საკითხავი
როგორ გავწმინდოთ პლასტმასის პანელები: საყოფაცხოვრებო და ხალხური საშუალებები
პოლივინილქლორიდის (PVC) შემოსაკრავს ხშირად ვხვდებით აბაზანაში, სამზარეულოსა თუ აივანზე. ითვლება, რომ მისი მოვლა მარტივია: თუ ყოველკვირეულად გაწმენდთ და ახალ ლაქებს დროულად მოაშორებთ, პრობლემა არ შეგექმნებათ.
თუმცა, კედლებისა და ჭერის მუდმივად წმენდის დრო ბევრს არ აქვს, ამიტომ ხშირად ჩნდება კითხვა: რით გავწმინდოთ პლასტმასის პანელები, თუ მათ თვეზე მეტია არ შევხებივართ? ჩვეულებრივი წყალი და ტილო ხომ გამჯდარ ლაქებს, გამხმარ ცხიმსა თუ კირქვის ნადებს ვერ უმკლავდება.
პლასტმასის პანელები: გაწმენდისა და მოვლის ეფექტური გზები
თანამედროვე პოლიმერული პანელები ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე მათი წინამორბედები, პრაქტიკულობითა და სიიაფით კი მათ ხშირად ბადალი არ ჰყავთ.
თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა მოსაპირკეთებელი მასალა, დროთა განმავლობაში ისიც ისვრება და მისი თავდაპირველი იერსახის დაბრუნება ზოგჯერ რთულია.
პანელების მოვლის ძირითადი პრინციპები
ყველაზე მთავარი წესი, რომელსაც პლასტმასის პანელები მოითხოვს — განსაკუთრებული სიფრთხილეა, რადგან მისი დაზიანება ძალიან ადვილია. უხეშმა ჯაგრისმა, ლითონის საფხეკმა და უხეშმა ქაღალდმაც კი შეიძლება შესამჩნევი ნაკაწრები დატოვოს.
ამიტომ დასუფთავებისთვის მხოლოდ ყველაზე რბილი ინვენტარი გამოიყენეთ: მიკროფიბრის ან ვისკოზის ტილოები, პარალონის ღრუბლები და რბილი ჯაგრისები.
საწმენდი საშუალების შერჩევისას კატეგორიული უარი თქვით აგრესიულ საყოფაცხოვრებო ქიმიაზე. აკრძალულია ძლიერი გამხსნელების (აცეტონი, სკიპიდარი), ტუტეებისა (რომლებსაც მილების საწმენდი საშუალებები შეიცავს) და კონცენტრირებული მჟავების გამოყენება.
სპირტიც კი ჯობს წყალში გააზავოთ, რადგან გაუზავებელ მდგომარეობაში ზოგიერთ ზედაპირზე მან შეიძლება ლაქები დატოვოს. გარდა ამისა, ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება საფუძვლიანად უნდა ჩამოირეცხოს.
აკრძალულია ნებისმიერი სახის აბრაზიული საშუალების გამოყენება, დაწყებული უხეში ლითონის ჯაგრისებიდან, დასრულებული საწმენდი ფხვნილებითა და სოდით. ყველა მათგანი აზიანებს პოლიმერულ ზედაპირს და მას ხორკლიანს ხდის.
გლუვ (მატოვი) პანელებზე ეს თავიდანვე არ გამოჩნდება, მაგრამ დაკაწრული ადგილები ბევრად უფრო სწრაფად დაისვრება.
პრაქტიკული რჩევა: ნებისმიერი ახალი სარეცხი საშუალება ჯერ შეუმჩნეველ ადგილას წაუსვით და მითითებული დროით გააჩერეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მასალა არ ზიანდება.
წმენდის წინ, პლასტმასის პანელები მტვერსასრუტით უნდა დაასუფთავოთ. შემდეგ წერტილოვნად დაამუშავეთ შესამჩნევი ლაქები, ბოლოს კი ზედაპირი სრულად გარეცხეთ.
წმენდა ზემოდან ქვემოთ უნდა მიმდინარეობდეს, რათა ჭუჭყიანმა წყალმა უკვე გასუფთავებული ადგილები არ დასვაროს.
დასრულების შემდეგ პანელები ყოველთვის კარგად შეამშრალეთ (იმის მიუხედავად, რომ PVC წყალგამძლე მასალაა, დიდხანს სველ მდგომარეობაში დატოვებამ შეიძლება ობის გაჩენა გამოიწვიოს).
საყოფაცხოვრებო და ხალხური საწმენდი საშუალებები
საყოფაცხოვრებო ქიმია
პლასტმასის პანელები საუკეთესოდ საპნიანი ხსნარით სუფთავდება. ამისთვის თბილ (და არა ცხელ) წყალში გახსენით ცოტაოდენი სამეურნეო საპონი და სრულ გალღობამდე ურიეთ.
