Connect with us

ყვავილები

ყვავილი სითბოში და ზამთარშიც ყვავის: ოთახის მცენარე, რომელიც ყინვაში აუცილებლად აყვავილდება

ზამთრის სამი ხანგრძლივი თვის განმავლობაში სამყარო მონაცრისფერო–თეთრი ხდება. აქ, გვეხმარებიან მცენარეები, რომლებიც წლის ცივ სეზონზე ყვავიან. ასეთი ოთახის მცენარეები პირქუშ დღეებს კაშკაშა ფერებს მატებენ და ნამდვილი დღესასწაულის ატმოსფეროს ქმნიან.

ოთახის ყვავილები ზამთარში

ფალენოპსისი

ორქიდეა–პეპელა, ასე უწოდებენ ფალენოპსის, რომელიც ხანგრძლივი ყვავილობით ცნობილია (2-6 თვე ან მეტი).

ჩვეულებრივ, წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს.

ყვავილი ფალენოპსისი ფრთებგაშლილ ჩიტს ჰგავს. ბუნების საოცარი შემოქმედება!

კამელია

კამელიას სამშობლო შორეული აღმოსავლეთია. ევროპაში მე-18 საუკუნეში სასაცილო დამთხვევის წყალობით გამოჩნდა. ირწმუნებიან, რომ ეშმაკმა ჩინელმა ვაჭრებმა ინგლისელებს დეკორატიული კამელია შეაჩეჩეს, ის ჩაის ოჯახიდან მის ნათესავად, ჩაის ბუჩქად გაასაღეს.

იაპონური ვარდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ზამთარში ყვავილობის შესაძლებლობაა. მაგალითად, ესპანეთში, სადაც ზამთარი ცივი და ნესტიანია, ღია ცის ქვეშ ბაღებსა და პარკებში კამელიას ბუჩქები ფერადი ყვავილების კაბით ირთვება. ჩვენთან, ამისთვის ბინაში განსაკუთრებული პირობა უნდა შექმნათ.

სასურველია, ყვავილობის პერიოდში გრილ (12-15 გრადუსი) შემინულ აივანზე გაიტანოთ. ჰაერის სიმშრალე და ნიადაგის გამოშრობა არ უნდა დაუშვათ.

ოთახის ჟასმინი

სახლის პირობებში 2 სახეობის ჟასმინს ზრდიან: სამბაკი და ზამთრის ჟასმინი. ორივე ყვავილს ორპირი ქარი და 15 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა არ უყვარს.

ყვავილობის გასახანგრძლივებლად, მისი მოქნილი ღეროები მუდმივად უნდა დააბათ და რეგულარულად რბილი წყლით მორწყათ.

ინდური აზალია

როდენდრონი სიმსა ან აზალია სიმსა ან ინდური აზალია – პატარა ბუჩქი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იისფერ, ვარდისფერ და თეთრი შეფერილობის ყვავილებს უშვებს.

დამწყებმა მეყვავილემ სახლის პირობებში აზალიას გასაზრდელად ყურადღება წვრილად მოყვავილე აზალიაზე უნდა გაამახვილოს. ესენია Kocho no mai, Cattleya, Addy Wery, Azuma kagame, Adonis და Himomayo.

წლის ცივ სეზონზე ინდურ აზალიას ბუნებრივთან მიახლოებული პირობები სჭირდება. ესაა დაახლოებით 17 გრადუსი ტემპერატურა და ტენიანობა მინიმუმ 70%. ევროპაში აზალია პოპულარულია, როგორც საშობაო სუფრის აქსესუარი. ითვლება, რომ მას სახლში ბედნიერება მოაქვს.

პუანსეტია

პუანსეტია (Poinsettia) ან საშობაო ვარსკვლავი თავისი ლამაზი თანაყვავილებით ცნობილია. მცენარის ყვავილები პატარა და შეუმჩნეველია, მაგრამ მისი დიდი ფოთლები ამას 100-ჯერ ანაზღაურებს.

