Connect with us

თავის მოვლა

სილამაზის ხალხური რეცეპტები თაფლის გამოყენებით

თაფლზე დაფუძნებული კოსმეტიკური საშუალებების არსენალი ნამდვილად უზარმაზარია. მას კრემებს და ნიღბებს უმატებენ, პილინგისა და სკრაბისთვის იყენებენ. თაფლის აბაზანები და სახვევები, ლოსიონები და ტონიკები, ნებისმიერი ტიპის თმის მოვლის საშუალებები – ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.

თაფლის კოსმეტიკის პოპულარობა მარტივად ასახსნელია: თავის მოვლის საშუალებები დამოუკიდებლად მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ, მათი ეფექტურობა დამტკიცებულია და პრაქტიკულად, ნებისმიერი სიტუაციისთვის რეცეპტი არსებობს. დღეს რეცეპტების მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ.

შესაძლო უკუჩვენებები არ დაგავიწყდეთ. თუ მტვერზე ან თაფლზე ალერგია გაქვთ, ამ რეცეპტების გამოყენება არ შეიძლება. თუ ადრე თაფლის კოსმეტიკა არ გამოგიყენებიათ, სასურველია, სტანდარტული ტესტი ჩაიტაროთ – ცოტა თაფლი კანზე წაისვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ: თუ სიწითლე, გაღიზიანება და ქავილი გაჩნდა, თქვენთვის ფუტკრის პროდუქტების გამოყენება აკრძალულია.

მკვებავი კრემ-ნიღაბი თაფლით ნორმალური კანისთვის

თავისი მკვებავი, მატონიზირებელი, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით თაფლი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის და კაპილარებში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, კანზე დადებითად მოქმედებს, მის გარეგნულ იერს და ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 შეფუთვა იაფი, საბავშვო კრემი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ალოეს ფოთოლი
  • 1 ჩ/კ ნაღები
  • 2-3 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი არომატისთვის (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)

ალოეს წვენი გაწურეთ და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მიღებული საშუალება მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ მისი წასმა კომფორტული იყოს.

კრემ-ნიღაბი სახეზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ სახეზე ცივი წყალი იპკურეთ და რბილი პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. საშუალება კანს კვებავს, ტონუსს ზრდის და წვრილ ნაოჭებს ასწორებს.

თაფლის ნიღაბი ჰერკულესით ცხიმიანი კანისთვის

თუ ცხიმიანი, ანთებისკენ მიდრეკილი კანი და გაფართოებული ფორები გაქვთ, ეს ნიღაბი ამ პრობლემების გამკლავებაში დაგეხმარებათ. ის კანის მკვდარ უჯრედებს ნაზად მოგაშორებთ, ფორებს გაწმენდს და გაღიზიანებას გააქრობს.

2 ს/კ ჰერკულესი დაფქვით და 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ უცხიმო რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20-30 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ცივი წყალი იპკურეთ (წყალს შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ) და პირსახოცით შეიმშრალეთ. მკვებავი კრემი წაისვით.

მეორე რეცეპტი თაფლით და ჰერკულესით: 1 ჩ/კ დაფქულ მარცვალი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აიღეთ, კვერცხის გული დაუმატეთ, აურიეთ და სახესა და ყელზე წაისვით. საშუალება დაღლილ და გაფართოებული ფორების მქონე კანს უხდება. ის ტოქსინებს კარგად გამოდევნის, ტონუსს მატებს და სახის ფერს აუმჯობესებს.

თაფლის ნიღაბი ალოეთი ასაკოვანი კანისთვის

ამ რეცეპტს რამდენიმე ვარიანტი აქვს. ალოეს წვენი კანს ატენიანებს, ატონიზირებს, წმენდს და ანთებას აქრობს. თაფლი ეპიდერმისის უჯრედების აღდგენას სტიმულირებს. სხვადასხვა დანამატების მიხედვით ნიღაბი დამატებით თვისებებს იძენს. არ დაგავიწყდეთ, რომ ალოემ და თაფლმა შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს – გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ორგანიზმი ყველა ინგრედიენტზე ნორმალურად რეაგირებს.

საბაზისო რეცეპტი საკმაოდ მარტივია: თანაბარი პროპორციით ალოეს წვენი (შეგიძლიათ უბრალოდ ფაფის მიღებამდე დააქუცმაცოთ) და თაფლი აიღეთ, აურიეთ და სახეზე 5-10 წუთით გაიჩერეთ. თუ ძალიან თხელი ნარევი გამოვა, ნიღბით შეგიძლიათ მარლის გამოჭრილი სახის სალფეთქი გაჟღინთოთ და სახეზე ნაზად დაიდოთ.

რაც შეეხება ნიღბის დანამატებს:

  • ზეითუნის ზეთი და ვიტამინები

ნიღბის საწყის მოცულობას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 2-2 წვეთი A და E ზეთოვანი ვიტამინები დაუმატეთ და აურიეთ. ასეთი შემადგენლობა ჩამოწელილ კანს კვებას და ნაოჭებს ასწორებს.

