თავის მოვლა
ტოპ 6 ვიტამინი სილამაზის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც დაახლოებით 2 მ² ფართობი აქვს. მას მუდმივად კვება სჭირდება, თან არა მხოლოდ კრემების და შრატების წასმით, არამედ შიგნიდან გამოკვებით. პირველ რიგში, მკვებავი ნივთიერებები დერმის ყველაზე ღრმა ფენას სჭირდება, სადაც კოსმეტიკური საშუალებები ვერ აღწევს და სადაც მეტაბოლური პროცესები ხდება, რაც კანის ზედაპირს განსაზღვრავს.
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ სასარგებლო ვიტამინების შესახებ, ასევე კანის მდგომარეობის და დერმატოლოგიური პრობლემის გათვალისწინებით ვიტამინების შერჩევის წესზე.
6 ყველაზე სასარგებლო ვიტამინი კანისთვის
სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ყველაფერში ბალანსია საჭირო, მათ შორის ვიტამინების და მინერალების მიღებისას. ვერ ვიტყვით, რომ კანს მხოლოდ 3-5-10 ნივთიერება სჭირდება და დანარჩენი არა. თუმცა ქვემოთ მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო მკვებავი ნივთიერებები, რომელთა დეფიციტიც ხშირად გვხდება, რაც კანის ცვლილებებს სწრაფად იწვევს.
A ვიტამინი
რეტინოლი – ახალგაზრდობის მთავარი მკვებავი ნივთიერება, რომელიც ნაოჭების გაჩენას აფერხებს, სახის ფერს ათანაბრებს, ტონუსს და კანის ზედაპირის მოქნილობას ზრდის. ეპიდერმისის განახლებას სტიმულირებს, ამიტომ ამ ნივთიერების საკმარისი რაოდენობით მიღებისას კანი დიდხანს ბზინვარე და გლუვი დარჩება.
B2 ვიტამინი
რიბოფლავინი ენერგეტიკულ ცვლასა და რეგენერაციის პროცესებში მონაწილეობს, ეპიდერმისის და დერმის უჯრედების განახლებას სტიმულირებს. ნუტრიენტი აუცილებელია ჭრილობების შესახორცებლად, ნაკაწრების და ანთების სამკურნალოდ. ეგზემის და სხვა დერმატოლოგიური პრობლემის განვითარების რისკს ამცირებს. რიბოფლავინის ნორმალური დონე ტუჩის კუთხეებში ნახეთქების გაჩენისგან დაგიცავთ, კანის აქერცვლას და სიმშრალეს ხელს უშლის.
B9 ვიტამინი
ფოლიუმის მჟავას სილამაზის ვიტამინს ტყუილად არ უწოდებენ, რადგან კანს ულტრაიისფერი სხივებისა და არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობებისგან იცავს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აღდგენის პროცესებს აჩქარებს. მკვებავი ნივთიერება ცილების და კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს, ამიტომ კანის მოქნილობას ზრდის და ნაადრევი ნაოჭის გაჩენას აფერხებს.
C ვიტამინი
ასკორბინის მჟავა ერთ–ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს. ნივთიერება წვრილ სისხლძარღვებს აძლიერებს, როზაცეის რისკს ამცირებს, სიწითლეს და კანის ზედაპირის ანთებას ამცირებს. ასკორბინის მჟავა პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლებს და პოსტაკნეს ნაკლებად ხილულს ხდის.
E ვიტამინი
ალფა ტოკოფეროლი ცხიმში ხსნადი მოლეკულაა, რომელიც ეპიდერმისის ზედაპირზე დამცავ ლიპიდურ მანტიას აღადგენს, კანს სიმშრალისა და აქერცვლისგან იცავს. როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი უჯრედულ მემბრანებს იცავს, სიბერეს ანელებს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში მსუბუქი ლიფტინგის ეფექტი აქვს.
K ვიტამინი
ამ მკვებავი ნივთიერების შესახებ ცოტა იციან, თუმცა სწორედ ის არის პასუხისმგებელი კანის კაპილარების ჯანმრთელობაზე. ვარსკვლავური სისხლძარღვების გაჩენას ხელს უშლის. K ვიტამინი თვალების ქვეშ მუქ წრეებს ამცირებს, ლოყებზე და ცხვირის კიდეებზე სიწითლეს ხელს უშლის, როზაცეის დროს გვეხმარება.
გამონაყარის და კანის სხვა ნაკლოვანების დროს ვიტამინების მიღება განსაკუთრებით აქტუალურია. დამტკიცებულია, რომ ამ ნივთიერებებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ, მნიშვნელოვანი ფერმენტების მუშაობას ხელს უწყობენ, ეპიდერმისის უჯრედებს ნეგატიური გარე ზემოქმედებისგან იცავენ.
სწორად შერჩეული ბიოდანამატები სამკურნალო კოსმეტიკის ეფექტს ზრდიან და მოკლე დროში კანის აღდგენას ხელს უწყობენ.
სპეციალისტები გირჩევენ ნუტრიენტების არჩევას ინდივიდუალურად მიუდგეთ:
- სიწითლის და გაფართოებული სისხლძარღვებისკენ მიდრეკილების დროს: C, K, P ვიტამინები;
- აქერცვლისკენ მიდრეკილი მშრალი კანის დროს – A, E და B ჯგუფის ყველა ვიტამინი;
- ჰიპერპიგმენტაციის და პოსტაკნე ლაქების დროს – ასკორბინის მჟავა;
- ცხიმიანი კანის, გამონაყარის დროს – A, C, E ვიტამინები, მიკროელემენტები (თუთია, გოგირდი);
- ჩამოწელილი კანის დროს, ნაადრევი სიბერის პრევენციისთვის – რეტინოლი, ომეგა მჟავები, დასალევი კოლაგენი.
კანის სილამაზის და ახალგაზრდობის დიდხანს შესანარჩუნებლად ყველა მკვებავი ნივთიერება გვჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები. ნივთიერების მიღება შეიძლება ორი გზით: კვების პროდუქტებიდან და დანამატებიდან. სამწუხაროდ, დიეტა სასარგებლო კომპონენტების დღიური ნორმის 100%–ს ყოველთვის არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში დაბალანსებული ბიოდანამატები მიიღეთ.