Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ ნემსიწვერა, რომ მთელი ზაფხული დიდებულად იყვავილოს

ნემსიწვერა პრეტენზიულ მცენარედ არ ითვლება, ამიტომ მას ბევრი სახლის ფანჯრის რაფაზე იხილავთ. და მაინც, გარკვეული წესების დაცვა საჭიროა. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ნემსიწვერა ისე, რომ თავისი ლამაზი ყვავილებით დიდხანს გაგახაროთ.

რით გამოვკვებოთ ნემსიწვერა

როგორც ყველა მცენარეს, ნემსიწვერასაც დროულად გამოკვება და სწორი მორწყვა უყვარს. ასე გახანგრძლივებული ყვავილობით დიდხანს გაგახარებთ. თუ მოულოდნელად ფოთლებმა გაყვითლება დაიწყო, ეს აუცილებლად წყლის დეფიციტს არ ნიშნავს. ამ მცენარესთან ყველაფერი პირიქითაა: ფოთლები ჭარბი წყლის გამო ყვითლდება.

სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის ნიშნები

1. ფოთლები ლაქებით იფარება, ფოთლების ძარღვები ყვითლდება, ქვედა ფოთლების კიდეები ყავისფერდება. ნემსიწვერა ყვავილობს, მაგრამ ქვედა ფოთლები კალიუმის დეფიციტის გამო ცვივა.

2. თუ მცენარის ზრდა შენელდა და ყვავილობაზე უარს აცხადებს, ეს შეიძლება აზოტის დეფიციტის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში ფოთლები ყვითლდება, შემდეგ წითლდება და კვდება.

3. თუ სიყვითლე ძარღვებს შორის ვრცელდება და ახალგაზრდა ყლორტები ლპება, ყვავილს მაგნიუმი აკლია.

4. რკინის დეფიციტი ფოთლების გაუფერულებით ვლინდება.

5. ფოთლებმა შეიძლება ლითონისფერი შეფერილობა მიიღოს. ეს მანგანუმის დეფიციტის სიგნალია.

6. ნელი განვითარების და გაყვითლებული ფოთლების მიზეზი შეიძლება მოლიბდენის დეფიციტი იყოს.

ჩვეულებრივ, ყვავილს ფოსფორი და კალიუმი აკლია, ამიტომ სპეციალური სასუქით გამოკვება ზედმეტი არ იქნება. გირჩევთ, გაზაფხულის ბოლოს, ყოველ 14 დღეში ფესვების ქვეშ გამოკვებოთ. ზაფხულში ნემსიწვერას დააკვირდით. თუ კარგად ყვავილობს და ფოთლები არ ყვითლდება, სასუქის მიწოდება არ სჭირდება. შემოდგომაზე გადარგვის შემდეგ გამოკვებეთ. თუ მცენარე დაავადდა, ჯერ განკურნეთ, შემდეგ გამოკვებეთ. ზამთარში  გამოკვება არ სჭირდება.

სასუქები ნემსიწვერასთვის

გადავიდეთ მთავარ კითხვაზე: რით გამოვკვებოთ ნემსიწვერა?

1. ნემსიწვერა შეგიძლიათ თხევადი სასუქით, გრანულებით ან კრისტალური კონცენტრატით გამოკვებოთ. 1 გრ სასუქი 1 ლ წყალში გახსენით და ფესვების ქვეშ მიაწოდეთ. გამოკვების წინ მიწა კარგად დაატენიანეთ.

2. გამოსაკვებად ყველასთვის ცნობილი იაფი საშუალება, იოდი გამოგადგებათ. 1 წვეთი 1 ლ წყალში გახსენით. გამოკვებამდე მიწა გააფხვიერეთ და დაატენიანეთ. ასეთი სასუქი ყოველ 20 დღეში შეგიძლიათ მიაწოდოთ.

3. კიდევ ერთი სააფთიაქო საშუალება, რომელიც გამოსაკვებად გამოგადგებათ, – წყალბადის ზეჟანგი. 1 ლ წყალზე 25 მლ წყალბადის ზეჟანგი აიღეთ. ამით ნემსიწვერა შეგიძლიათ მთელი წელი გამოკვებოთ.

4. უბრალო საფუარიც გამოგადგებათ. 1 გრ მშრალი საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი 1 ლ თბილ წყალში გახსენით. თუ დაპრესილ საფუარს იყენებთ, 10 გრ საფუარი 1 ლ წყალში გახსენით. გაზაფხულზე ამ ნარევით ნემსიწვერა 2–ჯერ გამოკვებეთ.

5. 1 მლ B ვიტამინი 2 ლ წყალში გახსენით. ამ საკვებით ნემსიწვერა ივნისი–სექტემბრის პერიოდში, ყოველ 2 კვირაში გამოკვებეთ.

6. უბრალო რძეც სასუქად გამოგადგებათ. 0,5 ჭიქა რძე 1 ლ წყალში გახსენით. ასეთი შემადგენლობით მცენარე მორწყვებს შორის გამოკვებეთ.

7. 50 გრ ხახვის ფურცლები 2 ლ ცხელ წყალში დააყენეთ. ყვავილი გრილი ხსნარით მორწყეთ.

თქვენ ზრდით სახლში ნემსიწვერას? როგორ ზრუნავთ და რით კვებავთ?