ჯანმრთელობა
D ვიტამინის დეფიციტი: 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა კორონავირუსის მომატებულ რისკსა და D ვიტამინის დეფიციტს შორის კავშირს ადასტურებს. მაშინაც კი, თუ ბოლო პერიოდის „ყველაზე გახმაურებულ დაავადებას“ არ გაითვალისწინებთ, D ვიტამინის მუდმივი კონტროლი აუცილებელია. ის ნივთიერებათა ცვლაზე პასუხისმგებელია, მასზე დამოკიდებულია კალციუმის ათვისება. „მზიანი“ ვიტამინი დეპრესიისა და დიაბეტისგან გვიცავს. ახლა, როცა ბევრ ჩვენგანს ყოველდღე ქუჩაში გასვლის და მზეზე დროის გატარების შესაძლებლობა არ აქვს, მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტის რისკი ისე მაღალია, როგორც არასდროს. აი, ნიშნები, რომ დროა საჭირო ზომები მიიღოთ.
მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
დიდხანს ძილის შემთხვევაშიც, თუ ორგანიზმს D ვიტამინი აკლია, თქვენ მუდმივად დაღლილობას იგრძნობთ. ეს სამედიცინო ფაქტია. ჩრდილოამერიკულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალი დონე პირდაპირ დაკავშირებულია სწრაფ დაღლასა და ქრონიკულ დაღლილობასთან. ამავდროულად, მოხალისეებმა, რომლებიც ვიტამინის საკმარის დოზას იღებდნენ, ძალიან მალე განწყობის გაუმჯობესება და გაზრდილი შრომისუნარიანობა აღნიშნეს.
დეპრესიაში ხართ
D ვიტამინის დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანი დეპრესიაა. პირველ რიგში, ეს იმით აიხსნება, რომ ტვინის ბევრ ნაწილში, მათ შორის იქ, რომელიც დეპრესიას უკავშირდება, D ვიტამინის ინჰიბიტორები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, აშშ–ს ეროვნული ენდოკრინული საზოგადოების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიით დაავადებული პაციენტების სიმპტომები D ვიტამინის მიღების შემდეგ შემცირდა ან საერთოდ გაქრა.
ჩვეულებრივზე უფრო მეტად ოფლიანობთ
D ვიტამინის დეფიციტის ერთ–ერთი პირველი „კლასიკური“ სიმპტომი – ოფლი, მუდმივად სახისა და შუბლის გაოფლიანება. თუ სხეულის ნორმალური ტემპერატურის და დაბალი ფიზიკური აქტივობის პირობებშიც თქვენი შუბლი მუდმივად სველია, შესაძლოა, „მზიანი“ ვიტამინის დონე უნდა შეამოწმოთ.
ძვლები და კუნთები გტკივათ
ძვლების, კუნთების და სახსრების ტკივილი შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის ნიშანი იყოს. გარდა ამისა, ხშირი მოტეხილობა და ძვლების დაზიანება – ასევე ერთგული ნიშანია, რომ თქვენ ეს მნიშვნელოვანი ვიტამინი კატეგორიულად გაკლიათ.
ცუდად გძინავთ
D ვიტამინის საკმარისი მოხმარება სრულყოფილ ღამის დასვენებას 16%–ით ზრდის – ასეთ დასკვნამდე კვლევის ავტორები მივიდნენ, რომლის შედეგებიც გამოცემა Journal of Sleep Research-მა გამოაქვეყნა. თუ თქვენ რეგულარულად ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, D ვიტამინის დონის შემოწმება ღირს.