Connect with us

ჯანმრთელობა

კბილების გაწმენდის 4 მეთოდი, როცა ხელთ კბილის ჯაგრისი არ გაქვთ

საახალწლო დღესასწაულებზე ცხოვრება არაპროგნოზირებადია – ჟენია ლუკაშინი (ბედის ირონია) გაიხსენეთ, რომელმაც უცხო ბინაში, უცხო ქალაქში და სხვა ქალთან გაიღვიძა. როგორც მინიმუმ, ლუკაშინს ცხელი წყალი, კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა მაინც ჰქონდა. რა უნდა გააკეთოთ, თუ ისე შორს წახვედით, სადაც ცივილიზაციის კვალი უდაბნოში ან ნახევრად შესამჩნევ თოვლში ქრება? როგორ გადავარჩინოთ კბილები კარიესისგან, როცა ჩვეული საშუალებები ხელთ არ გაქვთ?

არ დანებდეთ და გაიწმინდეთ!

„არც ერთი კბილი მტერს!“ – აი, თქვენი დევიზი ამ რთულ დროში. მაშინაც კი, თუ კბილების გასაწმენდად ხელთ არაფერი გაქვთ, მისი გაწმენდა მაინც საჭიროა. რუტინის მხოლოდ ერთი ჩაგდებაც საკმარისია, რომ პირის ღრუში ანთებითი პროცესები განვითარდეს, აქ კი მალე შეიძლბა კარიესი და ღრძილების დაავადება გაჩნდეს.

მაგრამ რატომ? კბილებს თუ არ გაიწმენდთ, პირში მჟავე გარემო შენარჩუნდება და ეს ბაქტერიების გასავრცელებლად ხელსაყრელ გარემოს შექმნის. მცირე რაოდენობაც კი ემალს დიდ ზიანს აყენებს, რომლის აღდგენას სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე ვერ შეძლებთ. თუ კბილებს უკვე რამდენიმე დღე არ იწმენთ, ნადების მოშორებას პროფესიონალური წმენდის გარეშე ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, ბაქტერიებისთვის კურორტის მოწყობა არ ღირს, დაუნდობელი იყავით!

ტარზანის კანონებით – ტოტები და თითები

კბილებიდან ნადების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდი – პირში საჩვენებელი თითი ჩაიდეთ და კბილები კარგად გაიხეხეთ. ინგლისის დედოფალი ამას არ მოგიწონებთ, მაგრამ ცხოვრება მკაცრია – ან მანერები დაივიწყეთ, ან კბილების ჯანმრთელობა. თუ სადმე ანტარქტიდაში არ ხართ, შეგიძლიათ თითზე ბინტი, ქაღალდის პირსახოცი, სალფეთქი ან უკიდურეს შემთხვევაში თქვენი ტანსაცმელი დაიხვიოთ. ქსოვილის და ქაღალდის ხარჯზე კბილებს კარგად გაიწმენდთ. თუ ხელთ არაფერი გაქვთ, ტანსაცმელიც კი (ღმერთო, როგორ მოახერხეთ?!) კბილები უბრალოდ თითით დაიმუშავეთ. პირველ რიგში, ხელი კარგად დაიბანეთ, რომ პირში ინფექციები არ მოხვდეს. შემდეგ ღრძილებიდან კიდეებამდე წრიული მოძრაობით კბილები კარგად გაიწმინდეთ. კბილის უკანა ზედაპირის, ენის და ღრძილების გაწმენდა არ დაგავიწყდეთ, ამასთან სალფეთქი, ქსოვილი ან საჩვენებელი თითი შეცვალეთ (როგორც მინიმუმ ორი საჩვენებელი თითი გვაქვს).

თუ პირში თითი არ გეტევათ, უახლოესი ხე იპოვეთ და ტოტი მოტეხეთ. ასეთი მეთოდით კბილების წმენდა ბევრ ქვეყანაში დღემდე პოპულარულია – ძირითადად იქ, სადაც მოსახლეობა კბილებს უკვე 30 წლის ასაკში კარგავს. მაგრამ აქ ემოციების დრო არაა – პრობლემა სწრაფად უნდა მოაგვაროთ და ამაში მისვაკი (სივაკი) დაგეხმარებათ. ერთგვარი ხის ჯაგრისი, რომელიც არც ერთ სტომატოლოგს თვალით არ უნახავს. მას სალვადორის ხის ფესვებისა და ტოტებისგან ამზადებენ.

როგორც ამბობენ, ჯადოსნური ნივთია, რომელიც ანტისეპტიკურ თვისებას ფლობს, ღრძილებს აძლიერებს და პირიდან უსიამოვნო სუნს აქრობს. გასაოცარია, მაგრამ თანამედროვე სამყაროში სივაკის პოპულარობა არ ცხრება, არამედ პირიქით – ყოველდღე იზრდება. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, დაბალანსებული კვების და სხვა ეკო-სტილის გავრცელებასთან ერთად ხდება. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩვეულ კბილის ჯაგრისზე უარს ამბობს და კბილების წმენდის მივიწყებულ მეთოდს იყენებს.

