Connect with us

თავის მოვლა

რატომ არის სასურველი ტუტე აბაზანის მიღება კვირაში ერთხელ

ადამიანის ორგანიზმში მჟანგავი პროცესები მუდმივად ხდება, რის გამოც თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება. ისინი ორგანიზმის მდგომარეობაზე დამღუპველ გავლენას ახდენენ, იმუნიტეტს ასუსტებენ, სიბერის პროცესს აჩქარებენ, ტვინის, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არღვევენ. ბევრს სმენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველად, მაგრამ ყველამ არ იცის, რა გავლენას ახდენს ტუტე აბაზანა მჟანგავ პროცესებზე.

ასეთი პროცედურები ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, პრობლემური კანის დროს გვეხმარება და განწყობას აუმჯობესებს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გამაჯანსაღებელი ტუტე აბაზანა სახლის პირობებში.

ტუტე აბაზანა სახლის პირობებში

ტუტე აბაზანა სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი აბაზანა საკვები სოდის და ზღვის მარილის დამატებით. წყალში გაზავებული სოდა ტუტე გარემოს ქმნის, რაც ორგანიზმიდან ტოქსინებთან ერთად მჟავებს გამოდევნის.

მჟანგავი პროცესების შენელების ხარჯზე სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და იმუნური სისტემა ძლიერდება.

თუ კოსმეტოლოგიის სფეროში ასეთი აბაზანების მიღებაზე ვსაუბრობთ, პროცედურები ფრჩხილებს აძლიერებს, კანს ათეთრებს, პიგმენტურ ლაქებს და ცელულიტს აქრობს, ასევე პრობლემურ კანს ებრძვის.

როგორ მოვამზადოთ ტუტე აბაზანა

სახლის პირობებში პროცედურის ჩასატარებლად აბაზანა თბილი წყლით აავსეთ და 500 გრ ზღვის მარილი დაუმატეთ. 200 გრ სოდა 1 ლ ცხელ წყალში გახსენით და აბაზანას დაუმატეთ. პირველად, ასეთი აბაზანა 10-15 წუთით მიიღეთ. თანდათან დრო გაზარდეთ, კანის რეაქციას დააკვირდით.

აუცილებელი არაა პროცედურა სრულყოფილი აბაზანის მიღებით დაიწყოთ. ხელის და ფეხის აბაზანაც კანსა და მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

ტუტე აბაზანაში გვირილას ნახარშის დამატებით პრობლემურ და აკნესკენ მიდრეკილ კანს დაეხმარებით. 100 გრ ხმელ გვირილას ყვავილებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ნახარში თერმოსში დააყენეთ და ტუტე აბაზანას დაუმატეთ. ასეთი აბაზანა 15-20 წუთით მიიღეთ.

ეფექტის გასაძლიერებლად ტუტე აბაზანს შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. მაგალითად, ციტრუსი ანტიცელულიტურ ეფექტს აძლიერებს, ხოლო ღვიის ან გრეიფრუტის ზეთი ორგანიზმის დეტოქსში დაგეხმარებათ.

ჩვეულებრივ, სოდის აბაზანას ყოველ მეორე დღეს იღებენ, კურსი – მაქსიმუმ 10-20 აბაზანა. შემდეგ უნდა შეისვენოთ. როგორც ნებისმიერ სამკურნალო პროცედურას, ტუტე აბაზანასაც უკუჩვენებები აქვს. თუ ამ გამაჯანსაღებელი მეთოდით დაინტერესდით, კურსის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.