Connect with us

ჰოროსკოპი

ხელისგულზე წაკითხვა დამწყებთათვის: მთავარი ხაზები და რაზე არიან პასუხისმგებელნი

გსურთ ხელისგულებზე წაკითხვა ისწავლოთ და თითოეული ხაზის მნიშვნელობა იცოდეთ? მაშინ Alltime.ge–ს დღევანდელი სტატია თქვენთვისაა. ქირომანტი ბელა ტესლა (Bella Tesla) გასწავლით, რომელი ხაზები შეიძლება იპოვოთ თქვენს ხელზე და რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

ხელისგულზე 6 მთავარი ხაზია და მათ ბევრი ადამიანის ხელზე იპოვით. როგორც წესი, ეს ხაზები ყველაზე მკაფიოა, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. რაც უფრო მკაფიო და გრძელია ხაზი, მით უფრო უკეთ ვითარდება ადამიანის ბედი. ხაზების სიგრძის, ფორმის, ერთმანეთთან კავშირის და მათზე არსებული ნიშნების მიხედვით ადამიანის ხასიათის და მისი ცხოვრების მთავარი მოვლენების განსაზღვრა შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ სწორი შედეგის მისაღებად ხაზები ცალ–ცალკე არ განიხილება. თითოეული მათგანი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს იძლევა, ხოლო სრული სურათის შესაქმნელად ხელისგულზე თითოეული ხაზის და ნიშნის ურთიერთკავშირის დადგენა აუცილებელია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რომელზეც ერთდროულად რამდენიმე ნიშანი მიგითითებთ.

სიცოცხლის ხაზი

ერთ–ერთი მთავარი ხაზი ხელისგულზე, რომელიც თითქოსდა ცერა თითს რკალავს. უფრო ზუსტად, ვენერას ბორცვის გარშემო გადის. სიცოცხლის ხაზით შეგიძლიათ განსაზღვროთ დედამიწაზე ცხოვრებისთვის გამოყოფილი წლები, ენერგიის დონე, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და არა მხოლოდ. რაც უფრო მკაფიო და გრძელია სიცოცხლის ხაზი, მით უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია და ძალა, ძლიერი ჯანმრთელობა გაქვთ. აი, ხაზზე კუნძულები მძიმე პერიოდებზე საუბრობს, რაც, პირველ რიგში, სუსტ ჯანმრთელობას უკავშირდება. ჯვრები სახიფათო სიტუაციებზე გაფრთხილებთ, პირველ რიგში, ავარია და ტრავმა იგულისხმება. თუ ასეთი ჯვარი კვადრატში მდებარეობს, კრიტიკულ სიტუაციაში მფარველი ანგელოზი გიცავთ. ყურადღება მიაქციეთ ჯვარს სიცოცხლის ხაზის დასაწყისში, ცერა თითის მხარეს – ეს ნიშანი რთულ მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ ტრავმაზე საუბრობს.

ბედის ხაზი

ბედის ხაზი სიცოცხლის ხაზთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების ხარისხზე, კარიერულ პერსპექტივებზე საუბრობს, ასევე მთავარ მოვლენებს და ბედის გარდამტეხ მომენტებს ასახავს, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და მიგრაციას. კლასიკურ ვარიანტში ბედის ხაზი ხელისგულს სწორად ცენტრში კვეთს, თუმცა სტანდარტულიდან გადახრებიც არსებობს.

ბედის ხაზის სიგრძე განსაზღვრავს, თუ რომელ ასაკამდე იქნება ადამიანი კარიერით დაკავებული. თუ თქვენი ბედის ხაზი თითამდე აღწევს, სიბერემდე იმუშავებთ. კარგი ვარიანტია, თუ ბედის ხაზი შუა თითის ქვეშ (სატურნის ბორცვთან), საჩვენებელი თითის ქვეშ (იუპიტერის ბორცვთან) ან არათითთან (მზის ბორცვთან) სრულდება. ხაზის ასეთი დაბოლოება ისეთ ადამიანებში გვხვდება, რომელთაც წარმატებული კარიერა ელით. ხაზის ფორმის და მასზე არსებული ნიშნების დახმარებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება კარიერა. ზოგჯერ ადამიანს ორი ბედის ხაზი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერას ორი მიმართულებით ააშენებს.

ბედის ხაზის დასაწყისი გეუბნებათ, თუ სად იქნება ადამიანი უფრო წარმატებული. თუ ბედის ხაზი მთვარის ბორცვიდან გადის (ხელისგულის ქვედა ნაწილი, ნეკა თითის და არათითის ქვეშ), ადამიანი თავისი დაბადების ადგილიდან რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცეს – რაც უფრო შორს წავა, მით უფრო წარმატებული იქნება კარიერაში. თუ ბედის ხაზი ვენერას ბორცვიდან მოდის (ხელისგულის ქვედა ნაწილი, ცერა და საჩვენებელი თითების ქვეშ) პირიქით, წარმატებულ კარიერას მხოლოდ იქ შექმნის, სადაც დაიბადა.

ბედის ხაზის არ ქონა კარგი ნიშანი არაა და ყველა ხაზის ანალიზი მთავარი მიზეზების და პრობლემების გამოვლენაში დაგეხმარებათ. ხაზის არ ქონა საუბრობს, რომ ადამიანის ბედი განსაზღვრული არაა. ერთი მხრივ, ასეთი სიტუაცია სასიხარულოა, რადგან გზის არჩევა შეგიძლიათ. მეორე მხრივ, ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეს ეხეთქება, თავს დაკარგულად გრძნობს, არ იცის, რა სურს, განსაზღვრა უჭირს, წარმატებულ კარიერას ვერ აშენებს და მთელი ცხოვრება სირთულეების გადალახვა უწევს. თუ სუსტი ბედის ხაზი გაქვთ ან საერთოდ არ არის გამოსახული საუკეთესო ვარიანტია იპოვოთ ვინმე, ვისაც ძლიერი ბედის ხაზი აქვს, ვინც ცხოვრებაში გაგიძღვებათ და საჭირო მხრისკენ გიბიძგებთ.

