ყვავილები
ჩრდილის მოყვარული ოთახის მცენარეები: სრული სია
ახლახანს მრავალსართულიან კორპუსში გადმოვედი საცხოვრებლად. თავად მე-4 სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ კორპუსი მაღალია. ამასთან, ბინას ფანჯრები ეზოს მხარეს აქვს. სწორედ ამის გამო, მზის სხივები ბინაში იშვიათი სტუმრები არიან. ძალიან მენანებოდა ჩემი ოთახის მცენარეები, რომელთა უმეტესობა ასეთ პირობებს ვეღარ გაუძლებდა. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, რომელ მცენარეებს უყვართ ჩრდილი.
ჩრდილის მოყვარული მცენარეები წარმოუდგენლად აყვავილდა. გამოდის, რომ ზოგი მცენარე ჩრდილში თავს უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე ფანჯრის რაფაზე სინათლეში.
ნახეთ, რომელ მცენარეებს უყვართ ჩრდილი.
კალათეა
ასეთი ლამაზი მცენარე ნებისმიერი ბინის ინტერიერს დაამშვენებს. მის ფოთლებზე ლამაზი ზოლები მცენარეს უჩვეულოს და დამაჰიპნოზებელს ხდის. თუ ფანჯრის რაფაზე მცენარეებისთვის ადგილი აღარ გაქვთ, არ ინერვიულოთ: მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ნახევრად დაჩრდილული ადგილი მისთვის საუკეთესო სივრცე იქნება.
დრაცენა
ბევრი ამ ეგზოტიკურ მცენარეს პალმას ამსგავსებს და შეცდომით მზის მოყვარულ მცენარედ მიიჩნევს. არადა მსგავსების მიუხედავად დრაცენას ჩრდილი უყვარს. უფრო მეტიც, მზის სხივებმა მისი ფოთლები შეიძლება დააზიანოს.
გვიმრა
მოშინაურებული ტროპიკული მცენარე ჩრდილში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მშრალ ჰაერს ვერ იტანს. ფოთლები ხშირად დანამეთ. განსაკუთრებული ყურადღება გათბობის სეზონის დაწყებისას სჭირდება.
ნეორეგელია
მცენარე ყველა დამახასიათებელი თვისებით გვიმრას ჰგავს. ისიც ტროპიკებიდან არის შემოსული, ჩრდილი უყვარს და მშრალი ჰაერი სძულს. ტენიან ოთახში თავს კარგად გრძნობს. მაგალითად, სააბაზანო ოთახი იდეალური ადგილი იქნება. ასე სააბაზანოსაც გააფორმებთ და მცენარესაც იდეალურ ადგილს უპოვით.
აგლაონემა
ამ მცენარეს მხოლოდ მაღალი ტენიანობა და მსუბუქი განათება სჭირდება. ამასთან მცენარე ცივ და ორპირ ადგილას არ დადოთ. უხვად მორწყეთ და ფოთლები დანამეთ.
ფილოდენდრონი
ასეთი ლამაზი მცენარე თქვენს სახლში ნებისმიერ ოთახს გაალამაზებს. გულის ფორმის ფოთლები უბრალოდ სიფაქიზეს წარმოადგენს. მცენარე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. სხვათა შორის, ჰაერს კარგად წმენდს.
დიფენბაჰია
თუ ამ მცენარეს გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ნახავთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ. ამ დროს მცენარეზე ნაზი, ღია ფერის ფოთლები ჩნდება, რომლებიც შეუდარებლად გამოიყურება. საუკეთესო ადგილია ფარდასთან, სადაც გაფანტულ სინათლეს მიიღებს.
სანსევიერია
ძალიან ეფექტური და უპრეტენზიო მცენარე, რომელსაც ადვილად გადააქვს დაბალი ან მაღალი ტემპერატურა, იშვიათი მორწყვა და ორპირი ქარი. ერთადერთ აკრძალვა – ჭარბი მორწყვა. ამ მცენარეს ხალხში „სიდედრის ენას“ უწოდებენ.
ჰელქსინა
კედელზე დაკიდული ან ფანჯრის რაფაზე დადებული ჰელქსინა წარმოუდგენლად ლამაზად გამოიყურება. მისი ღია მწვანე პაწაწინა ფოთლები ერთ გვირგვინს ქმნის. ამ მცენარეს მხოლოდ დანამვა და ხშირი მორწყვა სჭირდება. არანაირი მზის პირდაპირი სხივები!
სპატიფილუმი
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ლამაზი მცენარე ამდენად უპრეტენზიო აღმოჩნდებოდა. მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ სჭირდება. ოღონდ მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
ახლა უკვე იცით, რომელ მცენარეებს უყვართ ჩრდილი, და თუ თქვენი ფანჯარა მზიან მხარეს არ იყურება ან შემოსასვლელი ოთახის მორთვა გსურთ, გამოსავალი არსებობს. ჩამოთვლილი მცენარეებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ და იქ დადეთ, სადაც მოგწონთ! ოთახის მცენარის მოვლის სხვა ასპექტები არ დაივიწყოთ: სასუქი, გადარგვა, მორწყვა.