Connect with us

ყვავილები

როგორ ვიზრუნოთ სწორად ყვავილ „მამაკაცის ბედნიერებაზე“

ანთურიუმი თვალწარმტაცი გარეგნობის გამო ყოველთვის მიყვარდა. მისი დახმარებით ბინის ინტერიერში აქცენტებს მარტივად გააკეთებთ. მაღაზიაში შეძენისას მცენარეს ინსტრუქცია–ბროშურა ახლავს. ვაღიარებ, ლამაზი მცენარე კინაღამ გავანადგურე. ერთხელ ჩემი და მესტუმრა და როცა ყვავილის მდგომარეობა ნახა, მასზე სწორად ზრუნვის წესები მასწავლა. ცოტა ხანში ანთურიუმი აყვავილდა. დღეს გთავაზობთ მოქმედ რჩევებს, რომ თქვენც მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ.

ანთურიუმი ჩვენთან ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა, სწორედ ამიტომ მას ტენიანობა უყვარს და სიცივეს ვერ იტანს. სახლის პირობებში სწორი მოვლა ანთურიუმს ყვავილობისკენ უბიძგებს. ამ მეთოდით შეგიძლიათ შეამოწმოთ, რამდენად მოსწონს ყვავილს თქვენი ზრუნვა. თუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავილობს, ყველაფერს სწორად აკეთებთ.

დატენიანებული ჰაერი

ანთურიუმს დატენიანებული ჰაერი მოსწონს. ზამთრის პერიოდში ამას ყურადღება მიაქციეთ. ამ მიზნით ქოთნებს შორის წყლით სავსე ბოთლი დადეთ, ჰაერი ხშირად დანამეთ ან სპეციალური დამატენიანებელი გამოიყენეთ.

მცენარეს ტენიანობა უყვარს, მაგრამ ნიადაგში სითხის დაგროვებას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, კარგი სადრენაჟო ფენით უზრუნველყავით.

გამოკვება

ანთურიუმის გამოკვება სეზონზეა დამოკიდებული. ზაფხულში შეგიძლიათ თვეში თუნდაც რამდენჯერმე გამოკვებოთ, რადგან ამ დროს ზრდის ფაზაში იმყოფება. ზამთარში თვეში მხოლოდ ერთი გამოკვებით შემოიფარგლეთ.

მცენარეებისთვის მზა ნარევი შეარჩიეთ. ამით შეგიძლიათ ანთურიუმი დანამოთ ან პირდაპირ ნიადაგს დაუმატოთ. ამ მიზნით ორქიდეასთვის განკუთვნილი გამოსაკვები საშუალებები გამოგადგებათ.

ზამთრის მშვიდი ფაზა

ზამთარში ნამდვილად სჯობს, რომ მცენარე გადარგვით ან ხშირი გამოკვებით არ შეაწუხოთ. ორპირი ქარიდან შორს გადაიტანეთ. ასევე გათბობის ბატარეას მოაშორეთ. სასურველია, ტემპერატურა 18 გრადუსს არ აჭარბებდეს. თუ ასე არ მოიქცევით, ზაფხულში ყვავილობა შეგიძლიათ დაივიწყოთ.

გადარგვა

შეძენისთანავე მცენარე გადარგეთ. გადარგვის დროს მცენარის ფესვები დაათვალიერეთ და დაზიანებული ან დამპალი ნაწილები მოაშორეთ. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ გადაჭრილი ფესვების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დამუშავება. გადარგვის დროს ძველი მიწა ახლით ჩაანაცვლეთ, რომელიც მკვებავი ნივთიერებებით სავსე იქნება.

კარგი სადრენაჟო ფენის გაკეთება არ დაგავიწყდეთ. შემდეგ მცენარე ცენტრში ჩარგეთ და მიწა მოაყარეთ, ოდნავ დატკეპნეთ. ქოთანი განათებულ ადგილას დადეთ, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. იმედი არ გაგიცრუვდეთ, თუ სწრაფად არ აყვავილდება: გასაფესვიანებლად დრო სჭირდება.

მორწყვა

აქ ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ, რადგან ანთურიუმს არც სიმშრალე და არც ზედმეტი მორწყვა არ უყვარს. ზაფხულში ნიადაგის გაშრობის მიხედვით მორწყეთ, ზამთარში კი –კვირაში ერთხელ. სარწყავად თბილი წყალი გამოიყენეთ. ასე ახალი ყვავილების და ფოთლების ფორმირებას ხელს შეუწყობთ.

სხვათა შორის, არსებობს ცრურწმენა, რომ ანთურიუმი სახლიდან უსიამოვნებას და ნეგატივს განდევნის. ოღონდ იმ პირობით, თუ მცენარე ნაჩუქარია. ხალხში მცენარეს „მამაკაცის ბედნიერებას“ უწოდებენ, მაგრამ ყვავილს ქალებისთვისაც ბედნიერება და სიხარული მოაქვს. თქვენ როგორ ზრუნავთ ანთურიუმზე?