ჯანმრთელობა
პროფილაქტიკის 3 წესი, რომლითაც დაავადებების 75%–ის თავიდან აცილებას შეძლებთ
ყველამ იცის, რომ სჯობს დაავადებები თავიდან ავიცილოთ, ვიდრე ვიმკურნალოთ. თუმცა აბსოლუტური ჯანმრთელობით ცოტა თუ დაიკვეხნის. არადა ექიმებმა ყველა დაავადების პრევენციის მეთოდების შესახებ იციან და გულუხვად გვიზიარებენ.
„განუკურნებელი დაავადებები არ არსებობს, არსებობს უკურნებელი ადამიანები, რომელთაც ბუნების კანონების გასაგებად უნარი არ ყოფნით, რომელთაც თვითდისციპლინისთვის ნებისყოფა არ აქვთ“ – ამბობს კენეტი ჯეფრი, ავსტრალიელი ექიმი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დაავადებების პროფილაქტიკაზე. ჩვენს დროში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის საკმაოდ ბევრი მეთოდი არსებობს, მემკვიდრეობით დაავადებების პროფილაქტიკაც წარმატებით ხდება. სწორი მიდგომით ქრონიკული დაავადებების პრევენციაც შეიძლება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენეტიკურად ორგანიზმის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. 75%–მდე რეგულირება შეიძლება ცხოვრების წესით (კვება, გარემო , დაავადებების პროფილაქტიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესი).
ფიზიკური ვარჯიში
შეუფასებელი საშუალება სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. დამტკიცებულია, რომ ფიზიკური ვარჯიში (იოგა, ციგუნი, სწრაფი სიარული, ტანვარჯიში, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ნებისმიერი სხვა დინამიური პრაქტიკა) ენდოგენური ოპიატების (შინაგანი ნარკოტიკული ნივთიერება) გამოდევნას ხელს უწყობს. ისინი ცნობილი არიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და ჰარმონიზებული ეფექტებით, ფუნქციების დარეგულირების უნარით.
ფიზიკური ვარჯიში არტერიულ წნევას ამცირებს, გულის მუშაობას არეგულირებს, მოქნილობას ავითარებს, ჰორმონებს აწარმოებს, კუნთების და ძვლების გაძლიერებას ხელს უწყობს, ინსულინის წარმოებას ააქტიურებს, რომელიც დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის და სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას ამცირებს.
ფიზიკური აქტივობა და დინამიური პრაქტიკა კუჭ–ნაწლავის დაავადებების პრევენციისთვის სასარგებლოა. მას ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე გამაძლიერებელი და მარეგულირებელი მოქმედება აქვს. მუცლის პრესზე და მუცლის ღრუს ორგანოებზე (კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი, ელენთა, თირკმლები) გავლენას ახდენს.
სწორი სუნთქვა
ადამიანის ორგანიზმის ერთ–ერთი მთავარი ფუნქციაა. რთულია ზედმეტად შეაფასოთ სუნთქვითი ვარჯიშები, რომელთა დახმარებით სასუნთქი ორგანოების დაავადებების პრევენცია და ყველა შინაგანი ორგანოების და სასიცოცხლო ძალების დაბალანსება შეიძლება. მის სასარგებლო ეფექტს ტრადიციული მედიცინა უკვე რამდენიმე ათასი წელი იყენებს. სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებით რამდენიმე გამაჯანსაღებელი სისტემა არსებობს. მაგალითად, ჩინური სუნთქვითი ვარჯიში უშუ, რომლიდანაც მთელი საბრძოლო ხელოვნება განვითარდა. მრავალფეროვნების მიუხედავად „შინაგანი ალქიმიის“, როგორც დაოსურ ტრაქტატებში ღრმა სუნთქვას უწოდებენ, არსი უცვლელია.
ჩვეულებრივი, ზედაპირული სუნთქვისას ფილტვების 2/3 მოცულობა სავსეა ღარიბი ჟანგბადით – ჰაერით, რომელიც წინა ამოსუნთქვისას არ გამოსულა. ჰაერის სრულად გასაახლებლად სუნთქვისას არა გულმკერდი, არამედ მუცლის პრესი და დიაფრაგმის კუნთები გააფართოვეთ (სწორედ ასე სუნთქავენ პროფესიონალი მომღერლები). ამ შემთხვევაში ჟანგბადი ფილტვებში ღრმად ჩადის, შემდეგ სისხლში ხვდება, მუცლის ღრუს ორგანოების აქტივობას არეგულირებს.
