Connect with us

საკითხავი

5 საინტერესო მეთოდი, როგორ გამოიყენოთ იასამნის ყვავილები

იასამანს შეუძლია არა მხოლოდ თქვენი კარმიდამოს გალამაზება, არამედ სარგებლის მოტანა. ის ხომ მხოლოდ ლამაზი მცენარე არაა. იასამნის ყვავილებს ხშირად იყენებენ როგორც კოსმეტოლოგიაში, ასევე კულინარიაში.

ამ არომატული მცენარით სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ დესერტის და სასმელის დანამატი, საოცარი ტკბილეული, გემრიელი ყავა, ეფექტური თავის მოვლის საშუალება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მომზადების ინსტრუქციას, რომლის ჩაწერაც ღირს.

იასამნის ყვავილების საინტერესო გამოყენება: 5 ვარიანტი

საკონდიტრო მოსაყრელი ტკბილი კერძებისთვის

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა იასამნის ყვავილები

მომზადების წესი:

აიღეთ ერთი მინის ქილა. მასში შაქარი და იასამნის ყვავილები ფენებად ჩაყარეთ. თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ. შემდეგ 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ქილის რეგულარულად შენჟღრევა არ დაგავიწყდეთ. 7 დღეში საცერით გაცერით, შაქარი ყვავილებს მოაშორეთ. შესანიშნავი საკონდიტრო მოსაყრელი იასამნის არომატით დესერტებისთვის მზადაა!

არომატული ყავა

ცოტამ თუ იცის, რომ ყავა იასამნით იდეალურია. ცხელ გაზაფხულზე ან ზაფხულის საღამოს ასეთი სასმელი შესანიშნავი ვარიანტია. აიღეთ მაღალი ჭიქა, მასში წინასწარ მოხარშული და უკვე გაცივებული ყავა ჩაასხით. რძე და შაქარი გემოვნებით დაუმატეთ. შემდეგ ყინულის კუბები და ცოტა იასამნის ყვავილები მონაცვლეობით დაუმატეთ. სასმელში საწრუპი ჩადეთ და ზღაპრული გემოთი და არომატით ისიამოვნეთ.

ტანის სკრაბი

დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შაქარი იასამნით
  • 0,5 ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 10 გ ლიმონის ცედრა
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

შაქარი ისე მოამზადეთ, როგორც ზემოთ აღვწერეთ. იასამნის ყვავილებთან ერთად 1 კვირა გააჩერეთ. შემდეგ შაქარი ქილაში ჩაყარეთ. ქოქოსის ზეთი (არომატიზატორების გარეშე) დაუმატეთ. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ და დაუმატეთ. ციტრუსის წვენი ჩაასხით. სკრაბის სხვა ინგრედიენტებიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ხელნაკეთი სკრაბი მზადაა.

გემრიელი სიროფი

დაგჭირდებათ:

  • 2 ჭიქა იასამნის ყვავილები
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა სუფთა წყალი

მომზადების წესი:

სქელძირიან პატარა ქვაბში წყალი ჩაასხით და შაქარი დაუმატეთ. შაქრის გახსნამდე ადუღეთ, აქტიურად აურიეთ. შემდეგ იასამანი ღეროების გარეშე დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თავსახური დაახურეთ. ცეცხლს დაუწიეთ და სიროფი 5 წუთით ხარშეთ. შემდეგ ქურას მოაშორეთ. სიროფი თავსახურდახურულ ქვაბში ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. სიროფი მინის ჭურჭელში გადაწურეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. არომატული სიროფი ბლინებს იდეალურად უხდება. 1 თვე მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ.

ყინული ყვავილებით

დაგჭირდებათ:

  • 0,5 ჭიქა იასამანი
  • წყალი (თქვენი ფორმისთვის საჭირო რაოდენობა)

მომზადების წესი:

ყინული იასამნის არომატით მარტივად კეთდება. ყინულის ფორმა აიღეთ და მასში ყვავილები ჩააწყვეთ. შემდეგ სუფთა წყალი დაასხით და საყინულეში მოათავსეთ. არომატული ყინული წყლის, ჩაის და სხვადასხვა კოქტეილისთვის მზადაა!

სიტყვაზე, ნებისმიერი მომზადების წინ ყვავილები მწერების არსებობაზე შეამოწმეთ. მტვრისგან შეგიძლიათ გაწმინდოთ და გაამშრალოთ. ახლა იასამნის თაიგული არა მხოლოდ ბინის დამამშვენებელი, არამედ ეფექტური სკრაბის, არომატული ცხელი სასმელის და კერძებისთვის საინტერესო დანამატების საფუძველი გახდება.

Advertisement
Advertisement