Connect with us

საკითხავი

ღია წერილი მათთვის, ვინც მშობლები დაკარგა

ჩვენ, ყველას გვაშინებს ცხოვრების ეს ორი დღე, რომელიც ამაზე ფიქრის მიუხედავად, მაინც დადგება. დღე, როცა თქვენი დედა გარდაიცვლება. დღე, როცა თქვენი მამა გარდაიცვლება. სპეციალურად არ ვწერ სიტყვას „მოკვდება“, რადგან მშობლები არ კვდებიან. დიახ, გვტოვებენ. დიახ, ჩვენს გვერდით ყოფნას წყვეტენ, მაგრამ არ კვდებიან ისე, როგორც ნამდვილი სიყვარული არ კვდება.

თუ ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ, მაშინ იცით, თუ რას ვგულისხმობ. იმის მიუხედავად დედა ან მამა მრავალი წლის წინ თუ ახლახანს დაკარგეთ, თქვენი ცხოვრება უკვე მკაფიოდ ორ ნაწილად გაიყო: „მანამდე“ და „შემდეგ“.

გულში წარმოქმნილი სიცარიელე მაინც იარსებებს და მას ვერსად გაექცევით. დროთა განმავლობაში ტკივილი მიყუჩდება, მაგრამ სრულად არასდროს გაქრება. უბრალოდ ტკივილით ცხოვრებას ისწავლით. გულში ამ ხინჯით ბედნიერ ცხოვრებას და ხმამაღალ სიცილს ისწავლით და ესაა ცხოვრება. წარსულ მშობლებს ყველაზე მეტად ეს სურს – იცოდნენ, რომ ვცხოვრობთ, იცოდნენ, რომ შევძელით და იცოდნენ, რომ ამ მიწაზე მათი გაგრძელება გავხდით. გამოდის, რომ ყველაფერი სულ ტყუილად არ ყოფილა.

მშობლების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე რთული განსაცდელია ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ მათთან ჩხუბობდით, მაშინაც კი, თუ სახლიდან გაიქეცით, ინსტიტუტში ჩააბარეთ, ამით თავს უკეთ ვერ იგრძნობთ. ზუსტად ისე გეტკინებათ, როგორც მათ, ვინც მშობლებთან ახლოს იყო, მათთან ბევრ დროს ატარებდა და ყოველდღე ურეკავდა. ჩვენ ხომ მათ ვკარგავთ, ვინც ცხოვრების პირველივე დღეებიდან ჩვენს გვერდით იყო, მათ, ვის სხეულშიც პატარა წერტილიდან საყვარელ ჩვილამდე გავიზარდეთ. ამის მიღება, გაშვება მარტივი არაა.

მშობლები პირველი ადამიანები არაინ, რომელთაც ამ სამყაროში ხედავთ. მათ საუბარი, სიარული, კოვზის ხელში დაჭერა, წერა და კითხვა გვასწავლეს.. სწორედ მათ შეგქმნეს ისეთი, როგორიც ახლა ხართ.

ისინი წმინდანები არ იყვნენ, ისინი თქვენი მშობლები იყვნენ. ისეთები როგორიც ხართ თქვენ და სხვა ადამიანები დედამიწაზე.

მაგრამ ისინი ცდილობდნენ, რომ ამ სამყაროში თქვენი ყოფა კომფორტული გაეხადათ, გადარჩენა, ბრძოლა და ღირსეულად ადამიანად ყოფნა ესწავლებინათ. სხვა საკითხია, ყოველთვის სწორად იქცეოდნენ თუ არა. ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ისინი მზად იყვნენ დაუფიქრებლად, სინანულის გარეშე და სახეზე ღიმილით თქვენთვის სიცოცხლეც გაეღოთ.

ისინი ავადმყოფობდნენ და თქვენთვის იბრძოდნენ ისე, როგორც არც ერთი ადამიანი ამქვეყნად. თქვენი რწმენა როგორიც არ უნდა იყოს, ღმერთის გწამთ თუ არა, ფაქტია: ახლა, როცა ისინი ამქვეყნად არ არიან, ფიზიკურად დახმარების გაწევა არ შეუძლიათ. ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდით იყო და ბევრი რამ გააკეთა – თავისუფალია ყველაფრისგან, თქვენთვის ბრძოლისგანაც კი…

გულდასაწყვეტია, რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი: საყვარელ ადამიანებთან გამომშვიდობება გვიწევს, მათთან, ვისთვისაც ჩვენ სამყაროს ცენტრი ვიყავით. ამის ვერავინ გაექცევა და ამ ტკივილის განცდა ბოლომდე მოგვიწევს. მაშინაც კი, როცა შვებას იგრძნობთ, დრო და დრო თავს მაინც შეგახსენებთ. საყვარელი სიმღერით, რომელსაც შემთხვევით ქუჩაში მოისმენთ, მამის ძველი სათვალით, რომელიც კარადაში იპოვეთ, დედის საყვარელი ფინჯნით…