მისი შეძენა რთული არაა – ინტერნეტში ვაკუუმის შეფუთვებში რამდენიმე ცალი  იყიდება. სივაკით კბილების გასაწმენდად ჩხირს ერთი მხრიდან ქერქი უნდა მოაშოროთ, გასუფთავებული ბოლო დაღეჭოთ და მიღებული ფუნჯით კბილები გაიწმინდოთ. ექსტრემალური წმენდისთვის გამოდგება, მაგრამ მუდმივი გამოყენების შემთხვევაში კბილები ამისთვის მადლობას ნაკლებად გეტყვით.

წინაპრების სიბრძნე და თაობების ინოვაცია

პასტა შეგიძლიათ აბრაზიული ნივთიერებებით – მარილით, სოდით, მშრალი რძით, აქტივირებული ნახშირით ჩაანაცვლოთ. მთავარია: პროდუქტი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს – წიწიბურა და ბრინჯი არ გამოგადგებათ.

მარილი არა მხოლოდ ემალს გაწმენდს, არამედ პირის ღრუს უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ. ის კარგი ანტისეპტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. თითი დაისველეთ (ან ტოტი დაღეჭეთ), პირის ღრუში წყალი გამოივლეთ და წმენდის პროცესს შეუდექით! კბილებს ძლიერად არ დააწვეთ – ასე შეიძლება ემალი და ღრძილები დაიზიანოთ. თუ მარილი ჭრილობაში მოხვდება, მინიმუმ ნახევარი საათით მწვავე შეგრძნება გარანტირებული გაქვთ.

სოდა ქიმიური შემადგენლობის წყალობით მჟავე გარემოში მოხვედრისას რეაქციას იწვევს, მიკრობებს და ნადებს რთულად მისაწვდომ ადგილებშიც (კბილებს შორის სივრცე) კი ანადგურებს. სოდის ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან კბილის ემალს სწრაფად შლის. მსხვილი, არასწორი ფორმის სოდის ნაწილები ღრძილებს აზიანებს. მარილის მსგავს ეფექტს მიიღებთ, თუმცა ისე ძლიერ არ იყვირებთ.

მშრალი რძე – ეს უკვე არა წინაპრების სიბრძნე, არამედ ჰიპერმარკეტების თაობის ეშმაკობაა. მშრალი რძე იდეალურია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე და სისხლმდენი ღრძილები აქვთ. ის ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მარილი და სოდა. ფხვნილის გაზავება საჭირო არაა – სველ თითზე დაიყარეთ და მთელი ძალით კბილების წმენდა დაიწყეთ. ბონუსი – სასიამოვნო რძის გემო.

აქტივირებული ნახშირი თავისი ქიმიური ფორმულის და აქტივირებული შემადგენლობის წყალობით ნადებს შესანიშნავად აქრობს, პირიდან უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ და ყველა მიკრობს გაანადგურებს მაშინაც კი, თუ პერიოდულად გამოიყენებთ. შეიძლება კბილები რამდენიმე ტონით ღია ფერის გახდეს. რამდენიმე აბი დაფქვით, მიღებულ ფხვნილში ჯაგრისის შემცველი ამოავლეთ და საქმეს შეუდექით.

თუ წინაპრების სიბრძნის გამოყენება გსურთ, ნახშირი პირდაპირ კოცონიდან აიღეთ. ოღონდ გაგრილება აცადეთ! სხვათა შორის, ადრე კბილებს ნაცრით იწმენდნენ. ფრთხილად იყავით – პირის ღრუ კარგად გამოივლეთ, რომ შავი ნაწილაკები კარგად მოიშოროთ.

ფლოსი და კბილის სავლები საკუთარი ხელით

ფლოსი (კბილის ძაფი) შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძაფით ჩაანაცვლოთ, მართალია სარკის გარეშე გაგიჭირდებათ. სავლები შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთით ჩაანაცვლოთ. ამას უდაბნოში ვერ იპოვით, მაგრამ იქნებ ჯიბეში გაქვთ? მისით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი და პროდუქტი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ – თუ მისი მკვეთრი სუნი და მწარე გემო არ გაწუხებთ. ჩაის ხის ზეთი კბილის ნადებს შესანიშნავად მოაშორებს, ემალს გააძლიერებს, პირის ღრუს დეზინფექციას გაუკეთებს და კბილებს დაზიანების გარეშე გაათეთრებს. ზეთით წმენდის დროს ჯაგრისი არ დაგჭირდებათ – უბრალოდ თითით კბილებში შეიზილეთ. მანამდე კბილების კარგად გამოვლება არ დაგავიწყდეთ!

სავლების კიდევ ერთი ალტერნატივა – მწვანე ჩაი შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე.

რაც მთავარია, გახსოვდეთ – ყველა ეს მეთოდი კბილების ნორმალური წმენდის ჩანაცვლებას წარმოადგენს! მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში გამოიყენეთ, ხოლო დანარჩენ, მოსაწყენ დღეებში მოსაწყენი სასარგებლო პასტა და ასევე მოსაწყენი კბილის ჯაგრისები გამოიყენეთ.