ყვავილები
როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა
როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა სახლის პირობებში და შეიძლება თუ არა ამ მიზნისთვის მაღაზიაში შეძენილი ფინიკის კურკა გამოვიყენოთ?! დიახ შეიძლება!!!
თუ კარგი მოთმინების უნარით გამოირჩევით, მაშინ სულ რაღაც 3-4 წელიწადში – ფინიკის კურკა მწვანეფოთლოვან ლამაზმანად გადაიქცევა და თქვენს ინტერიერს დაამშვენებს.
როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა
XIX საუკუნეში ფინიკის პალმები სახლის ბაღების გაფორმებისთვის გამოიყენებოდა. დღეს მისი შეძენა ყვავილების მაღაზიაშიც შეიძლება მაგრამ, მოზრდილი მცენარე საკმაოდ ძვირი ღირს! ამიტომ ჩვენ გასწავლით თუ როგორ გაზარდოთ პალმა თქვენი ხელით, სრულიად დამოუკიდებლად!
დასარგავი მასალის მომზადება
ზრდის დასაჩქარებლად კურკებს ზედა ფენა მოაცილეთ. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: კურკები რამდენიმე წუთით 80 გრადუსზე გაცხელებულ წყალში ჩაყარეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
დათესვამდე კურკები 1 დღით თბილ წყლიან ქილაში მოათავსეთ. შემდეგ სველ ბამბის დისკებიან პლასტმასის კონტეინერში გადაიტანეთ. კონტეინერი თბილ გათბობის მილზე ან პანელზე დადეთ რათა გაღივებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურაში აღმოჩნდეს. 2 კვირის შემდეგ წანაზარდები უნდა გაჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ უკვე შგიძლიათ კურკის ნიადაგში დათესვა.
კურკების დათესვა
კურკები პალმების დასათეს ნიადაგში, ტორფში ან ქვიშაში ჩარგეთ. უზრუნველყავით 25-30 გრადუსიანი ტემპერატურა. კუკრები 40 დღის შემდეგ დაიწყებს გაღივებას, 50-60 დღის შემდეგ კი მიწიდან პირველი მწვანე ფოთოლი ამოიზრდება.
როდესაც ის 10 სანტიმეტრზე დიდი სიმაღლის გაიზრდება ისინი ცალ-ცალკე ჭურჭელში გადარგეთ. გამოიყენეთ 9-12 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ქოთნები. დასარგავი ნიადაგი დაამზადეთ: 4 წილი ნეშომპალის, 2 წილი ქვიშის, 1 წილი ტორფის და 2 წილი სუფთა მიწისგან.
პალმის მოვლა
პალმას მაღალი ტემპერატურა, მზის შუქი, ტენიანობა და რბილი, ფხვიერი ნიადაგი უხდება.
პალმის ფოთლები დროდადრო თბილი წყლით უნდა გაწმინდოთ. ზაფხულში მცენარე უხვად უნდა მორწყათ. ქოთანი მზისკენ ისე უნდა შეაბრუნოთ, რომ ფოთლის ისარი ოთახისკენ იყოს მიმართული. ასეთ შემთხვევაში პალმა თანაბრად გაიზრდება.
ახალგაზრდა მცენარეები რომლებსაც ჯერ 5 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ – ყოველწლიურ გადარგვას საჭიროებენ. უფროსი პალმები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადარგოთ თუ ამის საჭიროება არსებობს – რადგან ფინიკის პალმას არ უყვარს როცა აწუხებენ!
გაითვალისწინეთ, რომ თუ პალმას რაიმე არ მოსწონს – მისი ფოთლების მდგომარეობა იცვლება, ჩვეულებრივ ისინი არასაკმარისი მზის შუქის შემთხვევაში ან წყლის უკმარისობის დროს შავდებიან. პალმა ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს და ორპირ ქარსაც.