Connect with us

ჯანმრთელობა

რეპროდუქტოლოგები გაფრთხილებენ: სმარტფონებმა შეიძლება მამაკაცებში უნაყოფობის მდგომარეობა გააუარესოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში წყვილების 12%–ს უნაყოფობის პრობლემა აწუხებს და 50% შემთხვევაში მიზეზი მამაკაცშია. სამწუხაროდ, მამაკაცის ნაყოფიერებაზე ბევრი რამ გავლენას ახდენს დაწყებული სამედიცინო მიზეზით და დამთავრებული ცხოვრების წესით. არაჯანსაღი კვება, ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი, მოწევა და ალკოჰოლი  – ეს ყველაფერი მამაკაცებში ბავშვის ჩასახვის უნარს ამცირებს.

სამწუხაროდ, სამეცნიერო პროგრესი ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციას ამწვავებს: კომპიუტერული თამაშებით გატაცება და ნოუთბუქით მუშაობის ჩვევა ბავშვების ყოლის უნარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა: სმარტფონიც კი, რომლის გარეშეც ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ჩასახვის შანსებს ამცირებს.

რაშია დამნაშავე ტელეფონი?

ერთდროულად ორი კვლევა გვაფრთხილებს: სმარტფონთან ბევრი დროის გატარების ჩვევამ საბოლოოდ შეიძლება მამაკაცის ნაყოფიერებაზე ცუდი გავლენა იქონიოს. ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ მართა დერნფელდის ხელმძღვანელობით მოხალისე მამაკაცების სპერმის ხარისხი შეამოწმა. შედეგი სმარტფონის მოყვარულებისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა: იმ მამაკაცებს, რომლებიც ტელეფონს შარვლის ჯიბეში ატარებდნენ, სპემარტოზოიდების აქტივობა უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, ვინც ტელეფონს სხვა ადგილას ინახავდა.  როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ჩვეულებრივ სპერმის აქტივობის შემცირება, რომელსაც ჩასახვაზე ხელის შეშლა შეუძლია, ზუსტად კაცების 11%–ში ვლინდება. ხოლო იმ კაცებს შორის, რომლებიც სმარტფონს სხეულთან ახლოს ატარებდნენ, ასეთი პრობლემა მოხალისეთა 47%–ს აღენიშნათ.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ გაჯეტის გამო სპერმა ხურდება და სპერმატოზოიდები თავის აქტივობას ამცირებენ.

საძინებელში მისი ადგილი არაა

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ასუტას სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს, ადასტურებს: ძილის წინ სმარტფონით და სხვა გაჯეტებით ზედმეტმა გატაცება სპერმის მოძრაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ექსპერიმენტმა, რომელშიც 116 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა: მამაკაცები, რომლებიც გვიან საღამოს და ღამით ფილმის ყურებასა და სოციალურ ქსელით ურთიერთობაში ბევრ დროს ხარჯავენ, სპერმის ხარისხი დროთა განმავლობაში უმცირდებათ.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, საქმე ცისფერ სინათლეშია, რომელსაც გაჯეტები ასხივებენ. უკვე ცნობილია, რომ ის ადამიანის ცირკადულ რიტმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მელატონინის წარმოებას ამცირებს, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს იწვევს. მათ შორის, როგორც ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, სპერმის აქტივობაზე ც გავლენას ახდენს.