ შეიძლება. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ 1–3 კბილი ახალი ნიორი ყოველდღე მიირთვათ.

სხვა კულტურებში ყოველდღე მეტი ნივრის მიღება დაშვებულია და ხალხი არანარი დისკომფორტს არ განიცდის. მაგალითად, კორეელები, იტალიელები და ჩინელები ყოველდღე 8-12 კბილ ნიორს მიირთმევენ.

როდის არის ნიორი უკუჩვენებული

ნიორი შეიძლება სანელებელზე ალერგიის ტრიგერი გახდეს. სწორედ ამიტომ, ალერგიულებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. რეკომენდებულია, ბოსტნეული არ მიირთვათ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, წყლულების, სისხლის შედედების დარღვევის, დაბალი წნევის და ბუასილის სისხლდენის დროს.

როგორ ჩავკლათ ნივრის სუნი

ნივრის სუნი სპეციფიკურია, რომელიც ყველას არ მოსწონს. რეჰანის, ოხრახუშის, დაფნის ფოთლის ან ყავის მარცვლის დაღეჭვით მის სუნს გააქრობთ.

გაიხსენეთ: ვამპირებზე ყველა წიგნსა და ფილმში ამბობენ, რომ ნიორი უწმინდურის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. თუ დღეს გქონდათ შეგრძნება, რომ ვინმე უსინდისოდ თქვენს სისხლს წოვს, ნიორი შეჭამეთ. აბა მოახლოება გაბედონ!

Advertisement