Connect with us

კულინარია

5 რეცეპტი თქვენი საყვარელი წითელი ხიზილალით

საახალწლო სუფრა წითელი ხიზილალის გარეშე რთული წარმოსადგენია. როგორ გავიტანოთ სუფრაზე? რასთან კომბინაციაში? როგორი გაფორმება მოვიფიქროთ საყვარელი დელიკატესისთვის? Alltime.ge–ს რედაქციის რჩევები და რეცეპტები წითელი ხიზილალით გამოიყენეთ, რომ საახალწლო სუფრა ახალი კერძებით მორთოთ.

წითელი ხიზილალა ავოკადოს კრემით

მწიფე ავოკადო გაასუფთავეთ, კურკა მოაშორეთ, რბილობი დააბლენდერეთ, ნახევარი ლაიმის წვენი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი დაუმატეთ. კრემის მიღებამდე დააქუცმაცეთ. მინი ტარტის ფორმაში ავოკადოს კრემი და ერთი კოვზი წითელი ხიზილალა მოათავსეთ.

ხიზილალას ზეთი

150 გრ დარბილებული კარაქი და 60 გრ ხიზილალა აურიეთ, საცერში გახეხეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და გააგრილეთ. სუფრაზე გახუხულ პურის ნატეხებთან ერთად გაიტანეთ.

სოუსი წითელი ხიზილალით თევზისთვის

20 გრ კარაქი გაადნეთ და მასში 0,5 წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი შეწვით, 0,5 ჭიქა თეთრი ღვინო დაასხით და 1 წუთით თუშეთ, შემდეგ 300 მლ 33%–იანი ნაღები დაასხით. სოუსი ადუღებამდე მიიყვანეთ, აურიეთ. გემოვნებით მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, შემდეგ 1 ს/კ ხიზილალა დაუმატეთ. გამომცხვარ თევზთან ან ორთქლზე მოხარშულ თევზთან ერთად გაიტანეთ.

ხიზილალა კვერცხის კრემით

3 კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და გაასუფთავეთ. კვერცხის გულები ჩანგლით ჩაჭყლიტეთ, 1 ს/კ ცხიმიანი არაჟანი, გემოვნებით მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ვარდკაჭაჭას ფურცელზე 1 ჩ/კ კრემი და 1 ჩ/კ წითელი ხიზილალა მოათავსეთ.

რულეტი მწვანილით და წითელი ხიზილალით

ლავაშის თხელ ფურცელს ხაჭოს ყველი წაუსვით, დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ (შეგიძლიათ მწვანე სალათის ფურცელი დაუმატოთ), რულეტი დაახვიეთ, პარკში შეახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. სუფრაზე გატანის წინ თხელ ნაჭრებად დაჭერით და ზემოდან 1 ჩ/კ ხიზილალა მოაყარეთ.