Connect with us

სხვა

როგორ გავანოყიეროთ ჟოლო შემოდგომაზე – მოსავლის აღებისა და გასხვლის შემდეგ

ინტენსიური ზრდისა და ხილიანობის დროს ჟოლოს ბუჩქმა ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები აიღო. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მომავალ წელს, მცენარემ კვლავ შეძლოს ზრდა, აუცილებელია ის შემოდგომაზე გაანოყიეროთ.

სანამ ამ პროცედურას შევუდგებით, ბუჩქების ქვეშ სარეველა ბალახი უნდა მოვაცალოთ და ნიადაგი, რიგებს შორის 15-20 სანტიმეტრის, ხოლო უშუალოდ რიგებში კი 8-10 სანტიმეტრის სიღრმეზე გავაფხვიეროთ (უფრო ღრმად გაფხვიერების შემთხვევაში, არსებობს ფესვების დაზიანების რისკი).


ასევე რეკომენდებულია ძველი და გამხმარი ტოტების შემოჭრა. ყველაფერი ამის შემდეგ გაამზადეთ სასუქი ჟოლოსთვის. როგორც წესი სასუქს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იყენებენ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რემონტატული ჟოლო, რადგან მისი ბუჩქი შემოდგომაზე ჯერ ისევ მსხმოიარეა. ასეთ მცენარეს ზამთრისთვის ოქტომბერ-ნოემბერში ამზადებენ.

რომელი სასუქი ესაჭიროება ჟოლოს

მებაღეების უმეტესობა უპირატესობას ნატურალურ და ორგანულ სასუქს ანიჭებს. შემოდგომაზე ჟოლოს ნაკელით, კომპოსტით, ტორფით, ნაცრით ან მწვანე სასუქით ანოყიერებენ.

შემოდგომაზე ჟოლოს განოყიერება ორგანიკით აჯობებს.

3-4 წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, 1 კვადრატულ მეტრზე 4-5 კილოგრამი კომპოსტი ან ნაკელიშეაქვთ. ტორფის 10-15 სანტიმეტრიან ფენას კი ნიადაგს ყოველ წელს – ზამთარში  უმატებენ.  ეს გრუნტის სტრუქტურას აუმჯობესებს და იცავს ფესვებს სიცივისგან.

მიწას ქათმის ნაკელითაც ანოყიერებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ის მაღალკონცენტრირებულია და აჯობებს თუ მას თხევადი სახით გამოიყენებთ. გაურიეთ ის წყალში (1:20 შეფარდებით) და თანაბარი რაოდენობით დაასხით ნიადაგს.

ხის ნაცარს მოსავლის აღების შემდეგ, იყენებნ. როდესაც მცენარეს კალიუმი არ ყოფნის და ნიადაგის მჟავიანობის განეიტრალებაა საჭირო. 100 გრამ ნაცარს წრიულად ყრიან თითოეულ ბუჩქთან. ეს ნატურალური საშუალებაა მავნებლებთან ბრძოლისთვისაც.

თუ ჟოლოს რიგებს შორის მწვანე სიდერატები იზრდებიან (მდოგვი, სამყურა, ცერცველა), მოსავლის აღების შემდეგ მათ თიბავენ და ნიადაგში ატანენ. გაზაფხულზე ეს მასა გაიხრწნება და გაზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას.
თუ შარშან ნიადაგი ორგანული სასუქით გაანაყოფიერეთ, წელს აჯობებს მინერალურით ჩაანაცვლოთ.

ჟოლოს მინერალური სასუქით განოყიერება

ჟოლოს საშემოდგომო განაყოფიერება შეიძლება მიკროელემენტების ნარევისგანაც მოხდეს. ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფოსფორსა და კალიუმს. ხოლო აზოტის მეტობა გამოზამთრებისას შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომ მას შემოდგომაზე არ იყენებენ.

შემოდგომაზე ჟოლოს ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი ესაჭიროება. 

ფოსფორიან სასუქად როგორც წესი სუპერფოსფატს იყენებენ. 55-60 გრამ გრანულირებულ სასუქი ყოველი ბუჩქის ქვეშ გაფხვიერებულ ნიადაგში 7-10 სანტიმეტრის სიღრმეზე შეაქვთ.
კალიუმი ამაღლებს ჟოლოს ყინვაგამძლეობას. ამიტომ ის აუცილებელია. 40 გრამი კალიუმის სულფატი, ფოსფორთან ერთად შეაქვთ ნიადაგში. მის ნაცვლად კალიმაგნეზიუმის გამოყენებაც შეიძლება – ყოველ ბუჩქზე 25-30 გრამი.  ახალგაზრდა ნერგების შემთხვევაში მინერალური სასუქის რაოდენობას ორჯერ ამცირებენ.

გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ უბრალოდ კი არ დავყაროთ სასუქი მიწაზე, არამედ ის წინასწარ გამზადებულ, 20 სანტიმეტრი სიღრმის ორმოებში ჩავყაროთ, რომელიც წრიულად უნდა იყოს ამოჭრილი ბუჩქის გარშემო – 30-35 სანტიმეტრის დაშორებით.

კალიუმის ქლორიდიანი სასუქი ჟოლოსთვის არ გამოიყენოთ რადგან, შესაძლოა მას ქლოროზი გაუჩნდეს.

ჟოლოს განოყიერება შემოდგომაზე, დარგვისას.

ზოგიერთი მებაღე ჟოლოს დარგვას გაზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე ამჯობინებს. ასეთ შემთხვევაში ის როგორც ორგანულ ასევე მინერალურ სასუქსაც საჭიროებს.
ნერგებს ყინვების დაწყებამდე 15-20 დღით ადრე რგავენ.

1 კვ.მ. მიწაზე დაახლოებით 10 კილოგრამი ნაკელი ან კომპოსტი შეაქვთ. კალციუმის და ფოსფორის შემთხვევაში კი 20 გრამი.  მინერალურ სასუქებს უბრალოდ მიწის ზედაპირს აყრიან, ზემოდან აყრიან ორგანიკასაც და შემდეგ მიწას საგულდაგულოდ ბარავენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.