Connect with us

ჯანმრთელობა

D ვიტამინი: რა გავლენას ახდენს „ვიტამინების მეფე“ ჩვენს ცხოვრებაზე

დღეს დედამიწის მოსახლეობის 50%–ზე მეტს D ვიტამინის დეფიციტი აწუხებს. ხანდაზმულებს შორის ეს მაჩვენებელი 80-90%–ს აღწევს. ზოგიერთი ექსპერტი D ვიტამინის დეფიციტს 21-ე საუკუნის ახალ მეტაბოლურ პანდემიას უწოდებს. ღრუბლიანი შემოდგომა–ზამთრის პერიოდი, ქალაქში ცხოვრება, იძულებითი თვითიზოლაცია სიტუაციას ამწვავებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. რატომ ჩნდება დეფიციტი, რა შედეგს იწვევს და როგორ ვებრძოლოთ მზის სინათლის დეფიციტს, ამის შესახებ დღეს გიამბობთ.

D ვიტამინის დეფიციტის მიზეზები

„მზის ვიტამინის“ ნაკლებობის ერთ–ერთი აშკარა ფაქტორი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების არ არსებობა და დიდი ხნით დახურულ შენობაში ყოფნაა, რაც კარანტინის დროს განსაკუთრებით აქტუალურია.

ამასთან, არსებობს ინდივიდუალური ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმში D ვიტამინის წარმოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. დაუბალანსებელი კვება, მათ შორის ვეგეტარიანული და კეტო დიეტა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთი კვება ორგანიზმს აუცილებელ მაკრო და მიკრო ელემენტებს არ აწვდის. ქალი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ბევრი მკვებავი ნივთიერების დეფიციტს განიცდის. ასაკთან ერთად D ვიტამინის დონე მცირდება. მუქკანიან ხალხს ამ ჰორმონის საჭირო რაოდენობის მიღება ზაფხულშიც უჭირთ, რაადგან მუქი ფერის კანი ულტრაიისფერი სხივებიდან D ვიტამინის წარმოებას ხელს უშლის. „მზის ვიტამინის“ დეფიციტი შეიძლება ნაწლავების მიკროფლორის დარღვევამ და რიგმა დაავადებებმა გამოიწვიოს.

რისთვის გვჭირდება D ვიტამინი

D ვიტამინის მთავარი ფუნქცია უკვე დიდი ხანია ცნობილია: სისხლში კალციუმის აუცილებელი დონის მხარდაჭერა, რაქიტის პროფილაქტიკა, ძვლების, კბილების და ფრჩხილების გაძლიერება. ბოლო დროს ამ ნივთიერების შესახებ ცოდნა მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

D ვიტამინის გარეუჯრედულ ეფექტზე საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური საზოგადოების ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზის სისტემურმა შედეგებმა ორგანიზმში D ვიტამინის შემდეგი როლები განსაზღვრა.

კანი

D-ჰორმონს ანტიპროლიფერაციული ეფექტი აქვს. პროლიფერაციული ეფექტი კანის ზოგიერთ უბანზე კერატინიზაციის გაზრდილი პროცესია, რასაც თან ახლავს აქერცვლა და დიდი რაოდენობით კანის უჯრედების კვდომა. ეს მექანიზმი კანის მრავალი დაავადების საფუძველია (ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა და ა.შ.) ამრიგად, D ვიტამინს კანის უსიამოვნებების თავიდან აცილება და შემცირება შეუძლია. დერმატოლოგები D ვიტამინის პრეპარატების მიღებას განიხილავენ, როგორც ეფექტურ მეთოდს კანის დაავადებების წინააღმდეგ.

ერთ–ერთი კვლევის შედეგებმა, რომელიც ფსორიაზის მქონე პაციენტებში D ვიტამინის დეფიციტს ეხებოდა, აჩვენა, რომ ფსორიაზის მქონე პაციენტების ნახევარზე მეტი (62%) D ვიტამინის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, კანის დაზიანებების გავრცელების ზრდა ამ ვიტამინის დეფიციტის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

იმუნური სისტემა

დამტკიცებულია, რომ D ვიტამინი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ D ვიტამინი ამცირებს ინფექციების რისკს (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, აივ ინფექცია, ტუბერკულოზი და ა.შ.), ასევე ზოგიერთ აუტოიმუნურ დაავადებას (1–ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, ვიტილიგო, რევმატოიდული ართრიტი და სხვა) – კარგი ამბავი კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის!

