Connect with us

ჯანმრთელობა

რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ემოციები თქვენს კანზე

ჩვენი სილამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ სწორად შერჩეულ თავის მოვლის საშუალებებზე, კლიმატსა და კვების რაციონზე, არამედ სულის მდგომარეობაზე: შინაგანი ჰარმონიის და ნერვული აფეთქებების პერიოდებზე.

ხშირად ასეთი მნიშვნელოვანი „ინგრედიენტი“ ემოციები უგულებელყოფია და სერიოზულად არ განიხილავენ. უფრო ადვილია ახალი კრემის სასწაულმოქმედი ძალის შეფასება, ვიდრე საკუთარი თავის გაგება.

ამავდროულად, თანამედროვე სამყაროში არსებობს ფსიქოდერმატოლოგიის მთელი მეცნიერება, რომელიც გონებასა და კანს შორის მჭიდრო კავშირს განმარტავს და ზოგიერთი პათოლოგიის ფსიქოლოგიურ მიზეზებს იკვლევს. მაგალითად, ამ მოძრაობის მომხრეების ერთ–ერთი დასკვნა: მუდმივი დაძაბულობა ატოპიურ დერმატიტს, ფსორიაზს და ფართო აკნეს იწვევს.

გარეგნობაზე აისახება არა მხოლოდ მუდმივი სტრესი, არამედ ხანმოკლე ემოციური აფეთქებაც. ეს განსაკუთრებული ჰორმონების გამო ხდება, რომლებსაც ორგანიზმი სიყვარულის, მწუხარების, პანიკის, მორცხვობის, სიბრაზის და სხვა სიტუაციების დროს აწარმოებს. რა საფრთხეს შეიცავს გრძნობების სიჭარბე ან ნაკლებობა?

სიყვარული

გამონათქვამს „შეყვარებული ადამიანი შიგნიდან ანათებს“ მეცნიერული საფუძველი აქვს. ბედნიერების მომენტებში ხილული გარდაქმნა ნამდვილად ხდება და ყველას გამონაკლისის გარეშე ეხება. ძვირფას ადამიანთან კონტაქტით (არა მხოლოდ შეყვარებულთან, არამედ მეგობართან) ორგანიზმში თავისუფლდება ბედნიერების ჰორმონი ოქსიტოცინი. ერთი მხრივ, ის უჯრედებს აღადგენს, მათ ჟანგბადით ავსებს და ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს. მეორე მხრივ, კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს ამცირებს.

ასეთი კომპლექსური მოქმედება კანს შიგნიდან ანათებს. არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანისთვის მადლობის თქმა იმისთვის, რომ თავის მოვლის საშუალებებზე დიდ თანხას გიზოგავთ.

დარდი

დარდი არა მხოლოდ სულისთვის, არამედ სხეულისთვის საზიანოა. აიღეთ, ასეთი აშკარა ფაქტი. დარდიანი ადამიანი და ის, ვინც დეპრესიის ზღვარზე იმყოფება, როგორც წესი, არა მხოლოდ საკუთარ თავში იკეტება, არამედ ფაქტიურად სივრცეს კეტავს, ცდილობს ქუჩაში იშვიათად გავიდეს. შედეგად იქმნება D ვიტამინის დეფიციტი, რომელსაც ორგანიზმი მზის სხივებიდან აწარმოებს. სახე მონაცრისფერო ხდება.

გარდა ამისა, დარდი სისხლძარღვებზე გავლენას ახდენს, რაც მტკივნეულ სიფერმკრთალეს იწვევს. ხშირი ტირილი – თვალების ქვეშ სისხლჩაქცევების ცნობილი გამომწვევები არიან, თან ამაში ცრემლის მარიალიანობაა დამნაშავე!

შფოთვა

შფოთვის ან შიშის დროს ორგანიზმი კორტიზოლს ათავისუფლებს. ამ ჰორმონის გაზრდილი დონე კანის უჯრედების ანთებას, ასევე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ზრდის. ამ ფაქტორების შეჯამებით ვიღებთ აკნეს, რომელიც დილით სარკეში ჩახედვისას შოკში გვაგდებს.

კორტიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიალურონის მჟავის შემცირება, რომლისთვისაც ყველა, 25 წელს გადაცილებული ქალი ლოცულობს. შედეგად, ბუნებით მშრალი კანი უფრო მეტ ნაოჭს იღებს. მისი დანახვა კი შფოთვას უფრო ზრდის. ერთგვარი მანკიერი წრე იქმნება.

სტრესი

ეს ემოცია შფოთვასა და შიშთან ახლოსაა, მაგრამ მისი შედეგები დაგროვებითია, ანუ უფრო სერიოზულია. მაგალითად, თვალების ქვეშ მუქი წრეები ნერვული დაძაბულობით, უძილობით დატანჯულ ადამიანს ამხელს. სტრესი გვაიძულებს წარბების შეკვრას – მიესალმეთ ცხვირტუჩის ნაკცეს და ღრმა ნაოჭებს შუბლზე.

მუდმივი შოკური თერაპიისას სხეული მიჩვევას და წინასწარ რეაგირებას იწყებს. მაგალითად, სწრაფად ფერმკრთალდებით, ეპიდერმისის ზედაპირიდან სისხლი უკან იხევს, კუნთებში კონცენტრირდება, მასთან ერთად – ყველა მკვებავი ნივთიერება ქრება. სტრესის კიდევ ერთი შედეგი – აკნე. ნერვულ ნიადაგზე ბევრი სახეზე ხელის შეხებას იწყებს. დარწმუნებული არ ვართ, რომ ყოველი შეხებისას ხელს იბანთ. ეს კი ბაქტერიებისთვის სიამოვნება, თქვენთვის კი ტანჯვაა. ხშირად სტრესი–აკნე ჩნდება ნიკაპზე ან ლოყებზე.

კარგი ამბავი: თუ ნერვები პოზიტიური სიტუაციით არის გამოწვეული (მაგალითად, მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზი ან მღელვარება), კანზე მოქმედება მაამებელია. ადრენალინი წვრილ კაპილარებში პულსირებას იწყებს, რის წყალობით ლოყები ჯანსაღ ელფერს იძენს, სახე კი უფრო „წვნიანი“ ხდება.