Connect with us

ჯანმრთელობა

D ვიტამინი კარგი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი პროდუქტია. სახსრების ტკივილი, ჭარბი წონა და ოსტეოპოროზი წარსულში დარჩება

“ისეირნეთ მაქსიმალურად ბევრი მზეზე, რათა ორგანიზმში D ვიტამინის მარაგი შეივსოთ” – ეს ფრაზა ყველას არაერთხელ მოგვისმენია და კარგად ვიცით, რომ სწორედ მზის სხივებია ამ ვიტამინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ჩვენი ორგანიზმისთვის. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი D ვიტამინის დეფიციტისგან იტანჯება. რატომ ხდება ასე?

გარდა არასაკმარისი დროის მზეზე გატარებისა, D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განაპირობოს ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივმა ცვლილებებმა, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებმა, რომელთაც მსხვილი ნაწლავის მიერ D ვიტამინის შეწოვისა და ათვისების შეფერხებამდე მივყავართ, არასწორმა კვებამ და ა.შ.

რისთვის არის საჭირო D ვიტამინი?

გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერები და ექიმები რაქიტის სამკურნალო წამლის ძიებაში იყვნენ, გაირკვა, რომ ჩვენი ძვლებისთვის აუცილებელი კაცლიუმისა და ფოსფორის ათვისება ორგანიზმის მიერ არ ხდება კონკრეტული ნივთიერების გარეშე, რომელმაც მოგვიანებით D ვიტამინის სახელწოდება მიიღო, იგივე კალციფეროლი. ამ პრობლემიდან გამოსავალი ექიმებმა თევზის ქონში იპოვეს. სწორედ მას აძლევდნენ პატარა ბავშვებს რაქიტის პროფილაქტიკისთვის.

დღესდღეობით არსებობს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთა საერთო სახელწოდებაა D ვიტამინი. ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ამასთან, ამ მნიშვნელოვან ნივთიერებას ვიღებთ ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა საკვები პროდუქტებიდანაც. რაც შეეხება ვიტამინ D2-ს (ერგოკალციფეროლი), მისი მარაგის შევსება ორგანიზმში ხორციელდება მხოლოდ საკვებიდან (საფუარი, პური, სოკოს ზოგიერთი სახეობა და ა.შ.).

როგორც უკვე ავღნიშნეთ, D ვიტამინის მთავარი ფუნქცია სისხლში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის პროცესების დარეგულირებაა, რის ხარჯზეც ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა სწორად ვითარდება, კბილები და ძვლები ჯანსაღდება, კუნთები კი უფრო ძლიერი ხდება. D ვიტამინის დეფიციტი ძვლების დასუსტებისა და ოსტეოპოროზის გამოწვევის უმთავრესი მიზეზია. ფიზიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამ დაავადებისკენ ყველაზე ხშირად მიდრეკილები სწორედ ქალბატონები არიან.

გარდა ძვლების გაძლიერებისა, D ვიტამინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის სრულფასოვან, გამართულ მუშაობაში. ერთ-ერთი მისი მთავარი ფუნქცია კატელიციდინის გამომუშავებაა – ანტიმიკრობული პეპტიდი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციებისა და ანთების დამარცხებაში.

ცნობილია, რომ D ვიტამინი იღებს მონაწილეობას დოფამინის სინთეზში – ნეირომედიატორი, რომელსაც მასტიმულირებელი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. მისი უკმარისობა იწვევს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას, დეპრესიას, სტრესს და მუდმივ დაღლილობას. განსაკუთრებით აქტიუალური მსგავსი პრობლემები შემოდგომისა და ზამთრის სეზონზეა, როდესაც გარემო მზის სხივების უკმარისობას განიცდის.

ცუდი განწყობა ან ემოციურად გაუწონასწორებლობა, რომელიც სწორედ D ვიტამინის დეფიციტით არის გამოწვეული, შეიძლება იქცეს წონის მატების მიზეზადაც. სწორედ ამ მიზეზის გამო, სანამ გახდომის გეგმას დასახავდეთ, აუცილებლად შეიმოწმეთ ორგანიზმში D ვიტამინის დონე.

კომპანია “Google”-ის ტექნიკურმა დირექტორმა და ცნობილმა ფუტუროლოგმა, რეიმონდ კურცვეილმა, განაცხადა, რომ დღესდღეობით D ვიტამინი არის იმ 3 უმთავრესი პრეპარატიდან ერთ-ერთი, რომელიც საგრძნობლად აფერხებს დაბერების პროცესს და მისი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერ აფთიაქში.

D ვიტამინის დღიური ნორმა 

D ვიტამინის შემცველობა გამოისახება საერთაშორისო ერთეულით – ME. 1 ME უდრის 0,000025 მგ (0,025 მგკ) ქიმიურად სუფთა D ვიტამინს (1 მგკ = 40 ME).

1. ერთ წლამდე ბავშვებში დღიური ნორმა – 400 ME. დასაშვები მაქსიმუმი უსაფრთხო ულუფა – 1000-1500 ME.

2. ბავშვებში 13 წლამდე – 600 ME. მაქსიმუმი დასაშვები ულუფა – 2500-4000 ME.

