საკითხავი
როგორ შევინახოთ სიმინდი: 4 გამოცდილი მეთოდი და სასარგებლო რჩევები
მარილითა და კარაქით შეზავებული მოხარშული ტარო ბევრისთვის საყვარელი სასუსნავია. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. სეზონზე მისი ყიდვა ყველგან შეიძლება — ბაზარში, პლაჟზე თუ უბრალოდ ქუჩაში. მოსავლის აღების შემდეგ კი გაყიდვა წყდება და მხოლოდ მაღაზიაში დაკონსერვებული მარცვლების ყიდვაღა დაგვრჩენია. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, „მზიანი“ ბოსტნეულის მომარაგება და ახალ მოსავალმდე მისი გემოთი ტკბობა სავსებით შესაძლებელია. ჩვენ მოვამზადეთ დეტალური სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ ხდება სიმინდის შენახვა სახლის პირობებში — ტაროსა თუ მარცვლების სახით.
სიმინდის შენახვა სახლის პირობებში: საუკეთესო მეთოდები
მოგიყვებით, შესაძლებელია თუ არა სიმინდის დიდი ხნით შენახვა და როგორ უნდა მოვამზადოთ ის შესანახად.
შესაძლებელია თუ არა სიმინდის შენახვა ზამთრისთვის
სიმინდის დიდხანს შენახვა ახალი სახით საკმაოდ რთულია. მისი მარცვლები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. როგორც კი ტაროს ღეროდან მოჭრიან, შაქრის სახამებლად გარდაქმნის პროცესი იწყება. ამიტომ, ყველაზე ხელსაყრელ პირობებშიც კი, ის სწრაფად კარგავს სიტკბოს. საშუალოდ, ერთ კვირაში ტკბილი და წვნიანი სიმინდი მაგრდება და უგემური ხდება.
ახალი ტაროს შენახვის ოპტიმალური ვადა 7-10 დღეა, ხოლო მარცვლებისა — სამ კვირამდე. უფრო ხანგრძლივი შენახვა შეუძლებელია. ამ მიზეზით, უმჯობესია მისი დამუშავებული სახით შენახვა. მაგალითად, გაშრობის შემდეგ ის 1 წლამდე ძლებს, გაყინული — 1-დან 1,5 წლამდე, ხოლო დაკონსერვებული — 2 წლამდე.
როგორ შევარჩიოთ სიმინდი
სიმინდი საკმაოდ ჭირვეულია. თუ ტაროს არჩევისას შეცდებით, ის კი შეინახება, მაგრამ მაგარი და უგემური იქნება. ამიტომ უნდა იცოდეთ, თუ რომელი ტარო გამოდგება შესანახად. ძირითადი კრიტერიუმებია:
- სიმწიფე: ტარო უნდა იყოს დამწიფებული და სრულად შეესაბამებოდეს ჯიშის აღწერილობას ზომის, წონისა და შეფერილობის მიხედვით.
- ფოთლები: ტაროს მფარავი ფოთლები უნდა იყოს წვნიანი და მწვანე. თუ გაყვითლდა ან ხმობა დაიწყო, ე.ი. მცენარე გადამწიფებულია და ნაკლებად ტკბილი იქნება.
- მარცვლები: მარცვლები ერთმანეთზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული, მყარად იდგეს ტაროზე და არ ცვიოდეს. ფერი კრემისფერი ან ღია ყვითელი უნდა იყოს. მკვეთრი ყვითელი ფერი გადამწიფებულ ან საფურაჟე (საქონლის საკვებ) ჯიშებს აქვს.
- ვიზუალი: ტაროზე არ უნდა იყოს დაზიანებები, ჩაღრმავებები და დეფექტები. დაუშვებელია ლპობისა და დაავადების ნიშნები.
რჩევა: ფრჩხილით ოდნავ ჩააწექით მარცვალს. თუ თეთრი წვენი გამოვიდა, ე.ი. სიმინდი ნორჩი და ტკბილია. გამხმარ, გადამწიფებულ ეგზემპლარებს, რომლებსაც მაგარი მარცვლები აქვთ, წვენი არ გამოსდით.
შესანახად მომზადების წესები
შენახვისას სიმინდი ტენს სწრაფად კარგავს. ამის თავიდან ასაცილებლად, მისი ფოთლებში შენახვა არ ღირს. ბუნებრივი „შეფუთვა“ ტენს აორთქლებს. ტაროს სრულად აცლიან ფოთლებს, შემდეგ კი აშორებენ ულვაშებს (ყავისფერი და მომწვანო ფერის ბეწვებს). ბასრი დანით აჭრიან წვერს, სადაც დაუმწიფებელი მარცვლებია მოქცეული. თუ მცირე დაზიანებები აქვს, მათაც აჭრიან ან ასუფთავებენ.
ძალიან დიდი ტაროები შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ. თუ მარცვლების სახით შენახვას აპირებთ, ისინი გაწმენდილი ტაროდან უნდა ჩამოფშვნათ (ხელით ან დანით).
მნიშვნელოვანია: სიმინდის გარეცხვა არ შეიძლება! ეს შენახვის ვადას საგრძნობლად ამცირებს.
სიმინდის შენახვის 4 გამოცდილი მეთოდი
1. მაცივარში შენახვა
ახალი სიმინდის შენახვის ყველაზე მარტივი მეთოდი მისი მაცივარში მოთავსებაა. ტაროებს ზემოთ აღწერილი წესით ასუფთავებენ, რის შემდეგაც თითოეულს სამზარეულოს აპკში (სტრეჩში) ახვევენ და მაცივრის ბოსტნეულის უჯრაში ათავსებენ. თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ სარდაფშიც გაიტანოთ (სადაც ტემპერატურა +1-4℃-ია). ასეთ შემთხვევაში ტაროების გაფცქვნაც არ არის აუცილებელი, თუმცა პერიოდულად უნდა შეამოწმოთ და გაფუჭებული ეგზემპლარები მოაცილოთ. ასეთ პირობებში ბოსტნეული 7-10 დღე შეინახება.
