Connect with us

კულინარია

კიტრის ძალიან ხრაშუნა მარინადი სწრაფად და მარტივად. არაფრის ადუღება და სტერილიზება არ დაგჭირდებათ

ერთხელ მე და ჩემი მეუღლე უჩვეულო ქორწილში დაგვპატიჟეს. უჩვეულო იმიტომ, რომ სოფელში მიგვიწვიეს. განებივრებული ქალაქის მაცხოვრებლისთვის სოფელში ქორწილი უპრეცედენტო იშვიათობაა. ორი სიტყვით რომ აღვწერო, ეს იქნება „აღფრთოვანება“ და „გაოცება“.  რა ღირს მხოლოდ ქოხი და მრავალფეროვანი კერძებით სავსე მაგიდა. ქორწილში ერთი გემრიელი წასახემსებელი იყო, რომლის რეცეპტიც პატარძლის დედას ვთხოვე.

ზამთრისთვის შესანახი კიტრი სტერილიზაციის გარეშე

მშვენიერმა ოლღამ თავისი შეუდარებელი წასახემსებლის საიდუმლო გამიზიარა. სოფელში „საქორწილო“ , საზამთროდ შესანახ კიტრს ძმრის გარეშე პირდაპირ მოკრეფის დროს ამზადებენ, ჭის წყალს ასეხებენ და სტერილიზაციას არ უკეთებენ. გემოთი ნაკლებად მარილიანი კიტრის გემო აქვს, მაგრამ უფრო ხრაშუნა და არომატული გამოდის. ამასთან ადვილად მზადდება და კარგად ინახება.

მე და დედამ რეცეპტის აგარაკის ვარიანტზე ადაპტირება მოვახდინეთ. დედა კიტრს პირდაპირ აგარაკზე ხუთლიტრიან ბოთლებში ამარილებს. შაბათ-კვირას კი მე და ჩემ მეუღლეს ქალაქში მოგვაქვს და უკვე ქილებში ვანაწილებთ.

რეცეპტი, რომელზეც დღეს გიამბობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამაზე უფრო გემრიელი კიტრი არასდროს გამისინჯავს.

ინგრედიენტების რაოდენობა ერთ სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი. ხუთლიტრიანი ბოთლისთვის რაოდენობა უნდა გაზარდოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ კიტრი
  • 100 გრ მარილი
  • 1 ლ წყალი
  • 3 კამის ფოთოლი
  • 1 პირშუშხას ფოთოლი
  • 1 თავი ნიორი
  • 4 შავი წიწაკის მარცვალი
  • 3 ბაჰარის მარცვალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი
  • ¼ წითელი წიწაკის პარკი
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 2 შავი მოცხარის ფოთოლი
  • 2 მუხის ფოთოლი

მომზადება:

1. კიტრი ჯაგრისით გარეცხეთ და რამდენიმე საათით ცივ წყალში დაასველეთ. ეს შესანიშნავი მეთოდია, რომ კიტრი უფრო ხრაშუნა გამოვიდეს. კიტრის ბოლოები სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მოჭრათ.

2. ქილა კარგად გარეცხეთ, სტერილიზება საჭირო არაა.

3. კამა, პირშუშხას, ალუბლის, მოცხარის და მუხის ფოთლებს ცივი წყალი გაავლეთ. ნიორი გაასუფთავეთ.

4. ფოთლების ნაწილი, წითელი წიწაკა, ნიორი და სანელებლები ქილის ძირში ჩააწყვეთ. ზემოდან მაქსიმალურად მჭიდროდ კიტრები ჩააწყვეთ.

5. ქვაბში წყალი გააცხელეთ და მასში მარილი გახსენით.

6. მარილწყალი კიტრს დაასხით, ზემოდან დარჩენილი ფოთლები დაადეთ და ბოთლს თავსახური დაახურეთ.

7. მარილიანი კიტრის ცივი მეთოდით მოსამზადებლად კიტრი 5 დღე დაამარილეთ. შემდეგ მარილწყალი გადაასხით (სანელებლები და მწვანილი არ გადააგდოთ), თეთრი ნადების მოსაშორებლად კიტრი გარეცხეთ და ცივი წყალი დაასხით. 1 თვეში წასახემსებელი მზად იქნება.

8. “საქორწილო“ კიტრი მხოლოდ 2 დღე დაამარილეთ.

9. ორ დღეში წყალი გადაასხით, ნიორი და მწვანილები მოაშორეთ, კიტრი კი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

10. მარილწყალი მარლაში გადაწურეთ და აადუღეთ, ქაფი მოხადეთ.

11. სუფთა სტერილურ ქილებში გარეცხილი კიტრები მოათავსეთ, ცოტა ახალი კამა და ნიორი დაუმატეთ და მდუღარე მარილწყალი დაასხით. დამდუღრული ლითონის თავსახური დააფარეთ.

12. კიტრის ქილები გადმოაბრუნეთ. ასეთ მდგომარეობაში 24 საათით გააჩერეთ.

13. გრილ ადგილას შეინახეთ.

რედაქციის რჩევა

„საქორწილო“ კიტრის მარილწყალი მღვრიე უნდა იყოს. თუ მასში თეთრი ნალექი გაჩნდება, არ იფიქროთ, რომ კიტრი გაფუჭდა. ეს რძის მჟავაა, ბუნებრივი კონსერვანტი, რომლის წყალობით კიტრი დიდხანს ინახება. ნალექის მოშორება საჭირო არაა. გამოყენების წინ უბრალოდ წყალი გადაავლეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

Advertisement