Connect with us

ყვავილები

ერთადერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც კოლორადოს ხოჭოს მოგაშორებთ

კოლორადოს კარტოფილის ხოჭოსთან ბრძოლა უკვე არა ერთი წელია გრძელდება, მაგრამ გაუმაძღარ მწერთან აბსოლუტური გამარჯვებით ვერავინ დაიკვეხნის. მავნებლის წინააღმდეგ იყენებენ როგორც პოპულარულ ინსექტიციდებს, ასევე ხალხურ მეთოდებს, რადგან კვლებში ყველა ხოჭოს შეგროვება არარეალურია. ფოთოლჭამიებს ფრენა შეუძლიათ და ერთი ბოსტნიდან მეორეში სწრაფად გადაადგილდება.

ბრძოლა კოლორადოს ხოჭოსთან

ადრე კოლორადოს ხოჭოს ეფექტურად ებრძოდნენ DDT ინსექტიციდით, რომელსაც ხალხში დუსტი უწოდეს. მოგვიანებით მისი მაღალი ტოქსიკურობა დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში გროვდება და მოწამვლას იწვევს.

დუსტი აიკრძალა და შეიცვალა სხვა პრეპარატებით, რომლებიც სწრაფად იშლება და ნაკლებად ტოქსიკურია. მაგალითად, ერთ დროს კარგად რეკომენდებული იყო ინსექტიციდი „პრესტიჟი“. ის ჩაანაცვლა სხვა საშუალებებმა: „ამპლიგო“, „აქტოფიტი“, „ატაკა“, „კორაგენი“ და სხვა. ქიმია ყოველთვის ქიმიაა და ქიმიურ პრეპარატებთან სიფრთხილე და ინსტრუქციის დაცვა აუცილებელია.

პატარა ბოსტნის მფლობელები სულ უფრო ხშირად იყენებენ ნატურალურ ნივთიერებებს და ხელმისაწვდომ საშუალებებს, რომ კარტოფილის ფოთოლჭამია გაანადგურონ და ნაკვეთიდან მოიშორონ.

ხალხური საშუალებები ხოჭოსთან საბრძოლველად

კოლორადოს ხოჭოს მოსაშორებლად გამოიყენება

1. ხის ნაცარი (ორგანული ფერფლი). გაზაფხულზე, როცა კარტოფილს რგავენ, ორმოებში ფერფლს ყრიან. ნაცარი მცენარის ქვეშაც შეგიძლიათ დაყაროთ. აე ბევრ მავნე მწერს დააფრთხობთ.

2. ბალახების ნახარში. აბზინდა, ქრისტესისხლა ან ბაბუაწვერა შეაგროვეთ, დააქუცმაცეთ, წყალი დაასხით და 10 წუთი ხარშეთ. 10 ლ წყალს 500 მლ ცივი ნახარში დაუმატეთ და კარტოფილს შეასხურეთ.

3. თამბაქო. კვლებს შორის თამბაქო დარგეთ, რომ მფრინავი მწერები დააფრთხოთ. კულტურული მცენარეები წეკოს ნაყენით შეგიძლიათ დაამუშაოთ.

4. კაკლის ფოთლები. ნიგვზის ფოთლები შემოდგომაზე შეაგროვეთ და ჩარგეთ კვლებში, სადაც კარტოფილის დარგვას გეგმავთ. ზაფხულში კაკლის ახალი ფოთლებით ნაყენი მოამზადეთ. ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით, რამდენიმე საათი მოიცადეთ, რომ გაცივდეს და კარგად დაყენდეს. სითხე წყალში გააზავეთ და კარტოფილი დაამუშავეთ.

5. ხახვის ფურცლები. ხახვის ნარჩენები შეაგროვეთ, გაახმეთ და გაზაფხულამდე შეინახეთ. კარტოფილის დარგვისას ხახვის ნარჩენები ორმოებს დაუმატეთ.

6. მდოგვი ძმრით. ღრმა თასში 200 გ ხმელი მდოგვის ფხვნილი და 100 მლ სუფრის ძმარი აურიეთ. 10 ლ თბილ წყალს დაუმატეთ. სითხე ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ პულვერიზატორით მცენარეს შეასხურეთ. თუ ხოჭომ კვერცხის დადება მოასწრო, ლარვების მომწიფებისას პროცედურა გაიმეორეთ.

7. ხავერდა და გულყვითელა. ყვავილები კარტოფილის რიგებს შორის დარგეთ. მათი სპეციფიკური სუნი მწერებს აფრთხობს.

8. ხაფანგები. ასე ამზადებენ: მიწაში ვიწროყელიანი ბოთლები ნახევრად ჩამარხეთ. სატყუარად ბოთლში კარტოფილის ნაჭერი ჩადეთ. მავნებელი ხაფანგში შედის, რომ დაუსჯელად ისადილოს, მაგრამ ვეღარ გამოდის.

კარტოფილის ფოთოლჭამიის განადგურებაში შინაური და ველური ფრინველებიც დაგეხმარებათ. ზოგიერთი მეაგარაკე ციცარს და ინდაურს ბოსტანში უშვებს, რომ მათ მწერები შეაგროვონ. ამ მიზნით ნაკვეთზე კიდებენ საშოშიეს, რომ მოიზიდონ ჩიტები, რომლებიც ზოლებიანი მავნებლების ბუნებრივი მტრები არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ შოშიებს მწიფე ალუბალი უყვართ.

კოლორადოს ხოჭო გარემო პირობებს, მათ შორის ქიმიურ პრეპარატებს, საოცარი სისწრაფით ეგუება, მაგრამ ზოგიერთი ხალხური საშუალება მის მადას დიდად აფუჭებს.

Advertisement
Advertisement