3. მოზარდებში 14-დან 18 წლამდე – 800 ME. დასაშვები მაქსიმუმი – 4000 ME.

4. 19 დან 70 წლამდე პაციენტებში დღიური ნორმა – 600 ME. დასაშვები მაქსიმუმი ულუფა – 4000 ME.

5. 71 წელს გადაცილებულ ადამიანებში დღიური ნორმა – 800 ME. დასაშვები მაქსიმუმი – 4000 ME.

D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება მხოლოდ საკვებიდან ძალიან რთულია. მაგალითად, 600 ME  D ვიტამინი უდრის 20 კვერცხის ცილას ან 200 გრამ ორაგულს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ამის შანსი და საშუალება მოგეცემათ, მიეფიცხეთ მზეს, რა თქმა უნდა, გონივრული დროით.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები 

1. თევზის ქონი

თევზის ქონი – ერთ-ერთი უძველესი საკვები დანამატი, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. მოცემული პროდუქტი მდიდარია არა მხოლოდ ომეგა 3-ითა და D ვიტამინით, არამედ A ვიტამინით, ომეგა 6-ისა და ომეგა 9-ის ცხიმოვანი მჟავებით.

თევზის ქონის გემო არაჩვეულებრივად გვახსოვს ყველას, ვინც საბჭოთა კავშირის დროში დავიბადეთ. იყო დრო, როდესაც სკოლებში და საბავშვო ბაღებში ყოველდღიურად თევზის ქონის მიღება აუცილებლობას წარმოადგენდა, თანაც იმ დროს არ არსებობდა პროდუქტი კაფსულების სახით და მისი დალევა პირდაპირ გვიწევდა, რაც ნაკლებად სასიამოვნო პროცედურა იყო.

დღესდღეობით თევზის ქონი საუკეთესო საშუალებაა ინფარქტის, ინსულტისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, უმკლავდება სტრესსა და დეპრესიას.

D ვიტამინის შემცველობით თევზის ქონი ნამდვილი რეკორდსმენია. 100 გრამი ეს დანამატი შეიცავს დაახლოებით 10000-16000 ME D ვიტამინს, რაც დღიურ ნორმაზე 30-ჯერ მეტია.

2. ცხიმიანი ქაშაყი

გარდა ამ პროდუქტის ბიუჯეტურობისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქაშაყი თევზის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სახეობაა. მიირთვით ის რეგულარულად, რათა შეივსოთ D ვიტამინის მარაგი ორგანიზმში.

გასაოცარია, თუმცა ქაშაყი გამოდგება გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისთვისაც, რადგან ის შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან ღირებულ, შეუცვლელ ამინომჟავას – ლიზინს. ეს ნივთიერება გამოირჩევა თავისი ანტივირუსული ქმედებით და ეფექტურად გვიცავს სეზონური დაავადებებისგან.

3. ორაგული

ორაგულის სტანდარტული პორცია, რომელსაც რესტორნებში გვთავაზობენ, შეიცავს დაახლოებით 700 ME ვიტამინ D-ს.

4. ვირთევზას ღვიძლი

სწორედ ვითევზას ღვიძლისგან მზადდება ყველაზე ხშირად თევზის ქონი, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე. ვირთევზას ღვიძლის 100 გრამიანი კონსერვი შეიცავს დაახლოებით 500 ME D ვიტამინს.

5. წითელი ხიზილალა

მოცემული პროდუქტი მდიდარია A, B, C და D ვიტამინებით, ბუნებრივი ლეციტინით, ფოლიუმის მჟავითა და ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან ღირებული არაერთი მინერალით. 100 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 120 ME D ვიტამინს.

6. ძროხის ღვიძლი

100 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს ცილის დღიური ნორმის 27%-ს. ძროხის ღვიძლი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით (რკინა, სპილენძი, კალციუმი, თუთია), ვიტამინებითა (A, B, C, D, B6, B12) და ამინომჟავებით (ტრიფტოფანი, ლიზინი, მეტიონინი).

7. არაჟანი, ხმელი ყველი

შემოდგომას, ავიტამინოზის პერიოდში, ყველის სხვადასხვა სახეობები გვეხმარება ორგანიზმის მომარაგებაში სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. არაჟანი და ხმელი ყველი B, A, C, D, E და PP ვიტამინების საკმაოდ დიდი წყაროა.

8. კარაქი

კარაქი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E, K) და დაახლოებით 20-მდე შეუცვლელ ამინომჟავას. მართალია, “მზის ვიტამინს” ეს პროდუქტი რეკორდული რაოდენობით ნამდვილად არ შეიცავს (მხოლოდ 40 ME 100 გრამ პროდუქტზე), თუმცა სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში ის არაჩვეულებრივია D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

9. კვერცხი

კვერცხი – ყველაზე იაფი პროდუქტი ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის შესავსებად. ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ კვერცხის ცილაშია, ამიტომ, აუცილებლად გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი კვერცხით, რომელიც შეიცავს არც ისე მცირე რაოდენობით D ვიტამინს და რეკორდული რაოდენობით ცილას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ სტატიაში წარმოდგენილი სასარგებლო რჩევები და იზრუნეთ ორგანიზმში ამ ვიტამინის მარაგის შევსებაზე. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.