  • ხაჭო

საბაზისო მოცულობას 2 ჩ/კ უცხიმო ხაჭო დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ, რომ ჩამოწელილი, ასაკოვანი კანი გამოკვებოთ.

  • შვრიის ფქვილი

აქ სხვა პროპორციებია საჭირო: 1 ჩ/კ თაფლს, 1 ს/კ ალოეს წვენი და 2 ჩ/კ შვრიის ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ დაგრჩეთ. სახეზე 20 წუთით წაისვით. ნიღაბი კანს წმენდს, ატონიზირებს და აახალგაზრდავებს.

თაფლის პილინგი ლიმონით

ეს საშუალება ცხიმიან კანს (მათ შორის პრობლემურ), ასევე დაღლილ და ჩამოწელილ კანს უხდება. ის არა მხოლოდ კანს წმენდს, არამედ არბილებს, ატონიზირებს, სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, კანს ათეთრებს და სახის ფერს აუმჯობესებს. გაითვალისწინეთ: თუ რაიმე სახის ანთება გაქვთ ლიმონის პილინგის გაკეთება არ ღირს.

საშუალების მოსამზადებლად 2 ს/კ თხევად თაფლს (აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ორთქლზე თაფლი გაადნეთ) 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. ზოგჯერ 1 ს/კ ხორბლის ქატოს უმატებენ. სახეზე წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თაფლის სკრაბი შვრიის ფანტელებით

თაფლის და შვრიის ფანტელებს სკრაბს შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტი დაუმატოთ, რაც თქვენი კანის ტიპსა და სასურველ ეფექტზეა დამოკიდებული. სკრაბი მსუბუქი, მასაჟური მოძრაობით წაისვით, ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ. რეკომენდებულია, იმწამსვე არ ჩამოიბანოთ, არამედ 5-10 წუთით გაიჩეროთ, რომ კანმა სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა მოასწროს.

  • ჭუჭყიანი, გაფართოებული ფორების მქონე ცხიმიანი კანისთვის

3 ს/კ შვრიის ფანტელები, 1 კვერცხის ცილა, 1 ს/კ თაფლი აურიეთ და სახეზე წაისვით, კანი დაიმასაჟეთ. შესანიშნავი გამწმენდი საშუალებაა, რომელიც ფორებს ავიწროებს და შავ წერტილებს აქრობს.

  • ასაკოვანი კანისთვის

4 ს/კ შვრიის ფანტელები, 1 ს/კ ნაღები და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. თუ მშრალი, მგრძნობიარე კანი გაქვთ ნაღების ნაცვლად ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ. ასეთი სკრაბი გაწმენდის გარდა კანს კვებავს და ატონიზირებს.

  • პრობლემური, ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის

3 ალოეს ფოთოლი (ქერქი მოაშორეთ და რბილობი დაჭყლიტეთ), 3 ს/კ შვრიის ფანტელები, 3 ს/კ თაფლი, 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი აურიეთ. საშუალება ცხიმოვან ჯირკვლებს წმენდს და მათ მოქმედებას არეგულირებს, ანთებისგან დაგიცავთ.

თაფლის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის

თაფლი არა მხოლოდ კანისთვის, არამედ თმისთვისაც სასარგებლოა. დამატებითი ინგრედიენტების მიხედვით ფუტკრის პროდუქტით ნებისმიერი თმის ტიპისთვის სამკურნალო საშუალების მომზადებას შეძლებთ.

ეს ნიღაბი ცხიმიან, სუსტ და სწრაფად გაჭუჭყიანებად თმას მოუხდება. საშუალება ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას არეგულირებს, თმას კვებავს და ძველებურ ბზინვარებას უბრუნებს.

ნიღბის მოსამზადებლად 2 ს/კ თაფლს და 2 ს/კ თბილ რძეს 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 100 გრ შავი პური (ქერქის გარეშე) დაუმატეთ. ნიღაბი თავის კანზე წაისვით და თმის ძირებში შეიზილეთ. კარგად დაიმასაჟეთ, რომ კანმა საშუალება უკეთ აითვისოს. ამის შემდეგ თმაზე პარკი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა 5-ჯერ, თავის დაბანის წინ გაიმეორეთ, ამის შემდეგ 3-4 კვირა შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.

თაფლის ნიღაბი მშრალი თმისთვის

1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ მცენარეული ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი) აურიეთ, 1 უმი კვერცხის გული დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღაბი თავის კანზე წაისვით, დაიმასაჟეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. პარკი დაიფარეთ, პირსახოცით შეიფუთეთ და 1-2 საათით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასარგებლოა თავზე ბაალხების ნახარში გადაივლოთ. მაგალითად, ჭინჭრის, სააფთიაქო გვირილას, შვიტას ან სვიის ნახარში. ნიღაბი თმას კვებავს და აძლიერებს, მას ბუნებრივ ბზინვარებას უბრუნებს და მტვრევადობას ამცირებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.