კულინარია
მცოდნე დიასახლისები ხავერდის ყვავილებს ახმობენ და აი, რატომ
ერთი შეხედვით, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს სამზარეულოში ისეთ მარტივ ყვავილს, როგორიც ხავერდაა? დავუშვათ, მისგან ჩაის მოდუღება შეიძლება. მოკლედ, ნებისმიერ მცენარეს შეგიძლიათ მდუღარე წყალი დაასხათ და ჩაი უწოდოთ. რით გამოირჩევა ხავერდა?
ნამდვილი აღმოჩენა გახდა, რომ ამ მცენარეს სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებენ. თან როგორც სანელებლად, ასევე სრულყოფილ ინგრედიენტად. წელს პირველად გავიგე, რომ მისი დახმარებით სალათის და სხვადასხვა კონსერვის მომზადება შეიძლება.
ითვლება, რომ ხავერდა მხედველობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს ხავერდის გამოსაყენებლად.
სანამ რეცეპტების შესწავლაზე გადახვალთ, დარწმუნდით ამ ყვავილის მიღებაზე უკუჩვენებები არ გაქვთ. ხავერდის მიღება ორსულობის დროს და ალერგიის შემთხვეევაში არ შეიძლება. მეძუძურმა დედებმა და 14 წლამდე მოზარდებმაც მისი მიღება უნდა შეზღუდოს.
ხავერდა კულინარიაში
აჯიკა ხავერდით
ინგრედიენტები:
- 70 ხავერდის ყვავილი
- 250 გრ ნიგოზი
- 500 გრ ტკბილი წითელი წიწაკა
- 1 ს/კ მარილი
- 250 გრ ნიორი
- 200 გრ მწარე წიწაკა
- 15 გრ ხმელი სუნელი
მომზადების წესი:
1. პირველ რიგში, აუცილებელი ბოსტნეული გარეცხეთ, გააშრეთ და ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ. იგივე ხავერდის ყვავილის შემთხვევაში გაიმეორეთ.
2. წიწაკა, ნიორი, ნიგოზი და ხავერდის ყვავილის ფურცლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
3. ბოლოს მიღებულ მასას მარილი და სუნელები დაუმატეთ. მიღებული აჯიკა ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. თუ სურვილი გაქვთ, დეგუსტაცია იმწამსვე შეგიძლიათ დაიწყოთ.
სანელებელი ხავერდის ფურცლებით
ამ სანელებლის მოსამზადებლად მხოლოდ ყვავილის ფურცლები და კარგი ყავის საფქვავი დაგჭირდებათ.
მომზადების წესი:
1. ხავერდის ფურცლები გარეცხეთ, გააშრეთ და ჯამის ფოთლები მოაშორეთ. ფურცლები ლანგარზე დაყარეთ და 1–2 დღე გასახმობად გააჩერეთ. თუ ხილის და ბოსტნეულის ელექტროსაშრობი გაქვთ, დრო შეგიძლიათ დაზოგოთ და ყვავილები რამდენიმე საათში გაახმოთ.
2. ხმელი ფურცლები ყავის საფქვავში მოათავსეთ. პროცედურა უკვე დაქუცმაცებული ფურცლებით გაიმეორეთ, რომ სანელებლის აუცილებელ კონსისტენციას მიაღწიოთ.
3. ბოლოს დაფქული ფურცლები გაცერით და სუფთა ქილებში შეინახეთ.
სანელებელი მცირე რაოდენობით გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი მწარე გახდება.