ყველაზე მტკივნეული სადღესასწაულო დღეებშია, როცა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობთ, რომ სტუმრად წასასვლელი არ ხართ. როცა ხვდებით, თუ როგორ გვაკლია ოჯახური შეკრება, რომელიც ზოგჯერ გვღლიდა და მოსაწყენი გვეჩვენებოდა. თქვენ ამის გაკეთება მოგიწევთ – მათ გარეშე ცხოვრების სწავლა. ისე, რომ დარდმა და მწუხარებამ თქვენი ცხოვრება არ დაჩრდილოს, რომ ცხოვრება იყოს ისეთი, როგორიც მათ სურდათ – ბედნიერი.

დედას ან მამას არ ენდომებოდა, რომ წლები ცრემლები ღვაროთ და ცხოვრებით არ იხაროთ. ადამიანი, რომელიც თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, სულ სხვას რამეს გისურვებდათ: რომ ცხოვრება გააგრძელოთ, ყოველდღე რაღაც ახალი და მშვენიერი აღმოაჩინოთ. ეს ხომ დედამიწაზე მისი ცხოვრების მიზანი იყოს – რომ მისი ბავშვი ბედნიერი იყოს. ასე რომ, იმედი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუცრუოთ.

ცხოვრების ყოველი წუთით და განთიადით ბედნიერი იყავით. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლაც კი, როცა დედა ან მამა თქვენ გვერდით არაა, ისინიც მაინც თქვენს გვერდით რჩებიან, ამას რაც არ უნდა უწოდონ: პარალელური სამყარო, ნათელი მოგონება ან რაიმე სხვა, არსი ერთია – მშობლები ყოველთვის თქვენს გვერდით რჩებიან. თქვენ მათ ვერ ხედავთ, არ გესმით, მაგრამ მათ არსებობას გრძნობთ.

დარდი მარტომ არ განიცადოთ. ოჯახის წევრებს გაუზიარეთ. მენდეთ, მხოლოდ თქვენ არ დარდობთ. ლამაზი მომენტები გაიხსენეთ, ერთმანეთში მხარდაჭერა ეძებეთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ. გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ამ თემაზე მეგობრებს, კოლეგებს ელაპარაკეთ. ადრე თუ გვიან მსგავსი გამოცდილების გადატანა ყველას გვიწევს და გაოცებული იქნებით, თუ საუბრის შემდეგ სულში რამხელა სიმსუბუქეს იგრძნობთ. ასეთია ცხოვრება: მძიმე განცდის გადატანა ყველას გვიწევს და მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება.

დედამიწაზე ჩვენი ყოფნა ხანმოკლეა და წასულების ცხოვრების გაგრძელება მხოლოდ ერთი მეთოდით შეგვიძლია – მათზე მოგონებების გულში შენახვით. მათ შესახებ შვილებს, შვილიშვილებს უამბეთ. ახლობლები და საყვარელი ადამიანები ოჯახური თავშეყრის დროს სადღესასწაულო დღეებში გაიხსენეთ.

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი ახლოს, ხელის გაწვდენაზე არიან. ასეთია ცხოვრების პარადოქსი: ჩვენ ვრჩებით მაშინაც კი, როცა მივდივართ, მეხსიერებაში, გულში, სულში. თუ გარდაცვლილებს ყოველთვის გაიხსენებთ და მათზე ილაპარაკებთ – ისინი მარადიულად იცოცხლებენ.

დაკარგვიდან პირველ ხანს გვეჩვენება, რომ ცრემლები არასდროს გაშრება, გულში ჭრილობა კი არ შეხორცდება. დარდს ფსკერზე დაცემის და მზის დაბნელების საშუალება არ მისცეთ. ცრემლები შეიშრეთ, ფანჯარაში გაიხედეთ – ცხოვრება გრძელდება.

თქვენს დედას ან მამას არასდროს ენდომებათ, რომ იტიროთ და ცხოვრებით არ ისიამოვნოთ. ისინი – თქვენი ცხოვრების და ბედნიერების წყაროა. მათ სამყარო გაჩუქეს, რომ ის უფრო უკეთესი გახადოთ და თავადაც ბედნიერი იყოთ. იმედები არ გაუცრუოთ.

იხარეთ, იცინეთ, ცხოვრებით დატკბით. მშობლები ამას გრძნობენ, სადაც არ უნდა იყვნენ. თქვენ ხომ ამას გრძნობთ, ასე არაა?!