ყვავილი საკმაოდ უპრეტენზიოა, მაგრამ ყვავილობისთვის ზომიერი ტემპერატურა, კარგი განათება და ნოტიო ჰაერი სჭირდება. ჩვეულებრივ, დეკემბერში ყვავილდება და დაახლოებით 2 თვე ყვავილობს.

სპარსული ყოჩივარდა

ყოჩივარდამ ზამთარში ყვავილებით რომ გაგახაროთ გრილი ფანჯრის რაფა და გაფანტული მზის სინათლე დაგჭირდებათ. მცენარე ისე უნდა მორწყათ, რომ ფოთლები და ფესვები არ დაასველოთ.

კალანჰოე ბროსფელდი

კალანჰოე ბროსფელდის სამშობლო მადაგასკარის ტროპიკული ტყეებია. ყვავილების მწარმოებლებს მცენარე უყვართ უპრეტენზიოობისა და ყვავილობის ფართო სპექტრისთვის: ნაზი მწვანედან ვარდისფერ, ყვითელ, წითელ და ორფერიან კომბინაციამდე.

მცენარე 6 კვირიდან 2,5 თვე ყვავილობს. კარგი მოვლის პირობებში ლამაზი და დიდებული თანაყვავილებით კიდევ უფრო დიდხანს ისიამოვნებთ.

ბუნებაში კალანჰოე ყვავილობს, როცა დღის სინათლე იკლებს. სწორედ ამიტომ, ყვავილობის წინ განათების ხანგრძლივობა უნდა შეზღუდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ენერგია ახალი ყლორტების და ფოთლების ფორმირებას მოხმარდება.

სენპოლია

ბუნებაში სენპოლია (ლათ, Saintpaulia), რომელსაც ჩვენ იას ვუწოდებთ, აღმოსავლეთ აფრიკის მთიან რეგიონებში იზრდება. მას არაფერი აქვს საერთო ტყის იასთან, რომელიც უცოდველობის სიმბოლოდ ითვლება და მაისის დასაწყისში დედამიწას სურნელოვანი ხალიჩით ფარავს.

სენპოლიას ნოტიო ჰაერი უყვარს, როგორც მთის მდინარის სანაპიროზე, რომელიც სამშობლოში მოედინება. ვერ იტანს, როცა წყალი უშუალოდ როზეტის შუაში ხვდება, ამან შეიძლება ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.

ჰიპეასტრუმი

ბოლქვოვანი მცენარე ჰიპეასტრუმს მკვეთრად გამოხატული სიმშვიდის პერიოდი აქვს. აგვისტო–სექტემბერში ზრდას წყვეტს და ფოთლები ცვივა. დეკემბერში ახალი ღერო ფორმირდება, რომლიდანაც მსხვილი თანაყვავილები ჩნდება.

ჰიპეასტრუმი მხოლოდ 10 დღე ყვავილობს, თუმცა ყვავილობის პერიოდის დარეგულირება შეიძლება. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მცენარე ძვირადღირებულ თაიგულზე ცუდად არ გამოიყურება.

გუზმანია

გუზმანია (Guzmania) – მარადმწვანე მცენარე სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებიდან.

გუზმანიას, როგორც პუანსეტიას მთავარი აქსესუარი მისი ლამაზი თანაყვავილებია. გაყიდვაში იპოვით შინდისფერ, ნარინჯისფერ, ალისფერ და ყვითელ თანაყვავილებს.

გუზმანიას მტვრიდან სასარგებლო ნივთიერებების მოპოვების უნარი აქვს, ამით მტვრის ნაწილაკების რაოდენობას ამცირებს და ოთახში ჰაერი წმენდს. როგორც ხედავთ, ბევრი ოთახის მცენარე ზამთარში არანაკლებ ყვავილობს. ყვავილი ყურადღებით აირჩიეთ და თქვენს სახლში სილამაზე, ჰარმონია და კეთილდღეობა ყოველთვის იქნება.