Connect with us

ჯანმრთელობა

რა არის რკინის ფარული დეფიციტი და როგორ გვართმევს ძალას

რკინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული დეფიციტია დედამიწაზე. ხშირად მისი მსხვერპლი ქალები და პატარა ბავშვები არიან. როგორ მივხვდეთ, რომ თქვენ რისკ–ჯგუფში ხართ? დღეს ამის შესახებ გვესაუბრება ანასტასია არსენევა, ექიმ–ჰემატოლოგი, მოძრაობის „დედები რკინის დეფიციტის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი, წიგნის „რკინის არგუმენტი. სიმართლე ანემიის შესახებ“ ავტორი.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში რკინის მარაგი ერთი დიდი აუზია. ოღონდ მასში წყლის ნაცვლად სპეციალური ცილები, ფერიტინია, რომელიც რკინას აგროვებს და ინახავს. ასევე ამ აუზში 2 მილია. ერთით რკინა აუზში შედის, მეორეთი კი გადის. ნაკადი #1 – ეს არის რკინა, რომელსაც ყოველდღე საკვებიდან იღებთ. ნაკადი #2 – ფიზიოლოგიური დანაკარგი, რომელსაც ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანი ყოველდღე ნაწლავებიდან კარგავს.

თუმცა, ქალებს მენსტრუაციის დროს დამატებით სისხლის, ანუ რკინის ყოველთვიური ფიზიოლოგიური დანაკარგი აქვთ. სწორედ ამიტომ, მოზარდობის პერიოდიდან რკინის მიმართ მოთხოვნილება ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში. იდეალურ პირობებში ეს ორი ნაკადი დაბალანსებულია. ორგანიზმმა დღეში რამდენი რკინაც დაკარგა, იმდენი უნდა მიიღოს. ასე ფერიტინის დონე მუდმივი და საკმარისი დარჩება ორგანიზმის საჭიროებებისთვის.

ასევე წარმოიდგინეთ, რომ თქვენს აუზში ჩაშვებულია ტუმბო, რომელიც რკინას იმ ორგანოებს და სისტემებს აწვდის, რომელთაც ის მუშაობისთვის სჭირდება. გაოცდებით, მაგრამ ეს მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედები და ჰემოგლობინი არაა. რკინა აუცილებლად სჭირდება ნერვულ სისტემას, კუნთებს, იმუნიტეტს, კანს, ასევე სპეციალურ ცილებს (ციტოქრომები) რომლებიც გარემოს ტოქსიკური ზემოქმედებისგან გვიცავს.

მას შემდეგ, რაც რკინას ყველა ეს სისტემა გადაამუშავებს, ის კვლავ აუზში ბრუნდება განმეორებითი გამოყენებისთვის. აი, გადამუშავების ასეთი სისტემა გვაქვს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, არ მივირთვათ დიდი რაოდენობით რკინა, რომელიც ორგანიზმს ყოველდღე სჭირდება.

ერთი შეხედვით, კონსტრუქცია იდეალურია: თუ საკვებიდან რკინის მიღება შეიზღუდება (დიეტის დროს) ან რკინის მოხმარება მკვეთრად გაიზრდება (ორსულობის დროს) ორგანიზმი აუზიდან საჭირო რაოდენობის რკინას აიღებს და ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. თუმცა ამ სისტემის ჰარმონიული მუშაობა ხშირად ირღვევა.

რა არის რკინის ფარული დეფიციტი

რკინის ფარული ან ლატენტური დეფიციტი – მდგომარეობა, როცა აუზში ფერიტინის დონე იმდენად შემცირებულია, რომ ტუმბო მას თითქმის ვერ წვდება, მაგრამ ჰემოგლობინის დონე ჯერ კიდევ ნორმაშია.

ეს რკინადეფიციტური ანემიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. ანემია სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირებაა – ეს დეფიციტის ბოლო სტადიაა. თუ საქმე ამ დონემდე მივიდა, აუზში წვეთი რკინა უკვე დიდი ხანია აღარ დარჩა. რკინის დეფიციტი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული დეფიციტია. და ხშირად მისი მსხვერპლი ქალები და პატარა ბავშვები არიან.

ამ პრობლემის მასშტაბურობის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათგან 2 გლობალურია:

1. ფიზიოლოგიური საფუძველი: ქალები რკინას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს კარგავენ.

2. ცხოვრების წესის გავლენა. თანამედროვე კვება, რომელიც მიკროელემენტებით და ვიტამინებით ღარიბია, საკმარისი რაოდენობის რკინის მომარაგების საშუალებას არ იძლევა.

რკინის ფარული დეფიციტი საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა როგორც ექიმის, ასევე პაციენტისთვის. ის ბევრ არასპეციფიკურ სიმპტომს იწვევს. ანუ ისეთ სიმპტომებს, რომლებიც ნებისმიერ რამეს შეიძლება მივაწეროთ: დაღლილობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, სისუსტე, გაზრდილი ოფლიანობა.

რკინის დეფიციტის სიმპტომები:

  • დაღლილობა
  • ენერგიის დაკარგვა
  • ძილის დარღვევა
  • ტკბილეულის მიმართ ლტოლვა
  • სწრაფად დაღლა
  • გაღიზიანება
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა

ეს სიმპტომები პაციენტის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აზიანებენ, ექიმები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ სად იპოვონ მიზეზი. ქალებში რკინის ფარული დეფიციტი ყველაზე შეუფერებელ მომენტში ანემიად გარდაიქმნება. ხშირად ეს ხდება ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებისას რკინის დეფიციტს იწვევს. ამრიგად, ქალებში რკინის დეფიციტის გავრცელებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების გაჩენის სიხშირე.

თითოეული მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია და ახლავე დავიწყოთ.

მოდით განვიხილოთ, გაქვთ თუ არა რკინის დეფიციტის რისკი

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  1. გახასიათებთ თუ არა უხვი ან ხანგრძლივი მენსტრუაცია?
  2. ოდესმე თუ დაგიცავთ ხანგრძლივი დიეტა კალორიების შეზღუდვით ან მკაცრი ჰიპოალერგიული დიეტა?
  3. ერთხელ მაინც ორსულად თუ ყოფილხართ?
  4. გაქვთ თუ არა წონის დეფიციტი, სხეულის მასის ინდექსი 18,5–ზე დაბალია? ან ჭარბი წონა, სხეულის მასის ინდექსი 30–ზე მეტია?
  5. თქვენს ბავშვს, დედას ოდესმე ანემია თუ ჰქონია?

რკინის დეფიციტის რისკი ამ მომენტისთვის მაღალია: თუ ამ სიიდან მინიმუმ 2 კითხვას უპასუხეთ დადებითად.

რკინის დეფიციტის რისკი მაღალია მომავლისთვის: თუ ამ სიიდან ერთ ნებისმიერ კითხვას უპასუხეთ დადებითად და ორსულობას გეგმავთ ან უკვე ორსულად ხართ.

რკინის დეფიციტის რისკი უმნიშვნელოა, თუ ხუთივე კითხვას უპასუხეთ „არა“.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.