Connect with us

ყვავილები

იორდასალამის ღია ნიადაგში დარგვა და მოვლა

იორდასალამი დიდი ნათელი ალისფერი, შინდისფერი, თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი ყვავილია. მისი ფორმა სახეობის მიხედვით განსხვავდება: გაფურჩქნილი, ბუთხუზა ან ბადისებრი. ყვავილი წაგრძელებული, მწვანე ფოთლების ფონზე დიდებულად გამოიყურება.

მისი უზარმაზარი კვირტები მაისი-ივნისის პერიოდში იფურჩქნება. იორდასალამის ბუჩქი სიმაღლეში 60-80 სმ იზრდება და ყვავილობით რამდენიმე წელი გაგახარებთ. მისი გაზრდა მარტივია. უპრეტენზიო მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

იორდასალამის დარგვა

მცენარის გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი – ბუჩქების დაყოფა. ამ მიზნით 3-4 წლის, ან უფრო უკეთესი 5-6 წლის მცენარე გამოიყენეთ. ამ მეთოდით ყვავილის გასამრავლებად საუკეთესო დროა – შუა აგვისტოდან შუა სექტემბრამდე. იორდასალამი გაზაფხულზეც შეგიძლიათ დარგოთ, მაგრამ ეს უფრო რთული პროცესია და გადარგულ მცენარეს გადარჩენის დაბალი შანსი აქვს.

ადგილის შერჩევა

შემოდგომაზე მცენარის გადარგვა კარგია, რადგან მცხუნვარე ამინდები აღარაა, წვიმების პერიოდი იწყება, ყვავილობა დასრულებულია, ხოლო ფესვების სისტემა ახალი ფესვების ზრდის ხარჯზე ინტენსიურად ძლიერდება. მცენარეს ახალ ადგილზე გაფესვიანების კარგი შანსი აქვს.

გადასარგავად ღია, მზიანი ბაღის ან ბოსტნის ნაწილი შეარჩიეთ. ადგილი დარგვამდე 3-4 კვირით ადრე, წინასწარ მოამზადეთ. მცირე ორმო (1,5 ბარის პირი) ამოთხარეთ და 2/3 ნაწილი ნეშომპალის, ტორტის, ბოსტნის ნიადაგის და მდინარის ქვიშის ნარევით აავსეთ. აუცილებლად ნახევარი ლიტრი ქილა არყის ნაცარი, 1 ჭიქა ორმაგი სუპერფოსფატი და 1 ს/კ რკინის სულფატი დაუმატეთ.

იორდასალამის ბუჩქის ამოთხრა

მცენარე ძალიან ფრთხილად უნდა ამოთხაროთ. ყვავილის ფესვები გაბერილი, საკმაოდ მყიფე, ბოლქვიანია და სიღრმეში 1 მეტრამდე ჩადის, ამიტომ არ იჩქაროთ. ამ მიზნით ნიჩაბი არ გამოგადგებათ. საუკეთესო ინსტრუმენტია – ფიწალი.

ფიწლით ბუჩქის ირგვლივ საკმაოდ ღრმად მიწა მოთხარეთ, შემდეგ ორი ნიჩბით მიწიდან ყვავილი ფრთხილად ამოიღეთ. დაუფიქრებელი ქცევით იორდასალამის ფესვები შეიძლება გადატყდეს.

ზედმეტი მიწის მოსაშორებლად წყლით ნაზად გარეცხეთ. ამოთხრილი მცენარე 5-6 საათით სიბნელეში გააჩერეთ, რომ ფესვები უფრო ელასტიკური გახდეს. მწვანე ღეროები ფესვებიდან 10 სმ სიმაღლეზე გადაჭერით.

ბუჩქის დაყოფა

ახლა დროა, იორდასალამის ბუჩქი დაყოთ. ბასრი დანით ძირნაყოფი დაყავით 10-15 სმ სიგრძის ნაწილებად, რომელთაც მცირე რაოდენობის დამატებითი ფესვები და 3-4 კვირტი აქვთ. თითოეული ნაწილი ყურადღებით დაათვალიერეთ. პატარა და დამპალი ნაწილები მოაშორეთ.

დარგვამდე ფესვები რამდენიმე საათით კალიუმის პერმანგანატის ხსნარში (3 გრ 10 ლ წყალზე) მოათავსეთ, რომ ფესვების ლპობა თავიდან აიცილოთ. შემდეგ ფესვების ახალ გადანაჭერს ნახშირი მოაყარეთ და გასაშრობად 1 დღე სიბნელეში გააჩერეთ.

ღია ნიადაგში დარგვა

მცენარის გადარჩენას ფესვების ჰეტეროაუქსინის ხსნარში ამოვლება უზრუნველყოფს. მას ასე ამზადებენ: 10 ლ წყალს 2 აბი პრეპარატი, 50 გრ სპილენძის სულფატი და თიხა დაუმატეთ. აურიეთ, სანამ ხსნარი პასტის მსგავსი არ გახდება. ამის შემდეგ, ფესვები ამოავლეთ და გაშრობა აცადეთ.

ორმოში იორდასალამი ისეთ სიღრმეზე ჩარგეთ, რომ კვირტები მიწის ზედაპირიდან 3-4 სმ სიმაღლეზე იყოს. ზემოდან ფესვებს მაქსიმუმ 5 სმ ახალი ბოსტნის მიწა და ტორფი მოაყარეთ.

ყვავილის მოვლა

დარგვისთანავე უხვად მორწყეთ. მომავალში ყვავილს რეგულარული მოვლა სჭირდება: მორწყვა, მიწის გაფხვიერება, ნაადრევი კვირტების მოშორება, მავნებლების საწინააღმდეგოდ დანამვა და ა.შ.

მეორე წელს გადარგული ყვავილის ყუნწებს არ ელოდოთ. სამაგიეროდ, მომავალში უხვი ყვავილობით გაგახარებთ, უკვე მაისში გაიფურჩქნებიან. გამოსაზამთრებლად მცენარე გადაჭერით და კარგად შეფუთეთ.

გსურთ ნაკვეთზე ლამაზი ყვავილების ქონა, რომელიც არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ სასარგებლო თვისებებით გაგახარებთ? იორდასალამი დარგეთ! ის თაიგულის და სახლის აფთიაქის შესანიშნავი დანამატი იქნება!

სამკურნალო თვისებები

ლამაზი დეკორატიული თვისებების გარდა იორდასალამი სამკურნალო თვისებებითაც ცნობილია. პირველად, იორდასალამით სამკურნალო საშუალების მომზადება ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში დაიწყეს, აქედან კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

სამკურნალო მიზნით იორდასალამის ფესვებს იყენებენ. მათ შემოდგომაზე (ოქტომბერი-ნოემბერი) დარგვიდან მეორე წელს აგროვებენ. ფესვებს რეცხავენ, აშრობენ, აქუცმაცებენ და ნახარშის ან ნაყენის სახით იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.