Connect with us

ყვავილები

მწვანე ხახვი საახალწლოდ: ყველაზე სწრაფი მეთოდები ახალი მწვანილის გასაზრდელად

ხახვის ბოლქვიდან მწვანე ხახვის გაზრდა დიდ მოთმინებას, სხვადასხვა კონტეინერის, ნიადაგის და წყლის ქონას, რეგულარულ მორწყვას, გამოკვებას, ჰაერის დატენიანებას და სხვა მანიპულაციებს მოითხოვს. თუმცა მარტივი მეთოდებიც არსებობს, რომელთა წყალობით ახალი მწვანილის მიღებას ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ, სულ რაღაც 15 დღეში შეძლებთ.

თქვენ ალბათ ჭუჭყზე, ნესტზე ხელის მოკიდება და ფანჯრის რაფაზე ხახვის უსიამოვნო სუნის შეგრძნება არ გსურთ. და არც მოგიწევთ. მთავარია, ყველაზე აუცილებელი საშუალებები მოამზადოთ და ჩვენი ინსტრუქციის მიხედვით დარგოთ. გაგახარებთ, რომ შემდეგ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. უბრალოდ უნდა დაელოდოთ. თუ ხახვს ნოემბერში, ან დეკემბრის დასაწყისში დარგავთ, ახალ წელს ახალი მწვანილით სადღესასწაულო სალათების მომზადებას შეძლებთ.

როგორ გავზარდოთ მწვანე ხახვი

მეთოდი № 1

სახლის პირობებში მწვანე ხახვი შეგიძლიათ ბოთლში გაზარდოთ. ეს მარტივი და სწრაფი მეთოდია, რომელიც ზედმეტს არაფერს საჭიროებს.

1. დიდი პლასტმასის ბოთლი აიღეთ და ბოთლის პირი გადაჭერით, შემდეგ დარჩენილი ბოთლი შუაზე გაჭერით.

2. ბოთლის ძირი ნახერხით, ტუალეტის ქაღალდით, ქსოვილის ნაჭრებით ან სხვა ხელთ არსებული საშუალებით ამოავსეთ, რომელიც ტენს დიდი ხნით ინარჩუნებს.

3. პატარა ხახვები (ქათმის კვერცხის ზომა) შეარჩიეთ, რომ ბოთლში 5-7 ცალის ჩადება შეძლოთ. თითოეულს ზედა ყუნწი მოაჭერით, რომ რბილობი გაშიშვლდეს. ასეთი სტიმულაცია ხახვის ფოთლებში ჟანგბადის მოხვედრას აძლიერებს.

4. ხახვი, ფესვებით ქვემოთ ჩარგეთ. 50-100 გრ წყალი დაასხით, ბოთლის მეორე ნაწილი დაახურეთ და ფანჯრის რაფაზე დადეთ.

15-25 დღის შემდეგ მწვანე ხახვის სიმაღლე 30 სმ-ს მიაღწევს. მწვანილი ძალიან ხშირად არ მორწყათ, არამედ ნიადაგის ან შემავსებლის ტენიანობის მიხედვით მორწყეთ. არ ინერვიულოთ, თუ ყველა ხახვი არ აღმოცენდება, შემოდგომაზე ეს ნორმალური მოვლენაა. დროთა განმავლობაში სხვებს დაეწევა და თანაბარი მწვანე ღეროები გექნებათ.

მეთოდი № 2

თუ გადაჭრილი ბოთლებით თამაში არ გსურთ, შეგიძლიათ ხახვი პაკეტში გაზარდოთ. ისე იმოქმედეთ, როგორც წინა მეთოდის დროს. თუ ნერვიულობთ, რომ პარკი გაიხევა და წყალი დაიღვრება, პლასტმასის ან კერამიკის ჭურჭელზე დადეთ.

მწვანე ხახვის აღმოცენება რომ დააჩქაროთ, ხახვი 2 დღე თბილ წყალში ჩაალბეთ, წყალი დილა-საღამოს გამოუცვალეთ. ამ ხრიკის დახმარებით მწვანე ხახვი 10 დღეში ზრდას დაიწყებს. დასველების შემდეგ ხახვი სალფეთქით გაამშრალეთ და პოლიეთილენის პარკში ერთმანეთთან მჭიდროდ მიდებული ჩადეთ. ქვედა სველი შემავსებელის ფენა მინიმუმ 2 სმ უნდა იყოს.

დარგვის შემდეგ პარკი კარგად გაბერეთ და შეკარით, ჰაერი არ გამოუშვათ. პაკეტი 3 დღით ბნელ, გრილ ადგილას დადეთ, რომ ფესვების ზრდა დააჩქაროთ. 3 დღის შემდეგ მინი სათბური ნათელ ფანჯრის რაფაზე დადეთ. ხახვის ზრდის პერიოდში მორწყვა ან სასუქის მიწოდება საჭირო არაა.

პარკი არ გახსნათ, სანამ მწვანე ხახვის აღმონაცენები არ გამოჩნდება. პარკის გახსნის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ, რომ შემავსებელი არ გამოშრეს. პირველი აღმოცენებული მწვანილი არ მოჭრათ, არამედ ახალ ბოლქვებს გაზრდის საშუალება აცადეთ. ფოთლები კუთხეებიდან მოჭერით და ცენტრისკენ იმოძრავეთ.

ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ხახვის თავი ნარჩუნდება და შეგიძლიათ საკვებში გამოიყენოთ. ასე შეგიძლიათ ნივრის, ისპანახის და პრასის მწვანილი გაზარდოთ.

ამ მეთოდების დახმარებით ბევრი მწვანილის მიღებას არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წელი შეძლებთ. მწვანე ხახვის გაზრდაში რთული არაფერია. მოწონებული მეთოდი შეარჩიეთ და ახალ წელს ნატურალური და სასარგებლო მწვანილით შეხვდით.