Connect with us

საკითხავი

ჩვენ ოჯახი ვართ. ოფიციალურად: წყვილმა 5 ბავშვი იშვილა, რომლებიც ბავშვთა სახლში ერთმანეთს დააშორეს

როცა 5 და–ძმა ბავშვთა სახლში ხვდება, ერთი და იმავე ოჯახში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა. ამ ბავშვებს გაუმართლათ: ბედმა მათ ნამდვილი ანგელოზები გამოუგზავნა!

ენდი და თომას ბონურა უკვე 15 წელზე მეტია დაქორწინებულნი არიან. ისინი ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდნენ, მაგრამ სირთულეებს გადააწყდნენ. ენდის პირველი ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა. შემდეგ ქალი ტყუპებზე დაორსულდა, მაგრამ 25–ე კვირაზე გაჩენილი ბიჭებიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.

წყვილმა კიდევ ერთხელ სცადა და მალე მათ ორი გოგო გაუჩნდათ. ამის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ენდიმ სჯობს მშობიარობისგან თავი შეიკავოს.

„ჯერ კიდევ მანამ, სანამ საკუთარი შვილები გვეყოლებოდა, ბავშვის შვილად აყვანა გადავწყვეტილი გვქონდა. ეს აზრი არ გვტოვებდა და სამი მშობიარობის შემდეგ ვიპოვეთ სააგენტო, რომელიც სწავლების გავლასა და რიგში ჩადგომაში დაგვეხმარა“ – ამბობს ენდი.

ცოტა ხანში ბონურების ოჯახში აყვანილი ვაჟი, ბრაისონი გამოჩნდა. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ 2 წლის ბიჭს სულ თავისი დები და ძმები ენატრებოდა. აღმოჩნდა, რომ მას 4 და–ძმა ჰყავს. ენდიმ და თომასმა ოჯახში კიდევ ორი ბავშვის – დევიდის და გაბრიელის მოყვანა გადაწყვიტეს. როცა გაირკვა, რომ ბრაისონის მშობლებმა ყველა შვილზე მეურვეობის უფლება დაკარგეს, დანარჩენის აყვანაზეც შეთანხმდნენ.

„ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. ბავშვები მანამ გავიცანით, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ“ – ამბობს ენდი, – ჩვენ ყველა ძალიან მოგვეწონა. როცა ბავშვებმა დაგვირეკეს და გვკითხეს, ხომ არ გვსურს მათი მეურვეები გავმხდარიყავით, დაუყონებლივ დავთანხმდით. ამ შესანიშნავმა ბავშვებმა ჩემი გული მოიგეს“.

ამ წლის მაისის დასაწყისში ენდი და თომასი ოფიციალურად 8 ბავშვის მშობლები გახდნენ. მათ მრავალშვილიან ოჯახს 8 წლის თომასი და კარტერი, 6 წლის დევიდი, 4 წლის გაბრიელი და 2 წლის ბრაისონი შეურთდა.

ცოლ–ქმრის თქმით, 5 ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დიდი ოჯახის ყოლის ოცნება აუხდათ. ისინი ცდილობენ ოჯახი ზრუნვით და სიყვარულით მოიცვან და ბავშვებისთვის საიმედო მხარდამჭერები გახდნენ, რომლებმაც ბედის ნებით ბიოლოგიურ მშობლებთან ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგეს.

„მიამიტი ვიყავი, მაგრამ ყველა განსაცდელის გავლის შემდეგ შვილებთან ძლიერი კავშირის შექმნა შევძელი. იმის შემხედვარე, თუ როგორი სიხარულით და თანაგრძნობით შეხვდნენ ჩემი ბიოლოგიური შვილები 5 აყვანილ შვილს, სიამაყეს და უსასრულო სიხარულს ვგრძნობდი. მსოფლიოში ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ჩვენი სიყვარული სჭირდებათ. მოხარული ვარ, რომ ეს გავაკეთე“ – ამბობს ენდი.