ჯანმრთელობა
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი შოკოლადი: მიიღეთ სარგებელი სიამოვნებასთან ერთად
შოკოლადს ფანტასტიკური გემო და ტექსტურა აქვს, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ეს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყველაზე საყვარელი ტკბილეულია. თუმცა, რამდენად კარგად იცით შოკოლადის სწორად შერჩევა იმ მრავალფეროვნებაში, რომელსაც მწარმოებლები გვთავაზობენ?
არსებობს თეთრი და შავი, რძიანი და ნასვრეტებიანი, ჩირიანი და თხილიანი შოკოლადები. მათ სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ, თუმცა, ყველაზე პოპულარულია ფილები, ბატონები და კანფეტები. თუ ბავშვობაში ჩვენ არ ვფიქრობდით ამ ტკბილეულის ხარისხზე, ასაკთან ერთად ჩნდება კითხვა – როგორი შოკოლადია საუკეთესო? სასიამოვნო გემო ხომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს არ ნიშნავს.
ჯანმრთელობის შესახებ სიახლეების საიტები მუდმივად ქადაგებენ, რომ საუკეთესო შოკოლადი შავი შოკოლადია. თუმცა, შავი შოკოლადიც სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ხარისხი ინგრედიენტებსა და დამუშავების მეთოდებზეა დამოკიდებული. მაშ, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შოკოლადი?
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო შოკოლადი
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – უნდა გაარკვიოთ, რისთვის გჭირდებათ შოკოლადი. გინდათ, შეჭამოთ და არ გასუქდეთ? თუ მას დესერტის მოსამზადებლად გამოიყენებთ? თუ ფიგურას უფრთხილდებით, უნდა შეარჩიოთ შავი შოკოლადი, რომელიც გასახდომად და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისთვის საუკეთესო ვარიანტია.
შავი შოკოლადი კაკაოში ცხიმისა და შაქრის დამატებით იწარმოება. როგორც წესი, ყველაზე მარტივი მეთოდი იმის შესაფასებლად, არის თუ არა თქვენი შოკოლადი “შავი, – ესაა კაკაოს პროცენტული შემცველობა(სასურველია 70% და მეტი). მასში მაქსიმალურად ცოტა ინგრედიენტი უნდა იყოს.
შავი შოკოლადი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური აქტივობით, რომელიც აღემატება ზოგიერთი ხილის ასეთივე თვისების ხარისხს. იგი მოცხარზე უფრო დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს.
ეტიკეტზე პირველი ინგრედიენტი ყოველთვის ისაა მითითებული, რომელიც თქვენს შოკოლადში ყველაზე დიდი რაოდენობითაა. ამრიგად, საუკეთესო შოკოლადი აუცილებლად შეიცავს დახეხილ კაკაოსა და კაკაოს კარაქს, რომელიც პირველ ინგრედიენტებად უნდა იყოს მითითებული. შეიძლება, ეტიკეტზე სხვა სახელები – კაკაოს ფხვნილი, კაკაოს მარცვლები, კაკაოს კარაქი – შეგხვდეთ, თუმცა ეს ყველა მისაღები დანამატია შავი შოკოლადისთვის.
შაქრით თუ მის გარეშე?
შაქარს შოკოლადში “აუცილებელ სიავეს” დავარქმევდი. მას ხშირად უმატებენ მუქ შოკოლადს მისი მწარე გემოს დასაბალანსებლად და ეს ნორმალურიცაა, სანამ მწარმოებლები რაოდენობას არ გადააჭარბებენ. იშვიათად თუ შეხვდებით უშაქრო შავ შოკოლადს და, თუ შეხვდებით, დარწმუნებული ვარ, არ მოგეწონებათ.
გახსოვდეთ პირველი წესი: კაკაო, და არა შაქარი, უნდა იყოს პირველი ინგრედიენტი შოკოლადის შემადგენლობის სიაში! ასევე, უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მაღალია კაკაოს პროცენტულობა, მით უფრო ნაკლებია შაქრის შემცველობა.
ლეციტინი ერთ-ერთი არააუცილებელი ინგრედიენტია შავ შოკოლადში, თუმცა ის საკმაოდ ხშირად გამოიყენება, რადგან ხელს უშლის კაკაოსა და კაკაოს კარაქის დაცალკევებას და ეხმარება გემოების შერწყმაში.
ლეციტინი – ესაა ცხიმი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის უჯრედებისთვის, მას უამრავ პროდუქტში იპოვით, მათ შორის, სოიოს მარცვლებსა და კვერცხის გულებში. ეტიკეტზე ხშირად შეხვდებით შემადგენლობის სიაში დაწერილ სოიოს ლეციტინსაც. ჩვეულებრივ, მას შოკოლადს მცირე რაოდენობით უმატებენ, ამიტომ მასზე არ ღირს ფიქრი.
დასკვნა
ამრიგად, შოკოლადის ხარისხიანი სახეობაა შავი, კაკაოს 70 ან მეტი პროცენტული შემცველობით, შემადგენლობაში პირველი სიტყვით “კაკაო”. ლეციტინი ინგრედიენტების სიის ბოლოს უნდა იყოს.
თუ არომატიზებული შავი შოკოლადი მოგწონთ, შეარჩიეთ ორგანული პროდუქტი რათა დარწმუნდეთ, რომ არომატები ხელოვნური არაა.