Connect with us

ჯანმრთელობა

ჟოლოს ფოთლების შენახვა მოასწარით, რომ ზამთარში საკუთარ თავს მადლობა გადაუხადოთ

რამდენიმე თვის წინ უკოფეინო ჩაიზე გადასვლა გადავწყვიტე. მიყვარს, როცა სახლში რამდენიმე ვარიანტი მაქვს და საღამოობით შემიძლია ფინჯანი ჩაი ძილის დაფრთხობის შიშის გარეშე დავლიო. ძირითადად, როიბუშის ჩაის ან სასმელს კოჭით და ლიმნით უპირატესობას ვანიჭებ. ბალახების ჩაის უფრო იშვიათად ვსვამ. ჟოლოს ფოთლების ჩაი ჩემი ფავორიტია.

ჟოლოს კენკრას მუჭობით ვჭამთ, მისგან მურაბას ვამზადებთ, დესერტებში ვიყენებთ. ბუჩქის სხვა ნაწილებს კი დაუმსახურებლად გვერდს ვუვლით. არადა ისეთივე ღირებულია, როგორც ნაყოფი. Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ ჟოლოს ფოთლებისგან ჩაი მოამზადოთ.

ჟოლოს ფოთლების ჩაის სარგებელი

ჟოლოს ფოთლების ჩაი კოფეინს ან მის ანალოგს არ შეიცავს, თუმცა რიგ სასარგებლო თვისებებს ფლობს. ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისებების წყალობით სურდოს დროს გვეხმარება. დამეთანხმეთ, წლის ცივ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. გარდა ამისა, საჭმლის მოუნელებლობის, უძილობის და სტრესის დროს გვეხმარება.

ზაფხულში ჟოლოს ფოთლების ჩაის განსაკუთრებით გაჯერებული არომატი აქვს, ზამთარში კი ნაკლებად გამოხატულია. სუნის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად ფერმენტირება სჭირდება. პროცესი მარტივია, თუმცა რამდენიმე დღეს მოითხოვს. მენდეთ: თქვენი ძალისხმევა ასმაგად ანაზღაურდება!

როგორ მოვამზადოთ ჟოლოს ფოთლების ჩაი

მხოლოდ ჟოლოს ფოთლები დაგჭირდებათ. ბუჩქის წვერიდან მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა ფოთლები აირჩიეთ. სამლიტრიან ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ, ბოლომდე გაავსეთ. ღია ქილა თბილ ადგილას ან მზეზე 24 საათით გააჩერეთ.

ამის შემდეგ ქილის შემადგენლობა პოლიეთილენის პარკში გადაიტანეთ და კიდევ 24 საათით საყინულეში შეინახეთ.

და ბოლოს, გაყინული ფოთლები მარლა დაფარებულ ლანგარზე დააწყვეთ. 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3 საათით შედეთ. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ პირსახოცი დააფაროთ და რამდენიმე დღე მზეზე გააჩეროთ.

ჟოლოს ფოთლების ჩაი აუცილებლად მოამზადეთ, ზამთარში ნამდვილი მხსნელი გახდება!  ჯანმრთელობას გისურვებთ!