Connect with us

ყვავილები

რა შეცდომებს არ აპატიებენ მებაღეებს იები

ჩვენს ფლორისტებს ოთახის იები ხავერდოვანი ყვავილების, მრავალფეროვანი ფორმებისა და ფერების გამო ძალიან შეუყვარდათ. ერთი შეხედვით ყვავილი უპრეტენზიოა, მაგრამ ამ მოკრძალებული ლამაზმანის მორწყვა, გამოკვება და მოვლა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს.

აქედან გამომდინარე დღეს გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთაც იის გაზრდისას ხშირად უშვებენ როგორც დამწყები ფლორისტები, ასევე ოთახის მცენარის გამოცდილი მოყვარულები. ასეთი შეცდომები არ დაუშვათ, რომ იამ რეგულარული და უხვი ყვავილობით მადლობა გადაგიხადოთ.

იის მორწყვა

დავიწყოთ მცირე ისტორიული გადახვევით. ამ სტატიის გმირს უკეთ რომ გაუგოთ, უნდა იცოდეთ თუ სად და როდის დაიწყო მისი ტრიუმფალური გზა ჩვენი ქვეყნის ფანჯრის რაფებზე.

ბუნებაში სენპოლია (ლათ. Saintpaulia), რომელსაც ჩვენ იას ვეძახით, აღმოსავლეთ აფრიკის მაღალმთიან რეგიონებში იზრდება. მას არაფერი არ აქვს საერთო იმ ტყის იასთან, რომელიც უბიწოების სიმბოლოდ ითვლება და დედამიწას მაისის დასაწყისში სურნელოვანი ხალიჩით ფარავს.

მცენარე 1892 წელს აღმოაჩინა ბარონმა ვალტერ ფონ სენ–პოლემ, რომლის საპატივცემულოდ თავისი სამეცნიერო სახელი მიიღო. აფრიკული ია ფართო საზოგადოებას 1893 წელს გენტში ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე წარუდგინეს. დღესდღეობით უკვე სენპოლიის 30 ათასზე მეტი სახეობაა გამოყვანილი.

ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ უნდა იყოს სამხრეთ ლამაზმანის მოსარწყავად წყალი ოთახის ტემპერატურაზე თბილი. ცივ წყალს მცენარისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ასევე იის დანამვა არ ღირს.

სენპოლიას უყვარს ტენიანი ჰაერი, როგორიც მის სამშობლოში მთიანი მდინარის ნაპირებზეა. მაგრამ ვერ იტანს, როცა წყალი უშუალოდ შუა ხვრელში ხვდება. ამან შეიძლება ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.

ამრიგად, ბევრი წყლის პირდაპირ ქოთანში ჩასხმა არ ღირს. ამის ნაცვლად წყლით სავსე ჭურჭელი მის გვერდით დადეთ. გამოცდილი ფლორისტები ირწმუნებიან, რომ ფიტილური მორწყვით შეგვიძლია იას უხვი ყვავილობა ვაიძულოთ.

განათება

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცხელი აფრიკის სტუმარს მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ უყვარს. მათი გავლენის ქვეშ იის ფოთლები იწვება და ჭკნობას იწყებს.

სენპოლია ჩრდილო–დასავლეთ, აღმოსავლეთ ფანჯარასთან თამამად მოათავსეთ. ხოლო სამხრეთ მხარეს რაიმეთი დაჩრდილვა მოგიწევთ.

იის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა რაოდენობის სინათლე სჭირდება. სწორედ ამიტომ, მათ ფოთლებს ყურადღება მიაქციეთ. სინათლის დეფიციტის შემთხვევაში ფოთლები ზემოთ იწვერება, ხოლო ჭარბი განათების პირობებში ქოთნის კიდეებზე ქვემოთ იღუნება.

ოპტიმალური ტემპერატურა

იას შეუძლია ხანგრძლივად და უხვად იყვავილოს 20 გრადუს ტემპერატურაზე. თუმცა ორპირ ქარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს. ცივი ჰაერის ნაკადს შეუძლია ფოთლები გააუფერულოს ან ფესვების სისტემა დაალპოს.

იის გამოკვება

ჩვენ იები უხვი ყვავილობის გამო გვიყვარს. ამის მიღწევას საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებების მიწოდებით შეძლებთ. უფრო მარტივი იქნება, თუ იპოვით ბოთლს წარწერით „სენპოლიისთვის“.

ის აუცილებლად ინსტრუქციის მიხედვით ფესვების ქვეშ უნდა გამოიყენოთ. იის ფოთლები არ დანამოთ, რადგან ისინი ბუსუსებით არის დაფარული. ყვავილობის ხარისხზე და ზოგად ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს კალიუმით და მანგანუმით გამოკვება.

ამ ნივთიერებების მიღებას ნატურალური სასუქების მომზადებით ადვილად შეძლებთ. აიღეთ ბანანის ახალი ქერქი და წყალი დაასხით. რამდენიმე დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ამის შემდეგ ია ჯერ ოდნავ თბილი წყლით, შემდეგ კი მომზადებული ნაყენით მორწყეთ.

დაავადებების პროფილაქტიკა

იის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ნაცროვანი სოკო. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა ფაქტორმა. მაგალითად: არასაკმარისი განათება, მაღალი ტენიანობის და დაბალი ტემპერატურის კომბინაცია, დაავადებულ მცენარესთან ძალიან ახლო მეზობლობა, ჭარბი აზოტი და კალიუმის დეფიციტი ნიადაგში.

ნაცროვანი სოკოს განკურნება ადვილია, თუ მკურნალობას დაავადების პირველივე ნიშნებისას დაიწყებთ. ამ უსიამოვნებით დაავადებული იის ფოთლები ისე გამოიყურება, თითქოსდა თეთრი მტვრით არის დაფარული. ოღონდ ეს არა მტვერი, არამედ სოკოს მიცელიუმია. და მის ჩამორეცხვას ვერ შეძლებთ.

ნაცროვანი სოკოს განკურნება შეიძლება სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. შეგიძლიათ ნივრის დახმარებით ხალხური საშუალება გამოიყენოთ. 50 გრ დაქუცმაცებულ ნიორს 2 ლ წყალი დაასხით. 1 დღე დააყენეთ, გადაწურეთ და გაუზავებელი სახით დაზიანებული მცენარე დაამუშავეთ.

იის ზრდისთვის აუცილებელი მორწყვის რეჟიმი, ტემპერატურა და ტენიანობა შეინარჩუნეთ, ასე მათ მეგობრულ ყვავილობას მიაღწევთ და ნაცროვანი სოკოსგან დაიცავთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.