სახლი და დიზაინი
საშობაო გვირგვინის 15 იდეა, რომლებიც შეგიძლიათ თავად გააკეთოთ
საახალწლო დღესასწაულებისთვის სახლი უკვე მორთეთ? ნაძვის ხის მორთვა და მენიუს შედგენა ჯერ არ დამიწყია, მაგრამ სხვა მხრივ თავს წარმატებულ დიასახლისად მივიჩნევ. უკვე საშობაო გვირგვინის წნა დავიწყე.
საშობაო გვირგვინი დასავლეთში სადღესასწაულო ატმოსფეროს აუცილებელი ნაწილია. რამდენ საახალწლო ფილმზე მაქვს ნაყურები და ამით სულ გაოცებული ვრჩები. იქ, სახლებში შეიძლება ნაძვის ხე არ ჰქონდეთ, მაგრამ შემოსასვლელ კარზე გვირგვინი აუცილებლად უკიდიათ. აღმოჩნდა, რომ მისი გაკეთება ძალიან მარტივია!
როგორ გავაკეთოთ საახალწლო გვირგვინი
ასეთი აქსესუარი თავად რომ გააკეთოთ, დაგჭირდებათ რამდენიმე ნაძვის ან ფიჭვის ტოტი. შეგიძლიათ ხელოვნური ტოტები გამოიყენოთ. ასევე კანაფის ძაფი და სხვადასხვა დეკორი. გვირგვინი შეგიძლიათ თავად ტოტებისგან გააკეთოთ ან მუყაოს ქაღალდის ან პენოპლასტის წრეს შემოაწნათ.
თუ ტოტებს კანაფის ძაფით ამაგრებთ, დეკორი მხოლოდ წებოზე მაგრდება. კომპოზიცია წინასწარ მოიფიქრეთ და დეტალები შეარჩიეთ. ნატურალური დეკორიდან გირჩევთ გირჩებს, რკოებს, ტოტებს და ბამბას. ხელოვნურიდან – ყველაფერს, რაც გსურთ.
მონოქრომული კომპოზიციები საინტერესოდ გამოიყურება. მაგალითად, მთელი გვირგვინი შეგიძლიათ გირჩებით, ნიგვზით და რკოთი ააწყოთ. თუ მათ ღვინის საცობებს და ოქროსფერ საღებავებს დაუმატეთ, ნამდვილად მდიდრულ გვირგვინს მიიღებთ.
ხელოვნური დეკორის გამოყენების არ მოგერიდოთ. მით უმეტეს, ახლა მაღაზიები იმდენად მრავალფეროვან დეკორებს გვთავაზობენ, რომ თვალები გაგვირბის. ერთ სტილში შერჩეული მძივები, ზარები, ქეჩის და ფანერის ნაწარმები საოცნებო გვირგვინის აწყობაში დაგეხმარებათ.
გვირგვინი ხმელი ყვავილებიდან
გვირგვინმა დიდხანს რომ გაძლოს, შეგიძლიათ ხმელი ყვავილებიდან, ფოთლებიდან ტოტებიდან გააკეთოთ. ზოგიერთი დეტალი შეღებეთ, რომ შემოქმედებას ფერადი აქცენტი მიანიჭოთ. აქვე გამოიყენეთ ბამბა, გირჩი და რკო. ძალიან ატმოსფერულია!
არომატული საშობაო გვირგვინი
საშობაო გვირგვინმა შეიძლება არა მხოლოდ თვალი გაახაროს, არამედ შენობა სადღესასწაულო არომატით გაავსოს. ამისთვის დარიჩინის ჩხირებით, ხმელი ციტრუსით, ანისულით და კენკრით მორთეთ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ წიწვის ტოტები ნატურალური იყოს.
სასაცილო გვირგვინი
ასეთი საშობაო გვირგვინი შეგიძლიათ საბავშვო ოთახის კარზე ჩამოკიდოთ. მისი გაკეთება ადვილია. ამისთვის მაღაზიაში ქეჩის სათამაშოები შეიძინეთ. წრე ბამბით გაავსეთ და წითელი ნაჭერი შემოახვეთ. ერთი–ორი და მზადაა!
როგორი საშობაო გვირგვინიც არ უნდა შეარჩიოთ, ის საახალწლო განწყობას მაუწყებელი ნამდვილად გახდება. სტუმრები ზღურბლთან ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაჩერდებიან, რომ თქვენი შემოქმედება დაათვალიერონ. ფანტაზიას გასაქანი მიეცით და ყველაფერი გამოგივათ!