Connect with us

ჯანმრთელობა

შავი შოკოლადი, როგორც მხსნელი დიაბეტის და წნევის დროს: 4 მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი

ბოლო დროს შოკოლადის სარგებლობაზე თემა უჩვეულოდ აქტუალური გახდა. მრავალი კვლევის შედეგად ამ პროდუქტს „სუპერ საკვები“ უწოდეს. ნამდვილად ასეა? Alltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ რა იმალება მეცნიერების სერიოზული განცხადებების მიღმა.

შოკოლადი, როგორც „ღმერთების საკვები“ და რას ამბობენ მეცნიერები მის სარგებლობაზე

იცით თუ არა, რომ ერთ დროს შოკოლადს ღმერთების საკვებს უწოდებდნენ? ამ ტკბილეულის გემოს წინაშე გაძლება თითქმის არავის შეუძლია. თუ ჯანსაღ კვებას მხარს უჭერთ, ალბათ, შაქრის მაღალი შემცველობის გამო შოკოლადის შეზღუდვის სურვილი არაერთხელ გქონიათ.

თუმცა კვების ექსპერტები ირწმუნებიან, რომ შავი შოკოლადის ზომიერი მიღება ჯანმრთელობის გაძლიერებას ხელს უწყობს. გიამბობთ რიგ სამეცნიერო კვლევებზე, რომელთა შედეგები განმარტავს, რატომ შეგვიძლია საყვარელი შოკოლადით ვისიამოვნოთ და დანაშაულის გრძნობამ არ შეგვაწუხოს.

შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებები

1. შავი შოკოლადი გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს

შავი შოკოლადი გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ერთ–ერთი კვლევა, რომელიც the American Heart Journal–ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ თუ კვირაში 90-180 გრ შოკოლადს მიირთმევთ, გულის უკმარისობის ალბათობა 18%–მდე შემცირდება.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (BMJ) გამოქვეყნებული სხვა კვლევა აჩვენებს, რომ შოკოლადის ინგრედიენტებს მოციმციმე არითმიის თავიდან აცილება შეუძლია.

დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 4-12 ნატეხ შოკოლადს ჭამენ, მოციმციმე არითმიის განვითარების რისკი 20%–ით შეუმცირდათ მათთან შედარებით, ვინც შოკოლადს თვეში ერთხელ ჭამს. ყველაფერი მარტივია: შოკოლადი გულის ნორმალური რითმის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

მკვლევარები მიღებულ შედეგებს შემდეგნაირად ხსნიან: კაკაოს მარცვლები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს იცავენ, მაგნიუმს, რომლის დეფიციტიც გულსისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. დამატებით, შოკოლადს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შოკოლადში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები სისხლის შედედებას არეგულირებენ.

2. შავი შოკოლადი არტერიულ წნევას ამცირებს

40-ზე მეტი კლინიკური კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ჰიპერტონიის დროს შავი შოკოლადის ყოველდღიური მიღება სისტოლურ წნევას 4 მმ. ვწყ. სვ–ით ამცირებს. შედარებისთვის, ანტიჰიპერტონული პრეპარატები სისტოლურ წნევას 9 მმ. ვწყ. სვ–ით ამცირებენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფლავონოიდები, რომელთაც შოკოლადი უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა პროდუქტები, სისხლძარღვებს აფართოებს. შედეგად, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და წნევა მცირდება.

3. შავი შოკოლადი დიაბეტის განვითარების ალბათობას ამცირებს

2018 წელს კლინიკური დიეტოლოგიის ევროპულ ჟურნალში 150 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით სამეცნიერო დასკვნა გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ მათ, ვინც კვირაში მინიმუმ 70 გრ შოკოლადს მიირთმევდა, მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 10%–ით შეუმცირდათ.

შოკოლადში შემავალი უჯრედისის განსაკუთრებული სახეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც პრებიოტიკი ანუ სასარგებლო ბაქტერია, რომელიც ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ეს ბაქტერია აწარმოებს ნივთიერებას, რომელიც ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდის.

4. შავი შოკოლადი გონებრივ აქტივობას ზრდის

სამეცნიერო ჟურნალში Journal Appetite გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც შოკოლადს მიირთმევენ, კოგნიტური უნარების ტესტებში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ისინი, ვინც შოკოლადს საერთოდ არ ჭამენ.

მეთილქსანტინი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას, აზრობრივ პროცესებს ზრდის და განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

სხვა კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულებს, რომლებიც შოკოლადს რეგულარულად მიირთმევენ, საუკეთესო შედეგები აქვთ ტესტებში, რომლებიც ტვინის დაავადებების, მაგალითად, ჭკუასუსტობის დიაგნოზისთვის გამოიყენება.