სწორი სუნთქვა და სუნთქვითი ვარჯიშების სპეციალური ნაკრები ჟანგბადით სისხლის გამდიდრებას ხელს უწყობს, თრომბის და ჰიპერტონიის განვითარებას აფერხებს, ორგანიზმს თვითრეგულაციაში ეხმარება, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. ეს ყველაფერი გახდომას, გონებრივ სტიმულირებას და მაღალ ნერვულ აქტივობას (ძილის ჩათვლით) ხელს უწყობს. სუნთქვითი პრაქტიკები დაჭიმულობის და ენერგეტიკული ბლოკების მოხსნისკენ არის მიმართული.
კვება
სწორი კვება გამოსაჯანმრთელებლად და პრაქტიკულად ყველა დაავადების პროფილაქტიკისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. უფრო მეტიც, კვება ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ადამიანს ჯანმრთელობაზე, კერძოდ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პროფილაქტიკა პირდაპირ კვებას უკავშირდება. ჯანსაღად კვება და წონის გაკონტროლება რთული არაა. ცხიმიან კერძებზე უარი თქვით. მაგალითად, მაღალ ტემპერატურაზე ხორცის შეწვისას გამოიყოფა მავნე ნივთიერება, რომელიც სიმსივნის (კუჭის, ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის და ძუძუს) განვითარების რისკს ზრდის.
ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკას და ჯანმრთელობის გაძლიერებას ხელს უწყობენ.
- მწვანე ჩაი შეიცავს უძლიერეს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ზოგიერთი სიმსივნისგან გვიცავს. ბოლოდროინდელმა იაპონურმა კვლევებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის პირდაპირი კავშირი აქვს სიმსივნის გვიანდელ განვითარებასა და სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალებასთან.
- კაკლის ნებისმიერი სახეობა სასარგებლოა. ჰარვარდის მეცნიერებმა 14 წელზე უფროსი 83 ათასი ქალის გამოკვლევით დაადგინეს, რომ კვირაში 30 გრ კაკალი მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს 20%–ით ამცირებს, მათთან შედარებით, ვინც კაკალს იშვიათად ჭამს.
- სოიო არტერიულ წნევას, სისხლის ქოლესტერინის დონეს, თრომბის განვითარების რისკს ამცირებს. ის ძვლებს იცავს და საკვერცხეების, პროსტატის და ძუძუს სიმსივნესთან ბრძოლაში გვეხმარება, ასევე მენოპაუზის სიმპტომებს ამსუბუქებს.
- უხეშად დაფქული მარცვალი. ყოველდღიურად მისი მიღება არა მხოლოდ ინფარქტის, არამედ ბევრი „ასაკობრივი“ დაავადების განვითარების რისკს გარანტირებულად ამცირებს.
- ცხიმიანი თევზი – ართრიტის, დიაბეტის და ჭკუასუსტობის პრევენციაში დაგეხმარებათ. ასეთი თევზი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია და გულის და არტერიების კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
სასარგებლო სანელებლები
- ნიორი. სასარგებლო ანტიბაქტერიული პროდუქტი, რომელიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნისგან გვიცავს.
- კოჭა. კუჭ–ნაწლავის პრობლემების საწინააღმდეგო და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, რომელიც ართრიტის დროს ტკივილს ამცირებს.
- კვლიავი. საჭმლის მონელებას, ასევე სიმსივნის პროფილაქტიკას ხელს უწყობს.
- ჩილი. მასში შემავალი კაპსაიცინი ართრიტული ტკივილის დროს გვეხმარება, სისხლში ლიპიდების დონეს და თრომბის განვითარების რისკს ამცირებს.
- დარიჩინი. სისხლის გათხელებას ხელს უწყობს, რაც თრომბის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ. ამერიკულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ყოველდღიურად ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინის მიღებისას მე–2 ტიპის დიაბეტიკებში შაქრის და მავნე ქოლესტერინის დონე მცირდება.
- კურკუმა. უძველესი დროიდან ჩინურ და ინდურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება რევმატოიდული ართრიტის დროს. ზოგიერთი სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.
- ქინძი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მას სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონის შემცირება შეუძლია. შესაძლოა, ქინძს ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.
ყურადღებით იყავით: სასარგებლო პროდუქტების ჭარბად მიღებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტი გააღიზიანოს, ანთება, გასტრიტი გამოიწვიოს. ყოველთვის ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინეთ.
ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბევრი პრობლემა, რომლებიც იმუნური სისტემის ნაადრევ დაბერებას იწვევენ, სტრესით არის გამოწვეული. ცოტა სტრესი არავის აწყენს, მაგრამ თუ ხანგრძლივ, მტანჯველ მდგომარეობად იქცევა, არა მხოლოდ ფსიქიკას, არამედ მთელ ორგანიზმს ზიანს აყენებს.