Connect with us

ჯანმრთელობა

ქალის ისტორია: რისი თქმა შეუძლია სისხლს ჩვენს შესახებ

უბრალოდ საფენზე ან ტამპონზე დახედვით შეგიძლიათ მიხვდეთ, დროა ინერვიულოთ თუ ცოტა მოიცადოთ.

დიახ, მენსტრუაციული გამონადენი ჯანმრთელობის დიაგნოზის დასასმელად არც თუ ისე ცუდი მეთოდია. ამისთვის რთული გამოთვლების და დღიურის ქონა აუცილებელი არაა. საკმარისია იცოდეთ, თუ თქვენთვის თვიურის ჩვეულებრივ მიმდინარეობად რა ითვლება, რომ ყველაზე მცირე ცვლილებაც შენიშნოთ.

ყურადღება მიაქციეთ: დღეში გამოყენებული ტამპონის ან საფენის რაოდენობას, გამონადენის ინტენსივობას და ფერს. ახლა განვმარტავთ, თუ რა არის ნორმა და რამ უნდა შეგაშფოთოთ.

თუ სისხლი ღია წითელი ფერისაა

წარმოიდგინეთ: თვიური გაქვთ, სახლიდან გასვლა გიწევთ და არ იცით, თუ თან რამდენი ტამპონი წაიღოთ. თუ სისხლი ღია წითელია – დიდი მარაგი წაიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვიური მხოლოდ იწყება და მოგვიანებით უფრო მეტი გამონადენი გექნებათ.

თუ სისხლი მოწითალო ყავისფერია

ან მუქი ყავისფერი. ყველაფერი წესრიგშია, თვიურის ბოლოს ასეც უნდა იყოს. სახლიდან გასვლისას შეგიძლიათ ცოტა ტამპონი წაიღოთ ან უფრო მსუბუქი ვარიანტები გამოიყენოთ.

თუ თვიური მწირი ხდება

როცა დღეში რამდენჯერმე საფენის გამოცვლას მიჩვეული ხართ, ხოლო რომელიმე ციკლის დროს ამჩნევთ, რომ გამონადენის რაოდენობა შემცირდა, ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

თქვენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებთ? თუ კი, და სხვა გვერდითი სიმპტომები არ გაქვთ (თავის ტკივილი, განწყობის ცვლილება) – ყველაფერი ნორმაშია. თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ, ექიმს მიმართეთ და აბები შეცვალეთ. ასევე, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა შეამოწმეთ.

თუ ჰორმონალურ პრეპარატებს არ იღებთ, რაციონს გადახედეთ. მწირი გამონადენი შეიძლება კვების დარღვევამ, დიეტამ ან რაიმე საკვების შეზღუდვამ გამოიწვიოს.

თუ გამონადენის რაოდენობა ჩვეულებრივ თვიურთან შედარებით ძლიერდება

იგივე მიზეზი, რაც ზემოთ, ჰორმონალური კონტრაცეპტივები! რეკომენდაციები იგივეა!

ახლახანს სპირალი ჩაგისვეს? ამან შეიძლება თვიურის ან მისი ხანგრძლივობის გაძლიერება გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში სპირალის ჩასმიდან 6 კვირის შემდეგ ექიმს ეწვიეთ და სიმპტომების აღწერა არ დაგავიწყდეთ.

თუ ზემოთ აღნიშნული ორი მიზეზიდან არც ერთი არ გეხებათ, დროა პოლიპზე ან მიომაზე იეჭვოთ. პოლიპების უმეტესობა თავისით ქრება, მიომას კი მკურნალობა სჭირდება. თავად ამაში ვერ გაერკვევით, მხოლოდ ერთი გზა გაქვთ – გინეკოლოგთან, არ გადადოთ. ექიმი სისხლის ანალიზის გაკეთებას მოგთხოვთ, რომ ანემია გამოირიცხოს.

თუ შედედებულ სისხლს ხედავთ

ეს ნორმალურია თვიურის ყველაზე ინტენსიურ დღეებში ან მაშინ, როცა სამუშაო ადგილას დიდხანს იჯექით, შემდეგ ადექით და ტუალეტში გადით. შფოთვის მიზეზი არ არსებობს, სანამ შედედებული ნაწილი მომენტალური გამონადენის ¼ ნაწილზე მეტს არ მოიცავს.

თუ თქვენ მსხვილი შესქელებული სისხლი გაქვთ, მენსტრუაციას კი ტკივილი ახლავს, გინეკოლოგს მიმართეთ. შესაძლო მიზეზები: პოლიპი, მიომა, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი, რომელიც ქალების 12%-ს აწუხებს.

თუ მენსტრუაციას სპაზმები ახლავს

თვიურის დროს ორგანიზმში იწარმოება ქიმიური ნივთიერება პროსტაგლანდინი, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას და მასში არსებულის გამოდევნას აიძულებს. ძლიერი სპაზმები უსიამოვნო, მაგრამ ნორმალურია. ექიმმა შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი გამოგიწეროთ, მაგრამ დარწმუნდით, რომ ტკივილის მიღმა უფრო სერიოზული დაავადება არ იმალება. ძლიერი ტკივილი ახლავს ბევრ სიმსივნეს, საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომს და ენდომეტრიოზს. სწორედ ამიტომ, თვითმკურნალობა არ შეიძლება: სათბურით ან ასპირინით შეიძლება სერიოზული სისხლდენა გამოიწვიოთ. ექსპერიმენტები შეწყვიტეთ!

თუ არარეგულარული თვიური გაქვთ

ნორმალური ციკლი 28-დან 35 დღემდე გრძელდება, ანუ მენსტრუაციებს შორის 4-5 კვირა გადის. გოგოებისთვის, რომლებიც მენსტრუაციას პირველად განიცდიან, პირველი რამდენიმე ციკლი მნიშვნელოვანი დროის ცვლილებით და ციკლებს შორის მსუბუქი სისხლდენით ნორმალურია.

თუმცა თუ უკვე 1 წლის შემდეგ თვიური არ დარეგულირდა, სჯობს საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომზე დაფიქრდეთ.

მსუბუქი სისხლენა ციკლებს შორის

ეს შეიძლება იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების სიმპტომები, მაგალითად, ქლამიდიოზი, ან ჰორმონალურ კონტრაცეპტივებზე რეაქცია ან პოლიპების ნიშნები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის დაზუსტებით შემოწმებას მხოლოდ ექიმთან შეძლებთ. ექიმთან ვიზიტის გადადება არ ღირს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.