ანალოგიურად შეგიძლიათ შეინახოთ მოხარშული სიმინდიც. მარცვლები (მოხარშული ან ახალი) უფრო დიდხანს ძლებს. მათ ტაროდან აცლიან, პლასტმასის პარკში ათავსებენ და მაცივარში ინახავენ, სადაც 3 კვირამდე ძლებს.
2. გაყინვა
გაყინვა შეგიძლიათ როგორც ტაროს, ისე მარცვლების სახით. შესაძლებელია როგორც ახალი, ისე მოხარშული სიმინდის გაყინვა.
ახალი სიმინდი: გაყინვამდე ტარო უნდა გაიწმინდოს. წინასწარი მომზადების გარეშე გაყინული სიმინდი გალღობის შემდეგ მაგარი რჩება. ამის თავიდან ასაცილებლად მას „აწრთობენ“. მოამზადეთ ორი ჭურჭელი — ერთი მდუღარე, მეორე კი ყინულიანი წყლით. ჯერ 2-3 წუთით ცხელ წყალში ჩაუშვით, შემდეგ იგივე დროით — ცივში. გაიმეორეთ 3-5-ჯერ. ამის შემდეგ სიმინდი ქაღალდის ხელსახოცებზე დააწყვეთ და გააშრეთ. ტაროები სამზარეულოს აპკში შეახვიეთ, ხოლო მარცვლები პორციებად დაანაწილეთ პარკებში და ისე გაყინეთ.
მოხარშული სიმინდი: თუ წინასწარ მოხარშავთ, გალღობის შემდეგ მაშინვე მზად იქნება საჭმელად. ქვაბში წყალი აადუღეთ და ტაროები (სასურველია მთლიანად) ჩაყარეთ. არ დაუმატოთ მარილი, რადგან ის გემოს აფუჭებს. წყლის ხელახლა ადუღებიდან 20 წუთში (დიდ ტაროებს 30 წუთი სჭირდება) ცეცხლი გამორთეთ. გააგრილეთ, გააშრეთ, აპკში შეახვიეთ და საყინულეში შეინახეთ. უმჯობესია ვაკუუმ-პარკების (ზიპ-ლოკების) გამოყენება ჰაერის მაქსიმალურად ამოსატუმბად.
3. გაშრობა
გამშრალი მარცვლების შენახვა 1 წელზე მეტხანს შეიძლება ისე, რომ ხარისხი არ დაიკარგოს. თანაც, ამისთვის მაცივარი ან საყინულე არ დაგჭირდებათ. გასაშრობად მხოლოდ საღ, დამწიფებულ ტაროებს ირჩევენ. ფოთლებს უკან გადაუწევენ, მაგრამ არ აცლიან, ულვაშებს კი სრულად აშორებენ. კარგად განიავებად ოთახში თოკზე კიდებენ და ტოვებენ სრულ გაშრობამდე (სანამ მარცვლები ადვილად არ მოსცილდება ტაროს). გამშრალ მარცვლებს მინის ქილებში (რომლის თავსახურზეც ჰაერისთვის ნახვრეტებია გაკეთებული) ან ნაჭრის ტომრებში ინახავენ.
რძისებრი სიმწიფის სიმინდი ბევრ ტენს შეიცავს და ცუდად შრება. ამ შემთხვევაში ჯობს მარცვლები ჩამოფშვნათ, საცხობ ქაღალდზე გაშალოთ და 60-70°C-მდე გახურებულ ღუმელში შედგათ (კონვექციის რეჟიმით ან ოდნავ ღია კარით). აშრობენ იქამდე, სანამ ტენის დიდი ნაწილი არ აორთქლდება, ბოლოს კი ჰაერზე აშრობენ.
4. დაკონსერვება
სწორად დაკონსერვებული სიმინდი ორი წელი ინახება. შეგიძლიათ დააკონსერვოთ როგორც მარცვლები, ისე მთლიანი ტაროები.
- მარცვლების დამარინადება: მოხარშულ ტაროებს მარცვლები ჩამოათალეთ. კარგად გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში ჩაყარეთ მარცვლები და დაასხით მარინადი. მარინადის პროპორცია 1 ლიტრ წყალზე: 2 ს/კ შაქარი, 1 ს/კ მარილი, 2 ს/კ 9%-იანი ძმარი. ქილები ჩადგით დიდ ქვაბში (რომლის ძირზეც ნაჭერია დაფენილი), დაასხით წყალი ქილის ყელამდე და ადუღეთ 1 საათი (1-ლიტრიანი ქილების შემთხვევაში). შემდეგ მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ და შეფუთეთ.
- ტაროს დაკონსერვება: თუ ტაროები ძალიან დიდია, შუაზე გაჭერით. 2 ან 3-ლიტრიან გასტერილებულ ქილებში ჩააწყვეთ მოხარშული ტაროები. ჩაასხით 9%-იანი ძმარი (1 ს/კ 1 ლიტრ მოცულობაზე) და დაასხით მდუღარე მარინადი. უმჯობესია გამოიყენოთ ის წყალი, რომელშიც სიმინდი მოიხარშა. 1,5 ლიტრ წყალზე (რაც 3-ლიტრიან ქილას სჭირდება) გამოიყენება 3 ს/კ შაქარი და 1,5 ს/კ მარილი. ქილები გაასტერილეთ (3-ლიტრიანი — 3 საათი, 2-ლიტრიანი — 2 საათი) და მოხუფეთ.