Connect with us

ჯანმრთელობა

სწორი კვება ოფისის თანამშრომლებისთვის

ადამიანების უმეტესობა ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს. უმეტესად სამსახური 8 საათი მუშაობას გულისხმობს, სადილზე შესვენებით. თუმცა ოფისის თანამშრომელი ზუსტად 18:00 ან 19:00 საათზე სამუშაო ადგილს იშვიათად ტოვებს. გარდა ამისა, ხშირად დამატებით მუშაობა უწევთ და ამ დროს სწორ კვებაზე ფიქრი შეუძლებელია. მუდმივი სტრესი და ნერვული დაძაბულობა ოფისის თანამშრომლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

არასწორი კვება – ოფისის თანამშრომლების ჯანმრთელობის საფრთხე

უმეტეს შემთხვევაში, ოფისში მუშაობა დილით ადრე ადგომასა და სამუშაო ადგილამდე 1-2 ან მეტ საათში მისვლასთან ასოცირდება. შემდეგ ადამიანი სამუშაოზე 8 საათს ატარებს და საბოლოოდ სახლში გვიან საღამოს მიდის. ბევრს დრო არ აქვს, რომ სავარჯიშო დარბაზს ეწვიოს ან მეგობრებს შეხვდეს. კონკურენტუნარიანობისკენ სწრაფვა და წარმატების სურვილი დამატებით სტრესს იწვევს. სწორედ ამიტომ, დაკავებული ადამიანები სწორ კვებაზე იშვიათად ფიქრობენ.

თითოეული ორგანიზაცია თანამშრომლების კვების საკითხს განსხვავებულად წყვეტს. ზოგს სასადილო აქვს ან სავაჭრო ცენტრის რესტორანში სადილობის შესაძლებლობა. ბევრი თანამშრომელი სამუშაო ადგილს არ ტოვებს და პირდაპირ კომპიუტერის ეკრანის წინ სადილობს. ეს ჭარბი წონის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მიზეზია. კვების მავნე ჩვევებს არაჯანსაღი წასახემსებელი (ცომეული ან საკონდიტრო ნაწარმი) ემატება.

შედეგად, არასწორი კვება, ნაკლები აქტივობა და ძილი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ცხოვრების გარკვეული დონის შენარჩუნების აუცილებლობა თავისუფალი დროს უქონლობას და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს იწვევს. იმის გამო, რომ ბევრი ენერგიას ტკბილეულით და სწრაფი კვების პროდუქტებით ივსებს, ჭარბი წონა ჩნდება. ბევრი ოფისის თანამშრომელი თავის კვების რაციონში სერიოზულ შეცდომას უშვებს. და მაინც, ოფისის თანამშრომელს მისი საქმიანობიდან გამომდინარე მაქსიმალურად სასარგებლო კვების ორგანიზება შეუძლია.

კვების რაციონში დაშვებული შეცდომები სტრესის და დატვირთული გრაფიკის პირობებში

სტრესი მთავარი მიზეზია, რაც ადამიანს აჩქარებას აიძულებს. ბევრს საუზმის გამოტოვების ჩვევა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლების დროს უვითარდება და შემდეგ უკვე მყარდება. ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა სპეციალისტი 15 წუთი დამატებითი ძილის გამო საუზმეს მსხვერპლად იღებს, საუზმეს სიგარეტით ან შოკოლადით ცვლის. ოფისის თანამშრომელი ხშირად მავნე და არაჯანსაღ საკვებს იყენებს, პირდაპირ სამუშაო ადგილზე საუზმობს. ეს კუჭის და ნაწლავების ბევრი დაავადების მიზეზია. საუზმის უგულებელყოფის გამო ჭარბი წონა ვითარდება.

გზაზე ჭამის ჩვევა – ოფისის თანამშრომლების კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა. როგორც წესი, ადამიანი, რომელმაც ჭამა ვერ მოასწრო, უახლოეს სწრაფი კვების მაღაზიაში ან რესტორანში შერბის, ბურგერს და ყავას ყიდულობს და გზაში საუზმობს. ასეთი საუზმე სასარგებლო არაა, რადგან მავნე ცხიმებს და ბევრ ნახშირწყალს, მათ შორის შაქარს შეიცავს. თან საკვებს, რომელსაც ადამიანი ნაჩქარევად ყლაპავს, კუჭი ცუდად ინელებს.

სადილობა სამუშაოზე კიდევ ერთი გავრცელებული მავნე ჩვევაა. სადილობისას თანამშრომელი კვებაზე კონცენტრირებას ვერ ახდენს და მუდმივად ელექტრონულ ფოსტას უყურებს ან სოციალურ ქსელში ინფორმაციას კითხულობს. შედეგად, მიღებული საკვების რაოდენობას ვერ აკონტროლებს და მეტის ჭამის მოთხოვნილება ჩნდება.

ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მიაყენოთ, კვების ჩვევებს გადახედეთ. სასარგებლო საუზმე რთული მოსამზადებელი არაა, ხოლო წასახემსებლად მავნე პროდუქტები არ გამოიყენოთ. ოფისის თანამშრომლის რაციონი, როგორც ნებისმიერი სხვა, ყველა აუცილებელ ნივთიერებას (ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები) უნდა შეიცავდეს.