Connect with us

კულინარია

ასკილს ჩირს სახლის პირობებში ვამზადებ და ზამთარში სასარგებლო სასმელს ვსვამ

მთელი ბავშვობა ბებია ასკილის ჩაის დალევას მაიძულებდა. როგორც მეუბნებოდა, ასე უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გავხდებოდი. ასკილზე ლეგენდაც არსებობს, რომ თითქოსდა კენკრას აფროდიტე თავის ბაღში ზრდიდა და ღვთაებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად მიირთმევდა. ასკილის ჩირს ზამთრისთვის წინასწარ ვამზადებ და ვინახავ. Alltime.ge–ს რედაქცია ასკილის ჩირის სახლის პირობებში მომზადების რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

ასკილი სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია და მათ შესანარჩუნებლად ჩირი სწორად უნდა მოამზადოთ. მოსავლის აღებისას მხოლოდ მწიფე კენკრა შეაგროვეთ. ყურადღებით იყავით და ჩირის მომზადების და შენახვის მეთოდები დაიცავით.

ასკილის ჩირი ზამთრისთვის

მოსავლის აღება და გასახმობად მომზადება

კენკრის შეგროვება აგვისტოდან იწყება და აუცილებლად პირველ ყინვებამდე მთავრდება. გაყინულ ასკილში ვიტამინების დიდი წილი იკარგება და დიდად სასარგებლო აღარაა.

მოსავლის ასაღებად მზიანი და მშრალი ამინდი შეარჩიეთ. სველ კენკრას გასაშრობად მეტი დრო სჭირდება და ეს კი მის ხარისხზე გავლენას ახდენს.

გასახმობად მსხვილი და მთელი, გაუფუჭებელი ნაყოფი შეარჩიეთ. სჯობს კენკრა ოდნავ მკვახე იყოს. უფრო რბილი და გადამწიფებული კენკრა არ გადაყაროთ, მათგან მურაბა მოხარშეთ.

კენკრის შეგროვებისთანავე ჩირის მომზადება დაიწყეთ. პროცესის დიდხანს გადადება არ ღირს, რომ კენკრა არ გაფუჭდეს.

ჩირის მოსამზადებლად კენკრას გარეცხვა არ სჭირდება. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სველი კენკრის გახმობას მეტი დრო უნდა და სასარგებლო ნივთიერებებიც იკარგება. გირჩევთ, ჯამის ფოთოლი არ მოაშოროთ. ჯამის ფოთოლი კენკრაში ვიტამინებს ინახავს და თავადაც სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ასკილის ჩირის მოსამზადებლად რამდენიმე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად:

  • გაზქურის ღუმელი
  • ელექტროღუმელი
  • ჩირის აპარატი
  • ჰაერზე გახმობა

ჩირის მომზადება გაზქურის ღუმელში

თუ სხვა ვარიანტები არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროცესი დიდხანს გრძელდება. კენკრა ღუმელში შეიძლება მეტისმეტად დიდხანს გააჩეროთ.

კენკრა ფორმაზე ერთ ფენად დააწყვეთ. ღუმელი 45-50 გრადუსამდე გაახურეთ და 8-10 საათით ახმეთ. ტემპერატურა შეგიძლიათ თანდათან (მაქსიმუმ!) 60-70 გრადუსამდე გაზარდოთ. მომზადებამდე 1 საათით ადრე ტემპერატურა კვლავ 45-50 გრადუსამდე დაწიეთ. ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ, რომ სითხე აორთქლდეს. კენკრა რომ არ დაიწვას, პერიოდულად გადაატრიალეთ.

მზადების პროცესში კენკრის ფერს ყურადღება მიაქციეთ, თუ სწრაფად გამუქდა, ტემპერატურა შეამცირეთ. მომზადების შემდეგ გაგრილებამდე ღუმელში დატოვეთ. ასე ტენიანობის და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან დაიცავთ.

ჩირის მომზადება ელექტროღუმელში

ასკილის მომზადების დრო მცირდება, მაგრამ ამასთან კენკრა სასარგებლო ნივთიერებების ნაწილს კარგავს. პროცესი უნდა აკონტროლოთ, რომ კენკრა ზედმეტად არ გამოშრეს.

40 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3-4 საათით გაახმეთ. ამის შემდეგ გახურება 2-3-ჯერ 60 გრადუსამდე გაზარდეთ. ღუმელი გამორთეთ და სრულად გაგრილებამდე მასში გააჩერეთ.

ჩირის მომზადება ჩირის აპარატში

სპეციალური ჩირის აპარატი პროცესს დიდად ამარტივებს. კენკრა აპარატის ფორმებში ერთ ფენად ჩააწყვეთ და შესაფერისი ტემპერატურა ჩართეთ. დაბალ ტემპერატურაზე მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს, მაგრამ მომზადების დრო გაიზრდება.

ჰაერზე გახმობა

ასკილის კენკრის გასახმობად ასეთი ბუნებრივი მეთოდი ყველაზე სწორია, რადგან მეტ სასარგებლო ნივთიერებას  ინარჩუნებს. თუ თავისუფალი ადგილი და დრო გაქვთ, ეს მეთოდი გამოიყენეთ.

გადარჩეული კენკრა ქაღალდზე ან ლანგრებზე დააწყვეთ და კარგად განიავებულ ადგილას დადგით. ასკილი მზის სხივებისგან საიმედოდ უნდა დაიცვათ.

ხშირად კენკრა გადაატრიალეთ, რომ თანაბრად გახმეს. ღამით სახლში შეიტანეთ. ასე ასკილის ჩირი 1-2 კვირაში მზად იქნება.

ასკილის შენახვა

მზა ასკილის ჩირი შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ. ამისთვის გამოიყენეთ ნაჭრის ტომარა, კონტეინერი ან ქილა. ქილას თავსახურის ნაცვლად მარლა დააფარეთ. ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ. არ გირჩევთ, რომ ასკილის კენკრა მაცივარში, აივანზე ან სარდაფში შეინახოთ, რადგან სწრაფად გაფუჭდება.

ყველა რჩევის დაცვით მთელი წელი გემრიელი და სასარგებლო ასკილის ჩაით ისიამოვნებთ. აუცილებლად, მოამზადეთ და ზამთარს მომზადებული შეხვდით.