Connect with us

ჯანმრთელობა

მართალია, რომ ჭარბი წონა ორსულობის ალბათობას ამცირებს? ექიმი გპასუხობთ

ჭარბი წონა შეიძლება პრობლემა გახდეს იმ ქალებისთვის, ვინც ორსულობას გეგმავს. როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვის ჩასასახად უნდა დავიკლოთ? რა ითვლება ნორმალური წონის პარამეტრად? ამის შესახებ გპასუხობთ სვეტლანა კამოევა, მეან–გინეკოლოგი, ბელარუსიის კლინიკურ–დიაგნოსტიკურ ცენტრში “MEDSI” მეან–გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი:

„რა იგულისხმება „ჭარბი წონის“ კონცეფციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქალის რეპროდუქციულ ასაკს ეხება? ცოტა სტატისტიკა: ჭარბი წონა რეპროდუქციული ასაკის ქალების 30-60%–ს აქვს, ხოლო სიმსუქნით 25-27% იტანჯება. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ქალების 50% სიმსუქნე შეაწუხებს.

ჭარბი წონა სხეულის მასის ინდექსის (BMI) დაანგარიშებით გამოითვლება, რომელიც ჩვეულებრივ 18,5-24,99 კგ/მ² უნდა იყოს. ჭარბმა წონამ (25-29 კგ/მ²) შეიძლება რეპროდუქციული სისტემის დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს. რატომ? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ხასიათდება, როგორც სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა ყველა საკითხში, რომელიც ეხება რეპროდუქციულ სისტემას, მის ფუნქციებს, შთამომავლობის წარმოების პროცესებს და ფსიქოსექსუალურ ჰარმონიულ ურთიერთობას ოჯახში. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნება და აღდგენა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის წარმატებით მოგვარება ჯიშის გამრავლების და ჯანმრთელი გენოფონდის შენარჩუნების შესაძლებლობას განსაზღვრავს.

ჭარბი წონა მენსტრუაციული ფუნქციის (ჰიპოტალამიურ–ჰიპოფიზ–საკვერცხის) რეგულირებაზე უარყოფითად მოქმედებს, ფოლიკულის მომწიფების ნორმალურ აქტივობას ამცირებს, ასევე პროგესტერონის ჰორმონის წარმოებას ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის/სიმსუქნის მქონე ქალებში მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა დარღვევა შეინიშნება, რომლებიც თან ახლავს მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, თითქმის ამენორეის განვითარებამდე (მენსტრუაციული ფუნქციის შეწყვეტა).

ჭარბი წონის მქონე ქალებში მენსტრუაციული ციკლის დარღვევის განვითარების რისკის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხეულის მასის ინდექსი, არამედ წელის გარშემოწერილობაც. ცნობილია, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალებს 80 სმ–ზე მეტი წელის გარშემოწერილობით ქრონიკული ანოვულაციის სინდრომი უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვისაც იგივე სხეულის მასის ინდექსი, მაგრამ 80 სმ–ზე ნაკლები წელის გარშემოწერილობა აქვთ. სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს, რომ მაშინაც კი, თუ მენსტრუაციული ციკლი რეგულარულია, დროთა განმავლობაში ბავშვების გაჩენის შესაძლებლობა შემცირდება.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში ჭარბი წონა / სიმსუქნე არა მხოლოდ უნაყოფობის რისკს, არამედ ორსულობის მოშლის რისკს წარმოადგენს (32,5%). ორსულობამდე გაზრდილი BMI / სიმსუქნე შეიძლება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობის და სამეანო გართულებების რისკ ფაქტორი იყოს:

  • ნაადრევი მშობიარობა (10,8%)
  • მშობიარობის ანომალიები (30,1%)
  • დაბადების ტრავმა (45,7%)
  • საშვილოსნოსშიდა ნაყოფის ჰიპოქსიის განვითარება (60%)
  • პლაცენტარული უკმარისობა (10,8%)

უნაყოფობის, ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის რისკის გარდა ჭარბი წონა ენდომეტრიუმის განვითარების და პათოლოგიების რისკს წარმოადგენს, მათ შორისაა ენდომეტრიუმის სიმსივნე, ასევე სარძევე ჯირკვლების დაავადება, ძუძუს კიბო. ბოლოს, აღვნიშნავ, რომ ჭარბი წონის/სიმსუქნის მქონე ქალებმა ორსულობის დაგეგმვამდე 3-6 თვით ადრე წონა მინიმუმ 5-10%–ით უნდა შეამცირონ, რომ ორსულობის შანსი გაზარდონ.”