ეს ნაზავი კარგად აშორებს მტვერს და მცირე ცხიმოვან ნადებს. საპნის ნაცვლად შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი გელიც გამოიყენოთ (აუცილებლად წყალში გაზავებული).
მხოლოდ საპონი და წყალი ყოველთვის ვერ უმკლავდება გამჯდარ ლაქებსა და გამხმარ ცხიმს. ასეთ დროს გამოგადგებათ:
- მინის საწმენდი სითხე: კარგად წმენდს პლასტმასს, მაგრამ ხშირად შეიცავს სპირტს, ამიტომ წინასწარ შეუმჩნეველ ადგილას შეამოწმეთ.
- საწმენდი გელები: ფხვნილებისგან განსხვავებით, არ შეიცავს აბრაზიულ ნივთიერებებს და არ კაწრავს ზედაპირს. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ განკუთვნილია დელიკატური მასალებისთვის.
- ავტოქიმია: მანქანის საწმენდი აეროზოლები და გელები, როგორც წესი, სახლის პლასტმასისთვისაც უსაფრთხოა.
- სპეციალიზებული სითხეები: საუკეთესო ვარიანტი სწორედ PVC-სთვის განკუთვნილი საშუალებებია. ისინი არა მხოლოდ წმენდს, არამედ ათეთრებს, უკეთებს დეზინფექციას და იცავს ზედაპირს მტვრისგან.
ხალხური მეთოდები
ხშირად ხალხური საშუალებები მაღაზიისაზე უკეთ მუშაობს, უფრო ეკოლოგიურია და არ აქვს მძაფრი ქიმიური სუნი. შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- სოდა: გააზავეთ წყალში სქელი ფაფის მიღებამდე და წაუსვით მხოლოდ ჯიუტ ლაქებს. გააჩერეთ 5-15 წუთი და ფრთხილად ჩამორეცხეთ. სოდის ზედაპირზე დაზელა კატეგორიულად იკრძალება!
- სპირტი: გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი (20 მლ 1 ლიტრ წყალზე). დასუფთავების დროს აუცილებლად გააღეთ ფანჯრები.
- ძმარი: 9%-იანი სუფრის ძმარი გააზავეთ წყალთან 1:3 პროპორციით. ანალოგიურად მუშაობს ლიმონის წვენიც.
როგორ მოვაშოროთ სპეციფიკური ტიპის ლაქები
ცხიმი
სამზარეულოს ჭერი ან წინსაფარი ხშირად იფარება გამხმარი ცხიმის წვეთებით. ვინაიდან უხეში ჯაგრისებისა და აცეტონის გამოყენება აკრძალულია, ცხიმს წყალში გაზავებული სპირტი ან არაყი საუკეთესოდ უმკლავდება.
დაგეხმარებათ ასევე ლიმონმჟავა ან ძმარი. ყველაზე ეფექტური კი ორთქლმწმენდია (პაროგენერატორი) — ცხელი და ნოტიო ჰაერი სწრაფად შლის ცხიმოვან ნადებს (გამოიყენეთ მხოლოდ მინიმალური გაცხელებით).
ობი და სოკო
აბაზანასა და გაუთბობელ აივანზე ხშირად ჩნდება შავი ლაქები და ობის სუნი. მცირე ზომის კოლონიების მოსაშორებლად ნებისმიერი ანტისეპტიკი გამოგადგებათ — ქლორის შემცველი მათეთრებელი, წყალბადის ზეჟანგი, აფთიაქის ბორა ან წყალში გაზავებული სპირტი.
თუმცა, ფერადი პლასტმასი ასეთი დამუშავების შემდეგ შეიძლება გაფერმკრთალდეს.
თუ ობი ძალიან ბევრია და არსებობს ეჭვი, რომ მან პანელების უკან შეაღწია, უმჯობესია საფარი მოხსნათ და კედელი ანტისეპტიკური გრუნტით დაამუშაოთ.
კირქვის ნადები
იქ, სადაც პლასტმასი წყალთან კონტაქტშია, მთავარი პრობლემა არა ჭუჭყი, არამედ კირქვის ნადებია. დროთა განმავლობაში ის მაგრდება და მისი მოშორება რთულდება. ასეთ სიტუაციებში საუკეთესოა მჟავის შემცველი საშუალებები, რომლებიც რეაქციაში შედის ნალექთან და შლის მას. ხალხური მეთოდებიდან ძმრისა და ლიმონის წვენის გამოყენებაა რეკომენდებული, თუმცა დამუშავებამდე მათი მოქმედება აუცილებლად უნდა შეამოწმოთ შეუმჩნეველ ადგილას.