ჯანმრთელობა
თავის ტკივილი თუ ინსულტი? 4 მნიშვნელოვანი განსხვავება
ინსულტი მეორე ყველაზე გავრცელებული „მკვლელია“ მსოფლიოში. როგორც ექიმები გვაფრთხილებენ, პაციენტების მხოლოდ 16% ახერხებს ინსულტის გადატანის შემდეგ სრულად განკურნებას, ხოლო გადარჩენილი 50% პირველი ინსულტის გადატანიდან 5 წლის შემდეგ კვლავ ინსულტს ეჯახება.
შეტევის დროს ექიმებს მხოლოდ 3,5-4 საათი აქვთ, რომ პაციენტს დაეხმარონ: წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება შეიძლება შეუქცევადი იყოს და პაციენტი შეზღუდული გახდეს ან გარდაიცვალოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის პირველი ნიშნების ცოდნა და სასწრაფოს დროულად გამოძახება, თუ საკუთარ თავში ან ახლობლებში მსგავსი ნიშნები შენიშნეთ. ინსულტის ყველაზე მთავარი სიმპტომი – ძლიერი და მოულოდნელი თავის ტკივილი. სამწუხაროდ, ხშირად მას შაკიკად მიიჩნევენ. არსებობს თუ არა შაკიკსა და ინსულტის თავის ტკივილს შორის განსხვავება? საბედნიეროდ, არსებობს და დღეს გიამბობთ, რა მნიშვნელოვან განსხვავებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
თქვენ 40 წელზე მეტის ხართ და ადრე შაკიკი არ გაწუხებდათ
შაკიკი შუა ასაკში ძალიან იშვიათად ვითარდება, ჩვეულებრივ, ის პირველად ჩნდება მოზარდობის პერიოდში და ადამიანს მთელი ცხოვრება აწუხებს. თუ 40 წლის ან უფრო მეტის ხართ და შაკიკი არასდროს გაწუხებდათ (განსაკუთრებით აურის თანხლებით) და მოულოდნელად ძლიერმა თავის ტკივილმა შეგაწუხათ – სასწრაფოდ დახმარება გამოიძახეთ. ინსულტის ალბათობა ძალიან მაღალია.
აურის სიმპტომები ჩვეულებრივისგან განსხვავდება
გულისრევა, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის და ხმაურის მიმართ, მუცლის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები და მეტყველების გართულება – ყველა ეს შაკიკის აურის სიმპტომია. როგორც წესი, ერთ ადამიანს ყველა ეს სიმპტომი არ აწუხებს – ხშირად საკმაოდ გარკვეული სიმპტომები გვაწუხებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვეული ნიშნები სწრაფად ხდება. თუ თავის ტკივილის შეტევას მოულოდნელად თან ახლავს უჩვეულო სიმპტომები, დაუყონებლივ ექიმს უნდა მიმართოთ – დიდი ალბათობით საქმე შაკიკს არ ეხება.
სიმპტომები მოულოდნელად თავს დაგესხათ
ყველაზე ძლიერი შაკიკიც კი თანდათანობით ვითარდება: თავის ტკივილი და აურის სიმპტომები უფრო სუსტიდან ძლიერისკენ ვითარდება, იზრდება. ინსულტის შემთხვევაში სიმპტომები ადამიანს მოულოდნელად თავს ესხმის: ჯერ კიდევ წუთის წინ ყველაფერი კარგად იყო, მეორე წამს კი თავის ტკივილი გვაწუხებს. დაუყონებლივ სასწრაფო გამოიძახეთ.
თქვენ „ნეგატიური“ სიმპტომები გტანჯავთ
ინსულტს ხშირად ახლავს ე.წ. „ნეგატიური“ სიმპტომები: სისუსტე, მხედველობის დაქვეითება, მგრძნობელობის დაქვეითება. შაკიკის დროს სიმპტომები „პოზიტიურია“ – თითქოსდა პაციენტი დამატებით შეგრძნებებს იღებს (თუნდაც უსიამოვნოს) და ჩვეულს არ კარგავს.
არის თუ არა კავშირი შაკიკსა და ინსულტს შორის?
სამწუხაროდ, არსებობს. თუ აურის შაკიკი გაწუხებთ, ინსულტის ალბათობა 2–ჯერ უფრო დიდია, ვიდრე თანატოლებში, რომელთაც ეს დაავადება არ აწუხებთ და მხოლოდ შაკიკი აქვთ აურის გარეშე. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, არტერიული წნევის გაკონტროლება აუცილებლად გჭირდებათ, მოწევაზე, ალკოჰოლის და კოფეინის მიღებაზე უარი უნდა თქვათ, ასევე რეგულარულად სპორტით დაკავდეთ.