Connect with us

საკითხავი

10 საშუალება კომუნალური გადასახადების შესამცირებლად

კომუნალური გადასახადების ტარიფები, ჩვენს შემოსავლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად იზრდება, ამიტომ, ცივილიზაციის კეთილდღეობის საფასურის გადახდა სულ უფრო რთულდება. გასაკვირი არაა, რომ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ დავზოგოთ ფული.

დღეს ჩვენმა რედაქციამ შეაგროვა 10 საუკეთესო გზა კომუნალური მომსახურებების გადასახადის შესამცირებლად. გასაკვირია, რომ აქამდე ამ მეთოდებზე არაფერი იცოდით, რადგან ბევრი მათგანი ძალიან მარტივია, უბრალოდ მხედველობის არიდან გრჩებათ ხოლმე. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია ფულის ეკონომიის მიზნით და შეამცირეთ ხარჯები. ფულის დახარჯვა ხომ ყოველთვის შეიძლება უფრო სასიამოვნო რამეებზე.

ხარჯების შემცირება

1. ნათურების შეცვლა

ხარისხიანი შუქდიოდური ნათურების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 10 წელია. ამასთან, ისინი 8-10-ჯერ უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. მართალია, ისინი შედარებით უფრო ძვირი ღირს, თუმცა, ეს დანახარჯი ნამდვილად გამართლებულია.

2. მოძრაობის სენსორის დაყენება

ვინ დატოვა შუქი ჩართული დერეფანში, ტერასაზე, აივანზე? ხანდახან გამორთვა გვავიწყდება, ხანდახან კი გვეზარება, ყოველი შესვლისას სინათლის ანთება. არადა, ბინის აღჭურვა შესაძლებელია მოძრაობის სენსორებით – განათებისთვის ელექტროენერგია კი მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებისას მოიხმარება.

3. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის შემოწმება

დღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი იყოფა ენერგოეფექტურ კლასებად. რაც უფრო მაღალია ეს კლასი(საუკეთესოა A++, A+, A), მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა. ამიტომაც, ახალი ტექნიკის შერჩევის დროს, ყურადღება ამ პარამეტრზეც გაამახვილეთ.

ხოლო თუ ძველი მაცივარი, მაგალითად, D ან უფრო დაბალ კლასს მიეკუთვნება, მისი გამოცვლის შესანიშნავი საბაბი გაქვთ. სამომავლო ეკონომიის მიზნით, ასეთი შენაძენი საკმაოდ ხელსაყრელი შეიძლება იყოს.

4. სწორი რეცხვა

რამდენად ხშირად უყურებს ადამიანი ტანსაცმლის იარლიყს გარეცხვამდე? არადა, ყოველთვის არაა საჭირო 60-გრადუსიანი წყლის გამოყენება. მითუმეტეს, წყლის ამ ტემპერატურამდე გაცხელებას ოთხჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე 30 გრადუსზე. ამასთან, დაწურვის დროს ნაკლები ბრუნვაც ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

5. გამართული სანტექნიკა

მწვეთავი ონკანი ან უნიტაზის ავზი მილში არამხოლოდ წყალს, არამედ უაზროდ გაფლანგულ ფულსაც უშვებს. ამიტომ, დროულად შეაკეთეთ სანტექნიკა.

6. წყლის ეკონომია

ნუ ღვრით წყალს უაზროდ კბილების ხეხვის, პარსვის ან სხვა პროცედურების დროს. ტყუილად გამდინარე წყალი ჯიბიდან ფულს გაცლით. ასევე, დააყენეთ აერატორები, რომლებიც წყალს დაგაზოგინებთ ონკანის ყოველი მოშვების დროს.

ასევე, განიხილეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვის საშუალებაც – ეს მოწყობილობა ჭურჭლის დასარეცხავად გაცილებით ნაკლებ წყალს ხარჯავს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური დიასახლისი ხელით რეცხვისას. ამასთან, ჭურჭლის სარეცხი მანქანა დროსაც გაზოგინებთ.

7. თბოიზოლაციის შემოწმება

თითქმის ყველამ შეცვალა ხის ფანჯრები უფრო საიმედო მინაპაკეტებით, რომლებიც სითბოსაც ინარჩუნებს. თუმცა, შემოსასვლელი კარისა და კედლების თბოიზოლაციის შემოწმება ზედმეტი არ იქნებოდა. ასევე, დარწმუნდით, რომ არსად არაა ნაპრალები, თორემ ზამთარში არამხოლოდ სახლის, არამედ ქუჩის გათბობისთვისაც მოგიწევთ საფასურის გადახდა.

8. გადასახადი მხოლოდ თქვენთვის

კომუნალური გადასახადების რაოდენობა დამოკიდებულია საცხოვრებელ ფართში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობაზეც, მაშინაც კი, თუ ისინი აღარ ცხოვრობენ იქ. ამიტომაც, ზედმეტად რომ არ იხადოთ ლიფტის, ნაგვის, დალაგების ან სადარბაზოს რემონტის ფული მათ გამო, ვინც უკვე აღარ ცხოვრობს თქვენთან, ამოწერეთ ისინი რეესტრიდან.

9. კომუნალური აღრიცხვა

თითქმის ყველა წუწუნებს კომუნალური მომსახურების მაღალი საფასურის გამო, თუმცა, მხოლოდ ცოტას თუ ახსოვს გასული თვის ზუსტი გადასახადი. მათგან კი მხოლოდ ერთეულები ამოწმებდნენ დარიცხული საფასურის სიზუსტეს. ამასთან, ყოველთვის შესაძლებელია გადასახადის გასაჩივრება, რამდენადაც არაა გამორიცხული მომმარაგებელი კომპანიის არაკეთილსინდისიერება.

10. დაზოგეთ წყალი ტუალეტით სარგებლობის დროსაც

თუ უნიტაზის ავზში 1-ლიტრიან, წყლით სავსე ბოთლს მოათავსებთ, მასში უფრო ნაკლები წყალი დაგროვდება, შესაბამისად, ჩარეცხვისასაც უფრო ნაკლები წყალი დაიხარჯება.

თქვენ როგორ ზოგავთ კოუნალური მომსახურების საფასურს?