Connect with us

თავის მოვლა

როგორ შევიღებოთ თმა სახლში და მარტივად მოვიშოროთ საღებავის ლაქები? სუპერ რჩევები პროფესიონალებისგან

ყველაზე ნაზი თმის საღებავიც კანზე მოხვედრისას ლაქას ტოვებს და ზოგჯერ გაღიზიანებას იწვევს. დღეს გიამბობთ, როგორ მოვიშოროთ ან უფრო უკეთესი თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები შეღებვის დროს.

როგორ მოვიშოროთ ლაქა თმის ზრდის ხაზთან

თუ კანზე საღებავი მოგხვდათ, დაუყონებლივ თბილი წყლით მოიწმინდეთ – ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. საკმარისია, პიგმენტი კანზე რამდენიმე წუთით დარჩეს, რომ შესამჩნევი კვალი დატოვოს. თუ დაუყონებლივ ვერ შენიშნეთ, ლაქის მოშორების 3 გამოცდილი მეთოდი არსებობს:

  • ნატურალური ან კოსმეტიკური ზეთი. ბამბის დისკი ზეთში დაასველეთ და დასვრილ ზონაზე ნაზად წაისვით, თმის ძირებს მოერიდეთ. ძლიერ არ გაიხეხოთ, 10-15 წუთში ზეთი პიგმენტს კანიდან ამოიღებს და საღებავის კვალი გაქრება;
  • ურჩი საღებავის მოშორებას სალიცილის და გლიკოლის მჟავის სახის სკრაბით შეძლებთ. კანი ძლიერ არ გაიხეხოთ და დაიზილოთ, უბრალოდ წაისვით და მჟავის მოქმედებას დაელოდეთ. კანი ისედაც გაღიზიანებულია და გახეხვა არ ღირს.
  • სამედიცინო სპირტი. საკმაოდ უხეში, მაგრამ მოქმედი მეთოდია, რომლის გამოყენებაც მგრძნობიარე კანზე არ შეიძლება. ბამბის დისკი სპირტით დაასველეთ და ლაქას წაუსვით. ჩვეულებრივ, პიგმენტი სწრაფად ქრება.
  • 3% წყალბადის ზეჟანგი. საღებავის მოშორება წყალბადის ზეჟანგით სცადეთ. ჩვეულებრივ, ეს საშუალება გაღიზიანებას არ იწვევს, თუ კანს ზედმეტად არ გაიხეხავთ.

როგორ გავიწმინდოთ თავის კანი

საღებავი თავის კანზე უცილობლად ხვდება და თითქოსდა არაფერი, მაგრამ ეს კანის სიმშრალეს და აქერცვლის მიზეზი ხშირად ხდება. ამასთან ახალი თმის ფერი არაბუნებრივად გამოიყურება, თუ თავის კანი შეღებილია. აქ, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – თავის კანის სკრაბი. აირჩიეთ ის, რომელიც მჟავას და სპირტს არ შეიცავს, კანი ნაზად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. ეცადეთ, მხოლოდ კანზე იმოქმედოთ და შეღებილ თმის ძირებს არ შეეხოთ.

როგორ მოვიშოროთ საღებავის ლაქები ხელებიდან და ფრჩხილებიდან

აქ, საქმე გაცილებით მარტივადაა – ხელის კანი ისეთი ნაზი არაა, როგორც სახის კანი, და შეგიძლიათ უფრო ძლიერი საშუალება გამოიყენოთ.

  • დღეს ხელის ანტისეპტიკი სახლში ყველას აქვს. კანი ანტისეპტიკით და ბამბის ჩვრით გაიწმინდეთ.
  • თუ უკვე ძველი ლაქაა, ხელი ჭურჭლის სარეცხი საშუალების და სოდის ნარევით დაიბანეთ. ასეთი „სკრაბი“ ლაქას მოგაშორებთ და კანს არ გამოაშრობს – შემდეგ ხელის კრემის წასმა არ დაგავიწყდეთ.
  • ფრჩხილებიდან ლაქის მოშორებას აცეტონით შეძლებთ. თუ პიგმენტი კუტიკულაში უკვე ჩაჯდა ან ფრჩხილების კუთხეები შეღებილია – მხოლოდ დრო გიშველით.

როგორ ავიცილოთ თავიდან საღებავის კანზე მოხვედრა

უფრო უსაფრთხოა, კანი საღებავისგან დაიცვათ. ეს რთული, მაგრამ რეალურია, თუ ქვემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ.

  • პოტენციურად „სახიფათო“ ნაწილებზე ნებისმიერი ცხიმიანი კრემი ან ვაზელინი წაისვით – შუბლი, საფეთქლები, ყურები, ყელი და კეფა. ეცადეთ, თმაზე არ წაუსვათ, რადგან მასზე პიგმენტი არ გაჩერდება.
  • ამავე ზონებზე შეგიძლიათ ჰიგიენური პომადა ან უფერო ტუჩის ბალზამი წაისვათ.
  • კანზე ნებისმიერი ნატურალური ზეთის წასმა ლაქისგან დაგიცავთ – იქნება ეს ქოქოსის თუ მზესუმზირას ზეთი.
  • კრემის ნაცვლად შეგიძლიათ თმის კონდიციონერი გამოიყენოთ. ის კანს ლაქებისგან დაიცავს. საკმარისია, საშუალების თხელი ფენა თმის ზრდის ხაზზე წაისვათ.
  • ხელები შეგიძლიათ ხელთათმანებით დაიცვათ. სილიკონის ხელთათმანი გამოიყენეთ – გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია.

კანზე ზრუნვა საღებავის მოშორების შემდეგ

მაშინაც კი, თუ კანზე აშკარა გაღიზიანება არ ჩანს, საღებავის კომპონენტები თავის კანს აშრობს და აზიანებს. გარდა ამისა, ფერს სპირტის და მჟავის შემცველი საშუალებით ვიშორებთ. გასუფთავებულ კანზე მკვებავი და აღმდგენი კრემი აუცილებლად წაისვით.

არავითარ შემთხვევაში არ გაიხეხოთ კანი ნაკაწრების გაჩენამდე – საღებავის ლაქა ერთ კვირაში თავისით გადავა. სჯობს დაელოდოთ, ვიდრე კანზე ქერქით იაროთ.

Advertisement