Connect with us

კულინარია

ფიჭვის გირჩების მურაბა შაქრით „ცბიერი ექიმბაში“

„ფიჭვის მურაბით დათვსაც კი გავუმასპინძლდები!“ – ამას ვღიღინებ ყოველდღე, როცა ფიჭვის გირჩების მურაბის მორიგ ქილას ვხსნი. ბებიამ ამ სასარგებლო ტკბილეულის შემოდგომა–ზამთრის სეზონზე ჭამას ბავშვობიდან მიმაჩვია: ბავშვებს – ჩაის კოვზით, უფროსებს – სუფრის კოვზით. სწორედ ამიტომ, ავად იშვიათად ვხვდები, ხოლო სურდოს დროს რამდენიმე დღეში უკეთ ვხდები. ყოველ გაზაფხულს ტყეში გირჩების მოსაკრეფად მივდივარ. მურაბას ბევრს ვაკეთებ, რადგან ავად გახდომა არ მსურს.

ფიჭვის გირჩების მურაბა

დღეს ფიჭვის გირჩების მურაბის შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ. მურაბა შესანიშნავი ზოგადი გამაძლიერებელი, ვიტამინებით მდიდარი საშუალებაა. ამასთან, იმუნიტეტს ზრდის და ორგანიზმს რესპირატორულ ინფექციებთან და სისუსტესთან გამკლავებაში ეხმარება.

პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1 ს/კ მურაბას (ბავშვებს 1 ჩ/კ) საუზმემდე 20 წუთით ადრე ჭამენ. ავადმყოფობის დროს 1 ს/კ დღეში 3-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე. მოთენთილობის, გამოფიტვის ან საერთო სისუსტის დროს ჩაის შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ მურაბა დაუმატოთ.

გირჩების მურაბა უკუჩვენებულია თირკმლების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების დროს, ორსულებისა და 6 წლამდე ბავშვებისთვის.

მნიშვნელოვანი კითხვა: როდის შევაგროვოთ ფიჭვის გირჩები? ეს საგაზაფხულო ბუნიობიდან (20 მარტი) საზაფხულო ნაბუნიობამდე (21 ივნისი) უნდა გააკეთოთ. საუკეთესო დრო შესაგროვებლად – მაისის დასაწყისი და შუა რიცხვები.

ახალგაზრდა და მწვანე გირჩები შეაგროვეთ! ის სიგრძეში მაქსიმუმ 4 სმ უნდა იყოს, დანით ადვილად უნდა იჭრებოდეს ან ფრჩხილით ადვილად უნდა ჩაჩხვლიტოთ. გირჩები მოკრეფისთანავე უნდა გადაამუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაშ გამუქდება და გაფუჭდება.

მომზადებამდე გირჩებს წყალი დაასხით და გამდინარე წყალში გარეცხეთ, რომ მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ. მურაბა შეგიძლიათ ნებისმიერ ჭურჭელში მოხარშოთ, მაგრამ დაბალ ტემპერატურაზე (80-90 გრადუსი), წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩები გაიშლება. 2 კგ გირჩებიდან 1,5-2 ლ მზა პროდუქტი გამოდის. ახლა უშუალოდ რეცეპტზე გადავიდეთ.

ინგრედიენტები:

  • 80 გირჩი (ზუსტად 800 გრ)
  • 1,5-2 ლ წყალი
  • 1-1,5 კგ შაქარი

მომზადება:

1. გირჩები გარეცხეთ და წყალი დაასხით ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. ისეთი ჭურჭელი შეარჩიეთ, რომ სითხემ გირჩები ბოლომდე დაფაროს.

2. გირჩები წყალში 40 წუთით ხარშეთ, შემდეგ 10-12 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სამ ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ (ეს საჭიროა იმის გასაგებად, თუ რამდენი შაქარი დაგჭირდებათ), გირჩები არ გადაყაროთ!

3. 1 ჭიქა ნაყენზე 1 ჭიქა შაქარი გამოიყენეთ. სიროფი სუსტ ცეცხლზე 1,5 საათით ხარშეთ.

4. მომზადებამდე 20 წუთით ადრე მურაბას გირჩები დაუმატეთ, 1,5 ქილაზე 8-12 ცალი გირჩა.

5. მზა მურაბა მშრალ, სტერილურ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

6. მურაბის გემო მოტკბო–მომჟავო, ოდნავ თაფლის მსგავსია, მაგრამ გამოხატული წიწვის გემოთი და არომატით.

თუ მურაბის მოხარშვის დრო არ გაქვთ, ახალი ფიჭვის გირჩები შუაზე გაჭერით და თაფლი დაასხით. ამისთვის ყველაზე უკეთ აკაციის და ცაცხვის თაფლი გამოგადგებათ. ქილა ფანჯრის რაფაზე დადეთ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ მოახვედროთ. ყოველდღე სიროფი შეანჯღრიეთ, ის 2-3 თვეში მზად იქნება.

შემდეგ სითხე გადაწურეთ, თავად გირჩები გადაყარეთ. მიღებული სიროფი მაცივარში შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ.

თქვენი ჯანმრთელობის გაძლიერებას დღესვე მიხედეთ! სამკურნალო მურაბის რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!