კვებითი ჩვევა

D ვიტამინი – ჰორმონი, რომელიც კვებით ჩვევას და ფსიქოემოციურ მდგომარეობას არეგულირებს. ამ ვიტამინის დეფიციტი ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს: ხშირი დეპრესია, მუდმივი დაღლილობა, აგრესია D ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. ყველაზე უსიამოვნოა ის, რომ ორგანიზმი „მზის ვიტამინის“ დეფიციტის დროს შიმშილს განიცდის, რაც კვებით აშლილობას იწვევს. ეს სიმპტომები უფრო გამოხატულია შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, როცა მზის სხივები იკლებს.

ცენტრალური ნერვული სისტემა

D ვიტამინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის კავშირი არსებობს. D ვიტამინის დაბალი დონე კოგნიტური ფუნქციების შემცირების და დემენციის განვითარების რისკების ზრდას უკავშირდება. ხანდაზმულებში კოორდინაციის დარღვევის და დაცემის პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები

D ვიტამინი 21–ე საუკუნის ერთ–ერთ მთავარ დაავადებათა კლასს გვერდს არ უვლის. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები არტერიულ სისხლძარღვებში, გულსა და პრაქტიკულად ყველა იმ უჯრედსა და ქსოვილში მდებარეობს, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, დამტკიცებულია D ვიტამინის ეფექტურობა ათეროსკლეროზთან, მიოკარდიუმის ინფარქტთან და ჰიპერტონიასთან ბრძოლაში.

რეპროდუქციული ფუნქციები

D ვიტამინის რეცეპტორები რეპროდუქციული სისტემის ორგანოებშიც აღმოაჩინეს. დადგენილია, რომ D ვიტამინის დეფიციტი უნაყოფობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, ამ ჰორმონის დეფიციტი ქალებში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის, ხოლო კაცებში ტესტოსტერონის გაზრდილი დონის განვითარების რისკს უკავშირდება.

D ვიტამინი მე–2 ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკაში მონაწილეობს, რიგი ავთვისებიანი წარმონაქმნის და ოსტეოპოროზის განვითარებას აფერხებს. ანტიოქსიდანტური ეფექტი გააჩნია.

D ვიტამინის წყაროები

D ვიტამინის მიღების 2 წყარო არსებობს: 80%–ს ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით კანიდან ვიღებთ, 20%–ს კი საკვებიდან.

გვგონია, რომ D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ზაფხულში თბილ მზეზე დასვენება საკმარისია, თუმცა ასე არაა. D ჰორმონის საწარმოებლად გვჭირდება არა უბრალოდ მზის სინათლე, არამედ საკმარისი რაოდენობის ულტრაიისფერი სხივები, რომლებიც მხოლოდ ტროპიკებშია. კანადური კვლევის შედეგებმა, რომელიც კანადაში D ვიტამინის საჭირო დონის მზის სინათლიდან მიღების შეფასებას ეძღვნებოდა, აჩვენა, რომ მზის სინათლე, განსაკუთრებით შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, D ვიტამინის მისაღებად უკიდურესად არასაკმარისია.

D ვიტამინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა საკვები, ძირითადად, ცხოველური წარმოშობის: ვირთევზას ღვიძლი, ცხიმიანი სახეობის თევზი და თევზის ცხიმი, კვერცხის გული, რძის პროდუქტები. თუმცა რამდენიც არ უნდა ვჭამოთ ამ ვიტამინის რეკომენდებულ დონეს (დღეში 600-800 ME) მაინც ვერ მივაღწევთ ან მივაღწევთ ოღონდ სხეულის ჭარბი წონით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

რა უნდა გავაკეთოთ D ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად? პირველ რიგში, სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ და ორგანიზმში D ვიტამინის დონე აკონტროლოთ. მეორეც, თუ დონე ნორმაზე მაღალია, კვებით და მზის აბაზანებით პროფილაქტიკაზე საუბარი შეიძლება. თუ დონე ნორმაზე დაბალია, ექიმის ხელმძღვანელობით პრეპარატების მიღება გჭირდებათ.

D ვიტამინის დეფიციტის გავრცელების მიუხედავად ოპტიმისტურია ის მომენტი, რომ მრავალფეროვანი პრეპარატების დახმარებით სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად შეიძლება ამ ვიტამინის დონის დარეგულირება.