თავის (გონების ხაზი)

გონების ხაზით შეგიძლიათ განსაზღვროთ ადამიანის ინტელექტუალური უნარები, პიროვნების ტიპი, რეკომენდებული საქმიანობა, ასევე თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. თავის ხაზი ხელისგულს ცენტრში, ჰორიზონტალურად კვეთს.

გრძელი გონების ხაზი მიგანიშნებთ, რომ კარიერა ინტელექტუალური კუთხით ააგოთ (მენეჯერი, მეცნიერი, მწერალი, კომპოზიტორი და ა.შ.). ხაზი, რომელიც ხელისგულის შუა ცენტრამდე აღწევს, ნიშანს გაძლევთ, რომ ფიზიკური შრომა გამოიყენოთ (მშენებელი, მძღოლი, მოცეკვავე, დალაქი, მზარეული და ა.შ.). უდავოდ, ადამიანს შეუძლია იმუშავოს იქ, სადაც საჭიროდ თვლის. საკითხავია, იქნება თუ არა წარმატებული, შეძლებს ნორმალურად ფულის გამომუშავებას და შედეგის მიღებას? სწორი შრომის არჩევით შესაძლებლობას კარს გაუღებთ, ხოლო იმ საქმიანობით, რომელიც არ შეგეფერებათ, წარმატებას ბლოკავთ.

გულის ხაზი

გულის ხაზი ხელისგულის ზედა ნაწილს ჰორიზონტალურად კვეთს. ის განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, სასიყვარულო საქმეებს, განცდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გულის აქტივობას უკავშირდება.

გულის ხაზის არ არსებობა მიგანიშნებთ, რომ ადამიანი სასტიკი და გულგრილია. მისგან თავი შორს დაიჭირეთ! ხაზზე წყვეტილები გულის პრობლემებზე საუბრობს, სხვა ხაზებთან კომბინაციის მიხედვით საქმე შეიძლება ურთიერთობას ან ჯანმრთელობას ეხებოდეს. მოკლე ხაზი ეგოიზმზე საუბრობს. ხაზი, რომელიც სატურნის ბორცვს ეყრდნობა (შუა თითის ქვეშ, არა შორს) მატყუარა და სიყვარულში მოღალატე ადამიანს ააშკარავებს. აი, ხაზი, რომელიც იუპიტერის ბორცვზე (საჩვენებელი თითის ქვეშ) გადის ან საჩვენებელ და შუა თითებს შორის მთავრდება – სხვა საქმეა, განსაკუთრებით გაყოფილი ბოლოთი, ამ ადამიანს წრფელი და ძლიერი სიყვარულის განცდა უწერია! ჯაჭვური ხაზი მიგანიშნებთ, რომ ადამიანი საპირისპირო სქესს ერთგვარი ზიზღით ეპყრობა. თუ გულის ხაზი თითებთან ძალიან ახლოსაა, ეჭვიან, მაგრამ ვნებიან ადამიანს შეხვდით. არასდროს დაფიქრებულხართ, რა გავლენას ახდენს ეს ხაზი თქვენსა და თქვენს პარტნიორზე?

მერკურის (ჯანმრთელობის) ხაზი

მერკურის ხაზი ადამიანის საქმიან უნარებს და სხვებთან კომუნიკაციის უნარებს ავლენს, ასევე მის ჯანმრთელობას ააშკარავებს. ეს ხაზი ხელისგულის ქვედა ნაწილის სხვადასხვა წერტილიდან იწყება და ნეკა მხარეში გადადის. აღსანიშნავია, რომ ეს ხაზი ყველას არ აქვს.

ხაზის არ ქონა ან სუსტი გამოვლენა ნიშანს გაძლევთ, რომ რისკზე არ წახვიდეთ და ფული საკუთარ ბიზნესში არ ჩადოთ, რომლის ხელმძღვანელობას თავად აპირებთ, დიდი ალბათობით წააგებთ. თუ სხვა კარიერული ნიშნები წესრიგშია, კარიერულ წარმატებას სხვებზე მუშაობით მიაღწევთ. თუ მერკურის ხაზი მკაფიო და გრძელია, საკუთარი წარმატებული ბიზნესის პოტენციური ბედნიერი მფლობელი ხართ.

მზის (წარმატების) ხაზი

მზის ხაზი ცხოვრებაში წარმატების მთავარი ნიშანია. ზუსტად ის ხაზი, რომელიც აღიარების უმაღლეს დონეს განსაზღვრავს და გიჩვენებთ, რამდენად გაქვთ შანსი ცნობადი ადამიანი გახდეთ. ამ ხაზს ყველა ხელზე ვერ იპოვით. ის ვერტიკალურად მდებარეობს და განსხვავებული სიგრძის შეიძლება იყოს.

მისი გააქტიურების პერიოდი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ პერიოდზე მიგანიშნებთ. ზოგისთვის ეს ახალგაზრდობაა, სხვებისთვის – მოწიფული ასაკი, ვიღაცისთვის – მთელი ცხოვრება! იდეალური მზის ხაზი ცნობილი ადამიანების ხელისგულებზე გვხდება. თუმცა მისი არ ქონა არ ნიშნავს, რომ წარმატებულ კარიერას ვერ ააგებთ, რადგან სიმდიდრისთვის აუცილებელი არაა ცნობილი გახდეთ.